2/04/2017

ბიოგრაფია: ერეკლე II (1720-1798)-(ვიდეო)

  ქართლ–კახეთის მეფე ერეკლე II ცნობილი სახელმწიფო მოღვაწე, რომელმაც ერთხელ კიდევ აღადგინა ქვეყნის ძლიერება და პრესტიჟი, საამაყო წინაპართა მსგავსად მრავალი გამარჯვება მოიპოვა რიცხვმრავალ მტერზე და ლეგენდად იქცა, დაიბადა თელავში 1720 წლის 7 ნოემბერს. იყო თეიმურაზ II–ისა და თამარ დედოფლის (ვახტანგVI–ის ასული) შვილი. პირველი საბრძოლო ნათლობა 15 წლის ასაკში მიიღო, როდესაც ლეკთა მარბიელი რაზმების წინააღმდეგ ბრძოლაში უსარდლა ჯარს. ხალხი სიყვარულით ეპყრობოდა უფლისწულს და მოფერებით „პატარა კახს“ ეძახდა. აღმოსავლეთ საქართველო ამ დროს ირანის მფობელობაში იყო და ამიტომ, ერეკლე ნადირ–შაჰმა თან წაიყვანა ინდოეთის ლაშქრობაში. მართალია მძევლად ჰყავდათ, მაგრამ ისეთ ნიჭიერ სარდალთან ყოფნით, როგორიც ნადირ–შაჰი იყო, უფლისწულმა დიდი გამოცდილება მიიღო.
1632 წლიდან თითქმის ასი წლის მანძილზე ქართლის ტახტზე ქრისტიანი მეფე არ ასულა. 1745 წლის 1 ოქტომბერს კი სვეტიცხოველში თეიმურაზ II ქრისტიანული წესით ეკურთხა მეფედ. ეს თავისთავად ქართული პოლიტიკის დიდი გამარჯვება იყო, მითუმეტეს, რომ თეიმურაზი ქართლის მეფედ, ერეკლე კი კახეთის მეფედ დაამტკიცეს. მამა–შვილი ერთად, შეხმატკბილებული მართავდა ქვეყანას.


 შაჰმა 1747 წელს ერეკლე კვლავ თავისთან დაიბარა. თათბირზე გადაწყდა, რომ ირანში თეიმურაზი წავიდოდა, რადგან ის გამოცდილი დიპლომატი იყო. წასვლის წინ მან ქართლი ერეკლესა და აბდულა–ბეგს (იესეს ძეს) ჩააბარა. ამით თეიმურაზი ცდილობდა აერიდებინა კონფლიქტი მათ შორის, მაგრამ მისი ვარაუდი არ გამართლდა. აბდულა–ბეგმა ქართლის ტახტზე პრეტენზია განაცხადა და ერეკლეს დაუპირისპირდა. ერეკლემ დაამარცხა აბდულა–ბეგი, 1748 წელს თბილისი გაანთავისუფლა და იქ ქართველი მეციხოვნეები ჩააყენა. ამავე წელს ქართლ-კახეთმა უკანასკნელი ხარკი გადაუხადა ირანს.
თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II–ის ძალაუფლება სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. მათ მფარველობა სთხოვეს: ერევნის, განჯისა და ნახიჩევანის ხანებმა. მამა–შვილმა ჭარის შემოერთებაც გადაწყვიტა, ჯერ ერთი ჭარი ქართული ტერიტორია იყო და მეორეც, მისი დაკავებით დაღესტნელთა შემოსევების ალაგმვა გაცილებით გაიოლდებოდა. სამწუხაროდ, შაქი–შარვანის ხანის აჯი–ჩალაბის ღალატის გამო ქართველებმა 1751 წელს მარცხი იწვნიეს.
ამასობაში თეიმარაზსა და ერეკლეს ახალი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. ეს იყო სამხრეთ ადარბადაგანის (აზერბაიჯანის) მფლობელი ახატ–ხანი, რომელიც ირანის შაჰობაზეც კი აცხადებდა პრეტენზიას. 1751 წელს ყირბულახთან (ერევნის მახლობლად) ერეკლემ 3 ათასი ქართველით 18 ათასიანი მტრის ჯარი დაამარცხა. გამარჯვება ბრწყინვალე და შთამბეჭდავი იყო. აზატ–ხანმა ზავი ითხოვა. 1752 წელს განჯასთან ბრძოლაში აჯი–ჩალაბმა ქართველები კვლავ დაამარცხა. ამ მარცხმა თეიმურაზისა და ერეკლეს ავტორიტეტი შეარყია. საჭირო იყო გადამწყვეტი ღონისძიებების გატარება: გაიგზავნა ელჩობა რუსეთში, დაიქირავეს ჩერქეზთა ჯარი. მართალია, რუსეთმა დახმარებაზე თავი შეიკავა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, 1752 წლის სექტემბერში აჯი–ჩალაბი სასტიკად დამარცხდა. მიღწეული წარმატებების ფონზე გადაუჭრელი რჩებოდა „ლეკიანობის“ პრობლემა. ნურსალ–ბეგის მეთაურობით წარმოებული ორი ბრძოლა მჭადიჯვართან და ყვარელთან დაღესტნელთა სასტიკი მარცხით დამთავრდა და ამან კახეთის მოსახლეობას ლეკთა თარეშისაგან ამოსუნთქვის საშუალება მისცა. მიუხედავად ამისა, ქართლ–კახეთს ძლიერი მოკავშირე სჭირდებოდა, რომ მიღწეული შეენარჩუნებინათ. ამ მიზნით, თეიმურაზ II რუსეთში გაემგზავრა, სადაც მალევე, 1762 წელს გარდაიცვალა. ერეკლემ ქართლ–კახეთი გააერთიანა და მას შემდეგ, რაც ირანის შაჰს ქერიმ–ხან ზენდს მისი მეტოქე აზატ–ხანი დატყვევებული გაუგზავნა, მეფობა დაიმტკიცა.
მეფის მტკიცე ხელი, ქსნისა და არაგვის საერისთავოების გაუქმება, ბატონყმური ურთიერთობების რეგლამენტაცია, თავადთა შორის უკმაყოფილებას იწვევდა. მათ გადაწყვიტეს მეფის წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობა და ტახტზე ვახტანგVI-ის უკანონო შვილის პაატა ბატონიშვილის დასმა, მაგრამ შეთქმულება გამჟღავნდა და ერეკლემ დარბაზის საგანგებო სხდომა მოიწვია, რომელმაც დამნაშავეებს სასტიკი განაჩენი გამოუტანა. მკაცრი სასჯელი მაგალითი უნდა ყოფილიყო მეფის მოწინააღმდეგეებისათვის.
1768 წელს დაიწყო რუსეთ–თურქეთის ომი. ერეკლემ გადაწყვიტა ესარგებლა ამით და თურქეთისგან მიტაცებული მიწები დაებრუნებინა, ამიტომ რუსეთის ჯართან ერთად, რომელსაც გენერალი ტოტლებენი სარდლობდა ახალციხისკენ დაიძრა, თუმცა 1770 წლის 19 აპრილს ასპინძის ციხესთან ტოტლებენმა მიატოვა ერეკლე და ქართლში დაბრუნდა. ერეკლემ მარტომ შეძლო მტრის დამარცხება, მაგრამ იძულებული გახდა თავადაც ქართლში დაბრუნებულიყო. ამის მიზეზი გენერლის საქმიანობა გახლდათ, რომელიც დაუკავშირდა ერეკლეს მოწინააღმდეგე თავადებს, დაიწყო ციხეების დაკავება და ხალხის დაფიცება რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე. ერეკლემ აღკვეთა მისი ქმედება, თუმცა საეჭვოა, რომ ტოტლებენის მთელი ეს საქმიანობა მხოლოდ მისი პირადი ინიციატივა ყოფილიყო.
უშედეგოდ დამთავრდა 1772 წელს კათალიკოს ანტონ I–ისა და მეფის ძის ლევან ბატონიშვილის რუსეთში ელჩობაც. რუსეთის ჯარის საქართველოში ყოფნამ არანაირი სარგებელი არ მოუტანა ქვეყანას, თუმცა ერეკლე მიხვდა რეგულარული ჯარის მნიშვნელობას და 1774 წელს გადაწყვეტილება მიიღო მორიგე ჯარის შექმნის შესახებ. მეფის ამ ინიციატივას სათავეში ჩაუდგა ლევან ბატონიშვილი, მაგრამ 1781 წელს იგი მოულოდნელად გარდაიცვალა. უფლისწულის გარდაცვალებამ, შექმნილმა მძიმე საგარეო პოლიტიკამ, ერეკლე მიიყვანა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ საბოლოოდ დაკავშირებოდა რუსეთის იმპერიას. რუსეთი თავის მხრივ უაღრესად დაინტერესებული იყო ამ საკითხით, თუმცა რუსეთის დიპლომატიამ საქმე ისე წარმოაჩინა, რომ ხელშეკრულების ინიციატორი ერეკლე იყო. 1783 წლის 24 ივლისს ჩრდილო–კავკასიის ციხესიმაგრე გეორგიევსკში მფარველობით ტრაქტატს ხელი მოეწერა. იგი ითვალისწინებდა ბაგრატიონთა ტახტის შენარჩუნებას, საქართველოს საშინაო საქმეებში ჩაურევლობასა და ომიანობის შემთხვევაში მის დახმარებას, მაგრამ რუსეთი არც მაშინ დახმარებია საქართველოს, როცა 1783 წელს ომარ–ხანი შემოესია და არც მაშინ როცა აღა–მაჰმად–ხანმა კრწანისის ბრძოლაში სასტიკად დაამარცხა ქართველები და თბილისი გადაწვა. 75 წლის მეფე თავგანწირვით იბრძოდა. შვილიშვილებმა იგი ძლივს გაარიდეს ბრძოლის ველს.
მარცხმა მძიმედ იმოქმედა, როგორც პირადად მეფეზე, ასევე მის სამეფოზეც. 1798 წლის 11 იანვარს ერეკლე II თელავში, თავის სასახლეში იმ ოთახში გარდაიცვალა რომელშიც დაიბადა. მგლოვიარე ერმა მისი ცხედარი სვეტიცხოველში დაკრძალა.
დოკუმენტური ფილიმი:



ერეკლე II

კახეთის მეფე 1744-1762 წლებში, ქართლ-კახეთის მეფე 1762-1798 წლებში. თეიმურაზ II-სა და თამარ დედოფლის (ვახტანგ VI-ის ასული) შვილი. დაიბადა 1720 წლის 7 ნოემბერს. პირველი საბრძოლო ნათლობა 15 წლის ასაკში მიიღო. როდესაც ლეკთა მარბიელი რაზმების წინააღმდეგ ბრძოლაში უსარდლა ჯარს. 1737-1739 წლებში იმყოფებოდა ნადირ შაჰის კარზე და მონაწილეობა მიიღო ინდოეთზე ლაშქრობაში. 1744 წელს თეიმურაზ II ქართლის მეფე გახდა, ხოლო ერეკლე II კახეთისა. 1747 წელს თეიმურაზ II ირანში წავიდა. წასვლის წინ მან ქართლი ერეკლესა და აბდულა-გებს (იესეს ძეს) ჩააბარა. აბდულა-ბეგმა ერეკლეს ბრძოლა დაუწყო. კახთ ბატონმა მოახერხა მოწინააღმდეგის დამარცხება. 1748 წელს ერეკლემ თბილისი გაანთავისუფლა ირანელთაგან და იქ ქართველი მეციხოვნეები ჩააყენა. 1749 წელს თეიმურაზი ქართლში დაბრუნდა. მართალია, ქართლი და კახეთი დამოუკიდებელი სამეფოები იყო, მაგრამ მამა-შვილი შეთანხმებულ პოლიტიკას ატარებდნენ და ფაქტიურად აღმოსავლეთ საქართველო ერთიანი იყო. იმავე წლის შემოდგომაზე, თეიმურაზსა და ერეკლეს თარაქამების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება სთხოვა ერევნის ხანმა. ქართველებმა გაიმარჯვეს ბრძოლაში და ერევნის სახანო ქართლ-კახეთის მფარველობაში შევიდა. მალე ანალოგიური ნაბიჯი გადადგა ნახიჩევანის სახანომაც. 1750 წელს თეიმურაზმა და ერეკლემ დაამარცხეს ყარაბაღის მმართველი ფანა-ხანი. 1751 წელს ქართლისა და კახეთის გაერთიანებული ჯარი ჭარის დასამორჩილებლად დაიძრა. 15 თებერვალს მდ. აგირ-ჩაის ნაპირზე ქართველები დამარცხდნენ, გამარჯვება შაქის ხანს ჰაჯი-ჩალაბს დარჩა. იმავე წლის ივლისში, ყირბულახთან. ერეკლემ 3000-კაციანი ლაშქრით დაამარცხა აზატ-ხანის 18000-ანი ჯარი. აზატ-ხანი, რომელიც ირანის შაჰობასაც კი უმიზნებდა. იძულებული გახდა ზავი დაედო ერეკლესთან. 1752 წელს. განჯასთან ბრძოლაში ქართველები კვლავ დამარცხნენ. ამ მარცხმა თეიმურაზისა და ერეკლეს ავტორიტეტი შეარყია. ამიერკავკასიაში მათი პირველობა საეჭვო გახდა. საჭირო იყო სასწრაფო გადამწყვეტი ღონისძიებების გატარება. სამთვიანი მზადების შემდეგ, 1752 წლის 1 სექტემბერს, თულქითაფასთან ბრძოლაში ერეკლემ სასტიკი მარცხი აგემა ჰაჯი-ჩალაბს. მისი ლაშქარი მთლიანად განადგურებული იქნა. ერეკლემ და თეიმურაზმა კვლავ აღადგინეს თავისი გავლენა აღმოსავლეთ ამიერკავკასიაზე.
მალე ქართლისა და კახეთის სამეფოებს ახალი საფრთხე დაემუქრათ. გააქტიურდნენ ლეკები, რომლებიც უფრო და უფრო აძლიერებდნენ თავის მარბიელ ლაშქრობებს. 1754 წელს ხუნძახის ბატონი ნურსალ-ბეგი დიდი ჯარით შემოიჭრა ქართლში. მჭადიჯვართან ბრძოლაში ერეკლემ დაამარცხა მოწინააღმდეგე. 1755 წელს ნურსალ-ბეგმა კახეთიდან სცადა შემოჭრა და ყვარლის ციხეს შემოარტყა ალყა. ერეკლე ამჯერადაც გამარჯვებული გამოვიდა ბრძოლიდან.
1756-1757 წწ. ლეკებმა რამდენჯერმე ილაშქრეს ქართლ-კახეთში, მაგრამ ყოველთვის დამარცხებულები ბრუნდებოდნენ უკან. 1758 წელს თეიმურაზ II-მ, ერეკლე II-მ და სოლომონ I-მა ხელშეკრულება დადეს ურთიერთდახმარების შესახებ. 1759 წელს ლეკთა 8000-ანი ჯარი, კოხტა ბელადისა და ჩონჩოლ-მუსას მეთაურობით, გადმოვიდა საქართველოში ს. ატოცთან და დვანის ციხესთან ერეკლემ მარცხი აგემა მტერს. ამ ბრძოლაში ქართლისა და კახეთის მეფეებს სოლომონ I ეხმარებოდა. 1762 წელს პეტერბურგში გარდაიცვალა თეიმურაზ II. ქართლის სამეფო მემკვიდრეობით ერეკლე II-ს ეკუთვნოდა და მანაც ორივე სამეფო გააერთიანა. ამ დროიდან მოყოლებული ერეკლე გაერთიანებული ქართლ-კახეთის მეფეა. ქართლის თავადების ნაწილი ერეკლეს წინააღმდეგი იყო და მათ შეთქმულების მოწყობა განიზრახეს. ქართლის მეფედ მათ ვახტანგ VI-ს უკანონო შვილი პაატა უნდოდათ. 1765 წელს ერეკლემ შეიტყო შეთქმულების შესახებ და მოწინააღმდეგეები სასტიკად დასაჯა. იმავე წელს ერეკლე II-მ გამოსცა ბრძანება, რომლითაც ტყვეობიდან თავისით თავდახსნილი გლეხი თავისუფალი ხდებქოდა და ბატონს მასზე ხელი აღარ მიუწვდებოდა.
1768 წელს დაიწყო რუსეთ-თურქეთის მორიგი ომი. ერეკლე II-მ (ისევე, როგორც სოლომონმა) გადაწყვიტა ჩაბმულიყო ომში რუსეთის მხარეზე. თუკი ეს უკანასკნელი დამხმარე ჯარს გამოაგზავნიდა საქართველოში. 1770 წლის აპრილში ერეკლე (7000 კაცით) ტოტლებენი (1200 კაცით) ახალციხისკენ დაიძრნენ. მაგრამ 19 აპრილს, აწყურის ციხესთან, ტოტლებენმა მიატოვა ერეკლე და უკან დაბრუნდა ქართლში. ერეკლეს მარტოს მოუწია მტრის წინააღმდეგ ბრძოლა. 20 აპრილს ქართველებმა ასპინძასთან სასტიკად დაამარცხეს თურქეთის ჯარი. ტოტლებენის ღალატის გამო ერეკლე იძულებული იყო უკან დაბრუნებულიყო და შეეწყვიტა წარმატებით დაწყებული ლაშქრობა. 1771 წელს ერეკლემ ხერთვისის ციხე აიღო. 1772 წელს ერეკლე II-მ ელჩობა გაგზავნა რუსეთში ანტონ I კათალიკოსისა და თავისი ვაჟის – ლევანის მეთაურობით (ელჩები 1774 წელს დაბრუნდნენ საქართველოში). 1773 წელს ერეკლე II-მ და სოლომონ I-მა აღადგინეს ურთიერთშორის დადებული ხელშეკრულება.
1774 წელს ერეკლემ გამოსცა ბრძანება “მორიგე ჯარის” დაწესების შესახებ. ამან საშუალება მისცა მეფეს, ყოველთვის მზად ჰყოლოდა 5000 მოლაშქრე. “მორიგე ჯარის” მისი შვილი ლევან ბატონიშვილი მეთაურობდა. 1778 წელს ქართლ-კახეთის მეფემ განჯის მმართველი – ფათ ალი-ხანი დაამარცხა სასტიკად. 1779-1780 წლებში ერეკლეს რამდენიმეჯერ მოუწრია ლაშქრობა ერევნის სახანოს კვლავ დასამორჩილებლად. 1782 წლის 21 დეკემბერს ერეკლე II-მ ოფიციალური თხოვნით მიმართა რუსეთის საიმპერატორო კარს ქართლ-კახეთის სამეფოს მფარველობაში მიღების შესახებ. 1783 წლის 24 ივლისს, გეორგიევსშკი, ხელი მოეწერა ტრაქტატს რუსეთსა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის. 2 ნოემბერს თბილისში რუსეთის ორი ბატალიონი შემოვიდა.
1784 წელს ქართველთა და რუსთა გაერთიანებულმა ჯარმა ჭარს შეუტია და ლეკები დაამარცხა. 1785 წლის სექტემბერში ავარიის მმართველმა ომარ-ხანმა 20000-ანი ჯარით ქართლ-კახეთი დალაშქრა. ერეკლემ ვერ შესძლო სათანადო წინააღმდეგობა გაეწია მტრისათვის და იძულებული გახდა, ომარ-ხანისთვის ფული გადაეხადა. რათა ამ გზით დაეხსნა თავი მისი შემოსევებისაგან. 1786 წელს ერეკლემ სამშვიდობო ხელშეკრულება დადო ახალციხის ფაშა სულეიმანთან. იმავე წელს, 18 დეკემბერს, საგარეჯოში გაიმართა დიდებულთა თათბირი, რომელზეც განხილული იყო საგარეო ორიენტაციის გადასინჯვის საკითხი. 1789 წლის იანვარში ერეკლე შეხვდა ალი-ხანს. მათ გაინაწილეს გავლენის სფეროები და გადაწყვიტეს შეთანხმებულად ემოქმედათ ერთობლივი მტრის – აღა-მაჰმად-ხანის წინააღმდეგ. თავისი მოღავწეობის ბოლო პერიოდში ერეკლე მეფემ რიგი სერიოზული შეცდომა დაუშვა, რაც მის სამშობლოს ძვირად დაუჯდა. 1790 წელს ერეკლეს ესტუმრნენ იმერეთის სამეფოს წარმომადგენლები: დოსითეოს ქუთათელი, ევქთიმე გაენათელი, ზურაბ წერეთელი, სეხნია წულუკიძე და სხვები. ისინი სთხოვდნენ მეფეს იმერეთის შეერთებას ქართლ-კახეთის სამეფოსთან. მეფემ დარბაზი მოიწვია ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის გადასაწყვეტად. რამდენიმე დღე მიმდინარეობდა კამათი მომხრეებსა (გიორგი ბატონიშვილი, დავით ორბელიანი, ჭაბუა ორბელიანი, ანტონ კათალიკოსი) და მოწინააღმდეგეებს (იოანე მუხრან-ბატონი) შორის. საბოლოოდ მეფემ განაცხადა, რომ ის ვერ შემოიერთებდა იმერეთის სამეფოს და ვერ წაართმევდა ტახტს თავის შვილიშვილს დავით არჩილის ძეს (მომავალ სოლომონ II იყო ერეკლეს ასულის, ელენეს, შვილი). ამ საკითხის გადაწყვეტაში მთავარი მაინც ის იყო, რომ იმერეთი თურქეთის გავლენის სფეროს წარმოადგენდა და მისი შემოერთებით ერეკლე მკვეთრად გაიუარესებდა ურთიერთობას პორტასთან (თანაც ეს იმ დროს რუსეთის, რომლის მფარველობაშიც უკვე იყო ქართლ-კახეთი, ინტერესებში არ შედიოდა). 1790 წელს დაიდო “ტრაქტატი ივერიელთა მეფეთა და მთავართაგან დამტკიცებული, საზოგადოსათვის შეერთებისა ქართლისა, კახეთისა, იმერთა, ოდიშისა და გურიისა”. 1791 წელს ერეკლე II-მ შეცვალა ტახტის მემკვიდრეობის წესი – მამიდან უფროს ძეზე გადასვლის ნაცვლად, მან ბრძანა ტახტის ძმიდან ძმაზე გადასვლა. 1792 წელს ერეკლე მეფემ, თავისი ბრძანებით, შვილებს დაუნაწილა სამეფო ქონება და გამოუყო საუფლისწულოები. 1794 წლს ირანის ტახტი დაიკავა აღა- მაჰმად-ხანმა, რომელმაც საქართველოს დამორჩილება გადაწყვიტა და საამისოდ სამხედრო სამზადისს შეუდგა. 1795 წლის ივნისში ქართველთა ჯარმა (ალექსანდრე ბატონიშვილის სარდლობით) დაამარცხა ერევნისა და შუშის სახანოების დასამორჩილებლად გაგზავნილი აღა-მაჰმად-ხანის ლაშქარი. სექტემბრის დასაწყისში აღა-მაჰმად-ხანი თბილისისაკენ დაიძრა. 10 სექტემბერს სოღანლუღთან ბრძოლაში ირანელები დამარცხნენ. მაგრამ მეორე დღეს, 11 სექტემბერს, გადამწყვეტ ბრძოლაში 5000-მა ქართველმა ვერ შეძლო 35000-ანი მტრის არმიის დამარცხება. 75 წლის მეფე ბრძოლის ველიდან შვილმა, იოანე გიორგის ძემ, ძალით გაიყვანა. მარცხმა მძიმედ იმოქმედა, როგორც პირადად მეფეზე, ასევე მის სამეფოზეც. (რუსებს, რომელთაც “გეორგიევსკის ტრაქტატით” საქართველოს დახმარების ვალდებულება ჰქონდათ აღებული, ხელიც კი არ გაუნძრევიათ, მათ აწყობდათ ქართლ-კახეთის სამფოს დასუსტება).
1798 წლის 11 იანვარს ერეკლე II თელავში გარდაიცვალა. მხცოვანი მეფე სვეტიცხოველში დაკრძალეს.

"გააგრძელე საქართველოს ისტორია" http://1tv.ge/videos/tvshow/183