3/25/2011

გიფიქრიათ რეალური ცხოვრებიდან გაცევაზე?

-- ძალიან დავიღალე. ბოლო დღეებია ნორმალურად არ მძინავს, იმიტომ რომ რაც არ უნდა დავისვენო, დავიძინო, ქვეცნობიერად მაინც ვნერვიულობ და დაძაბული ვარ – დასტრესული ვარ ერთი სიტყვით (ეგეთი სიტყვა თუ არსებობს ქართულში). ესე მაშინ მემართება, როდესაც ბევრი საქმე მაქვს. ისიც უთქვამთ ჩემთვის – ბევრი საქმე რომ გაქვსო იბნევი, ღიზიანდები და აღარ იცი რას მოკიდო ხელიო. შეიძლება ეგრეც არის, მაგრამ საქმე ისაა, როდესაც ყველა საქმე ერთნაირად მნიშვნელოვანია, მიჭირს გადაწყვეტილების მიღება თუ რომლიდან დავიწყო და ხშირად დაბნეული ვშტრედები… ეხლაც ეგრეა.. ათასი რამე გავაკეთე დილის 9-დან გადარბენაზე ვარ და მაინც ათი ათასი დამრჩა გასაკეთებელი… და ძალიან დავიღალე… ძალიან მეძინება… – ადრე ავდექი საუზმე უნდა ვჭამო -მეთქი (რომელსაც არ ვჭამ ხოლმე),მაგრამ ვერ მოვიცალე … …და ხვალ ყველაფერი ისე რომ არ წავიდეს, როგორც დავგეგმე, ან რომ დავინახო, რომ რაღაც ვერ გავითვალისწინე და დაგეგმვა მივაკელი – ძალიან ახლოს მივიტან გულთან … და კარგა ხანი მეყოფა სადარდებლად … ასეთ მომენტებში ვოცნებობ ქსეროქსის აპარატზე, რომელიც ადამიანებს დააკოპირებს. ჩემს ასლს გავაკეთებდი. ჩემი-ასლი იდარდება ყველა წვრილმანზე, დაგეგმავდა, შეამოწმებდა… მე კი… ორიგინალი – ვიყიდდი დიდ შოკოლადს.მოვიმზადებდი რაიმე გემრიელ ყავას და გავიხიზნებოდი ტყეში პიკნიკზე… პიკნიკზე საკუთარ თავთან და სამყაროსთან…მინდორზე გავშლიდი ჩემს კუბიკებიან ლურჯ-მწვანე ადიალას.
     დავწვებოდი ტანით მიწასთან, ხოლო გონებით ცასთან ახლოს და დავტკბებოდი ღრუბლების ჰაეროვანი პეიზაჟით…. მოვუსმენდი ჩიტების ჭიკჭიკს, ქარის ცეკვას ხეების ფოთლებზე… დავმშვიდდებოდი. იქნება, იქ მაინც ვიპოვო ჩემი სიმშვიდე, რომელიც უკვე რახანია ძებნაშია…
    იქნებ, ასე მაინც გავექცე – დროებით, მაგრამ მიანც გავექცე- ყველაფერს ამქვეყნიურს, მძიმეს, პასუხისმგებლობას რომ ითხოვს, მხრებზე რომ მაწევს, ფურცლებზე რომ წერია TO DO LIST-ის ერთერთ პუნქტად და წითლად ანათებს… ვიცი, ვიცი ყველაფერი ვიცი… მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა… უსაქმურობა მტრისას, მაგრამ, ხომ შეიძლება მოძრაობამ ხანდახან დაგღალოს… მეც მხოლოდ ეგ მინდა – 1 დღით გაქცევა ამ ყველაფრისგან… რათა შემდეგ მოძრაობას ისევ მხნედ დავუბრუნდე… ახლა თბილისში 13:00  საათი ხდება… ჩემს კაბინეტში მზის შუქი დიდად არ აღწევს ხოლმე, მაგრამ მოპირდაპირე შენობის ფანჯრებმა აირეკლეს ჩამავალი მნათობის სხივები და პირდაპირ სახეზე მეცემიან… თვალებს დავხუჭავ ცოტა ხნით და რადგან ადამიანებისათვის ქსეროქსის აპარატი ჯერ არ გამოუგონებიათ, იქნებ, მზის ამ სხივებში, თუნდაც 10 წუთით ვპოვო ჩემი შვება…

Комментариев нет: