ჯონ ბრენდონი ბიზნეს ჟურნალ INC-ის მიმომხილველია. მას ყოველდღიურად ასობით მეილთან აქვს შეხება და როგორც თავის წერილში აღნიშნავს მათი უმეტესობა მოსაწყენი და სრულიად უსარგებლოა, რაღაც ნაწილი კი შედარებით მსუყე ინფორმაციის მატარებელი და ყურადღების მიმქცევი. ბრენდონის აზრით სწორად გაკეთებული შესავალი, სულ მცირე მისი ბოლომდე წაკითხვის და შემდგომი წარმატების საწინდარია.
თუ გსურთ თქვენი წერილი ბოლომდე წაიკითხოს ადრესატმა და შრომა წყალში არ ჩაგეყაროთ, ჯონ ბრენდონი გვირჩევს, მეილი შემდეგი ფრაზებით დავიწყოთ:
“კარგი ამბავი მაქვს…”
ყველას უყვარს კარგი ამბების კითხვა, რატომ არ უნდა ახაროთ მეილის მიმღებს, რომ ის ამ შეტყობინებით დადებით ინფორმაციას მიიღებს? როგორც ჟურნალისტიკაში იტყვიან: “ნუ დაასამარებთ ლიდს”.
“მე თქვენთვის პასუხი მაქვს”
დაიწყეთ შეტყობინება დასტურით, იმით რომ თქვენ იპოვნეთ დასმულ კითხვაზე პასუხი. შესაძლოა დიდი ხნის წინ დასმულ კითხვაზე გაქვთ პასუხი, მაგრამ ცნობისმოყვარეობა აუცილებლად უბიძგებს ადრესატს ბოლომდე წაიკითხოს მეილი.
“გულახდილი ვიქნები”
ეს ფრაზა თავის თავში გულისხმობს რომ საუბარი კონკრეტულ, ზუსტ საკითხზე იქნება ყოველგვარი ქვეტექსტის გარეშე. ეს დაგეხმარებათ, რადგან როგორც წესი ზომაზე მეტი ზოგადი საკითხი თავ-გზას უბნევს ადამიანებს.
“ჩვენ ეს გადავაგორეთ”
ეს შესავალი ფრაზა პოზიტიურია, ის კარგი წინამორბედია, როდესაც საუბარი ერთობლივი პროექტის ან ბიზნესის საქმიანობაზეა.
“სასწრაფოდ”
ეს “ძველი სკოლის” ტაქტიკაა, შეტყობინების დასაწყისში მისი გამოყენება, ადრესატს წერილისთვის ყურადღების მიქცევას აიძულებს.
“ნება მიბოძეთ მოგიბოდიშოთ”
ეს უკანასკნელი ფრაზა მოქმედებს! ის მიმღებს აცნობს რომ წერილი არა მის გასაკიცხ ტექსტს შეიცავს, არამედ პირიქით, თქვენსას.
“თქვენი დღე გაუმჯობესდება”
პოზიტიური ინფორმაციის გადაცემის არაერთი გზა არსებობს, მაგრამ ეს ერთ-ერთი საუკეთესოა. სამუშაო შეიძლება დამღლელი და მოსაწყენი იყოს,ხოლო როდესაც შეტყობინებაში მის გახალისებას გპირდებიან — ეს ძალიან კარგია.
“მე დავასრულე კვლევა თქვენთვის”
თუ თქვენ მეილს ამ ფრაზით დაიწყებთ, მას აუცილებლად მიაქცევენ ყურადღებას, რადგან ადრესატს, მისთვის სასარგებლო, ზუსტი და დამხმარე ინფორმაციის მიღების მოლოდინი ექნება.
“ჭორები გამართლდა”
შეიძლება გაიფიქროთ: რა? ჭორები? დიახ, მაგრამ ეს ხერხიც ამართლებს, ამით მეილის მიმღებს აცნობებთ, რომ ირგვლივ რაღაც განსაკუთრებული და ღირებული ამბავი გავრცელდა, თქვენ კი ამის დადასტურება შეგიძლიათ. თანაც ვის არ აინტერესებს ჭორ-მართალი?!
“გიბრუნდებით თქვენ”
ეს მარტივი ტექნიკაა, ხშირად გამოყენებულიც, მაგრამ მუშაობს. ადრესატის პირველი ფიქრი იქნება: მე მიბრუნდება? კი მაგრამ რა საკითხთან დაკავშირებით? ის აუცილებლად გააგრძელებს წერილის კითხვას.
ახლა თქვენ იცით ის ფრაზები, რომლებიც თქვენ მეილს უყურადღებოდ არ დატოვებს, მოარგეთ ისინი ლოგიკურად თქვენ შეტყობინებას და დაელოდეთ პასუხს.
წყარო: kaizenist.com; Business Insider