პროგრესის შიში ყოველთვის არაა სულელური ფობია. ჩვენს წინაპრებს მეხის შედეგად გაჩენილი ცეცხლისა ეშინოდათ და არცთუ უსაფუძვლოდ. კი, სხეულს ათბობდა, მაგრამ ვინაიდან დისტანცირება ჯერ არ ესწავლათ, ერთი-ორი მათი თანაგამოქვაბულელი საფუძვლიანად აშიშხინდა ამ მოგიზგიზე წითელ მასაში.
ღმერთი კი მთლად ისეთი პრადვინუტიც ვერ გამოდგა, რომ მეხისთვის ინსტრუქციებიც მოეყოლებინა.
გავიდა დრო და ადამიანებმა ისწავლეს ცეცხლთან გამკლავება, ხვნა-თესვა, მრავალპროფილიანი სექსი, თმის დავარცხნა, მოკვლა, სადღეგრძელოები, ტყუილი... დაამარცხეს სტიქია, ქოლერა, დაამარცხეს იმპერიები, მეტ-ნაკლებად _ რასიზმი და გენდერული დისკრიმინაცია... მაგრამ ცივილიზაციის პიკზეც კი ვერაფერი მოუხერხესშიშს...
ამასობაში შიშის სუნი აღმოაჩინეს მეცნიერებმა.
როგორც ბრიტანელი სპეციალისტები ამტკიცებენ, `შიში არათუ განიცდება, უკვე მისიშეყნოსვაც შეგვიძლია.” ერთ-ერთ უცხოურ საიტზე მთელი გვერდები აქვს ამ, ერთი შეხედვით, სენსაციურ მასალას დათმობილი.
რამე რო იყოს, მავანი მწერალი (კოდური სახელით: პატრიკ ზუსკინდი) ამ ამბავზე ცხელ-ცხელ რომანს დაწერდა, სათაურად `სუნამოსაც” დაარქმევდა და დიდ ტირაჟსაც `დაარტყამდა”. რომანის პერსონაჟი smellmaker-ია (სუნთმქმნელი?). როგორია?
ბესტსელერის სუნი მცემს.
მოკლედ: ადამიანებში გამოიყოფა სპეციფიკური სუნის მქონე ქიმიური ნივთიერება, რომელიც პირდაპირ შიშის ზარს სცემს ნებისმიერს, ვინც მას შეიყნოსავს. ხომ არიან ადამიანები, რომლებიც ყველაში შიშს იწვევენ. მაგალითად, თავის დროზე სტალინი, ჰიტლერი... ბრიტანელ მეცნიერებზე დაყრდნობით თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ორი ტირანის სხეული ჭარბად გამოყოფდა იმ სურნელს, რომელსაც ეს-ესაა “შიშის სურნელი” ეწოდა. არადა, სულაც არ ყოფილა “ცუდი” სუნი, პირიქით.
ცუდი სურნელი კონტრკულტურშიკ ჯ.ჯ. ალენთან მოვიკითხოთ, მის სანახავად მოსულ ათასობით მაყურებელს საკუთარ ექსკრემენტებს რომ ესროდა. არადა, მაყურებელთა აღფრთოვანებული რეაქციების გათვალისწინებით, ექსკრემენტის სუნი სულაც არ ყოფილა საშიში. შიშს იმდენად ბანალური სუნი აქვს, რომ კეთილგანწყობასაც კი აღძრავს თურმე.
შიშის სურნელი შეიქმს სიყვარულსო...
ჰოდა, წარმოიდგინეთ, რომ ეს სურნელი თქვენს ხელშია, სულ რაღაც ორიოდე ფლაკონი დამთელი მსოფლიო თქვენ ფეხებთანაა გართხმული... მასობრივი ისტერიები, ტოტალური ფსიქოზი, ყოველდღიური რევოლუციები, უწყვეტი დეპრესიები, ცნობიერების შტურმი, მართვადი შიში...
ატომური ბომბი ხომ სათამაშოსავით გამოიყურება ასეთ ძლევამოსილ იარაღთან. მოკლედ, ძალიან, ძალიან საშიში რამეა.
აკრძალეს კიდეც. აკრძალეს, როგორც უკიდურესად სასტიკი და ანტიჰუმანური იარაღი.
გავრცელებული აზრით, შიში, ეს არის თავისებური რიტუალი, რომელიც მიმდინარეობსცნობიერების ყველაზე (!) ღრმა და დაფარულ შრეებში.
ამავე დროს, შიში არის გრძნობა, რომელიც ცხოვრების ნებისმიერ მონაკვეთშიუზრუნველყოფს ჩვენს წინსვლას.
წარმატებული ადამიანი ესაა შეშინებული ადამიანი.
უძლიერესი უკრაინელი მოკრივე კლიჩკო ამბობს: `თუ რინგზე გასვლის წინ არ მეშინია, ესეიგი, ბრძოლას წავაგებ. რაც უფრო მეშინია, მით უფრო იზრდება შანსი, მოწინააღმდეგეს დედა მოვუტყნაო.”
შიში არის ადამიანის მესამე ფეხი.
შეშინებული ადამიანები ქმნიან კომერციულ იმპერიებს, ჰოლივუდის ფეისებს, ნავთობგიგანტებს, `დონ კიხოტს,” `თუნუქის დოლს”, შეშინებული ადამიანები გადიან რინგზე მათზე უფრო შეშინებულ ტაისონთან ან ჰოლიფილდთან, შეშინებული ადამიანები უწყვეტად გვესაუბრებიან შიშზე, როგორც სამარცხვინო მოვლენაზე.
შიშის, როგორც რიტუალის კლასიფიცირება, უძველესი დროიდან დაფიქსირდა სხვადასხვა ეთნოკულტურაში. ჰელოუინი, ჭიაკოკონობა, ვალპურგის ღამე... ეს ყველაფერი არის შიშის გამოწვევის ხალხური მცდელობები.
რამდენიმე ენციკლოპედიური ტიპის ცნობა:
ვალპურგის ღამე, რომელიც წარმართული სახალხო დღესასწაულია, ფორმალური თვალსაზრისით დიდად არ განსხვავდება, ვთქვათ, ჰელოუინისაგან. ამ გერმანულინაციონალური ზეიმის ფარგლებშიც `სატანისტები” და `მისტიკოსები” ასე ვთქვათ, ორგიებს აწყობენ. ორთოდოქსებს საქმე რომ გავუიოლო, ბარემ აქვე ვიტყვი, რომ `სატანის ეკლესია”სწორედ ვალპურგის ღამეს შეიქმნა.
ჰელოუინი კი კელტური წარმართული დღესასწაულია. ჯადოქრების, ეშმაკებისა და სხვა ბოროტი სულების ფორმაში ჩაცმული ადამიანები. ადამიანისთვალპირიანი გოგრები, საზარელი ისტორიების მოყოლა, მძიმე მუსიკა, გოთიკა... ბოროტი სულები `ფრთხებიან...”
ეს დღესასწაულები სატანიზმთან იმდენადაა შორს, რამდენადაც _ თავად სატანიზმი. უცნაური რამე ვთქვი, თითქოს, მაგრამ საქმე უფრო მარტივდაა. სინამდვილეში, დღევანდელი სატანიზმიც რიტუალია, უმანკო თამაშია, რომელშიც აქტიურად ერთვებიან ექსტრემისმოყვარულები, სნობები, გადამდგარი `ცერეუშნიკები”, ათეისტები, მორწმუნეები, მემარცხენე ინტელექტუალები, გეები, კონტრკულტურშიკები...
ჭეშმარიტად ქართული ჰელოუინი (ჭიაკოკონა) არის შიშის გამოწვევის ძალიან საინტერესო რიტუალი. გამხმარი ტოტების ან საბურავების ცეცხლზე ხტუნვა, რომელიც საკუთარ შიშზე გადაბიჯებას გულისხმობს, სპეციალური შელოცვები, რომელიც თითქოს ბოროტ სულებს კინწისკვრით აგდებს ჩვენი არსებიდან. ესეც (ჰელოუინის მსგავსად) ბოროტი სულების განდევნის წარმართული რიტუალია.
და თუ არსებითი მსგავსება არსებობს ქართულ წარმართულ და უცხოურ წარმართულ რიტუალებს შორის, მაშინ რატომ არ დევნიან მათ გრუზინი `მართლმორწმუნეები?!” მგონი,ეს ყველაზე რთული კითხვაა, რაც ამ ესეში დავსვი. თუმცა, სავარაუდო პასუხი ალბათ ასეთი იქნება: როგორც ყოველივე ქართული, ქართული სატანიზმიც `წმიდა არს.”
თბილისი. ჰელოუინის პირველად აღნიშნვა. `სატანურად” ეკიპირებული ახალგაზრდობა, მძიმე მუსიკა, მძიმე ჰაერი, სიონიდან გალობა ისმის... დიჯეი გაჰკივის დაშიფრულ ფრაზებს... ფართი ხურდება... სახეგაღებილი გოგოები თამამად იქნევენ განიერ ტაკუნებს.
და აი, სცენაზე ჩნდება წმინდა მრისხანებით აღჭურვილი მღვდელი, რომელსაც გვერდს უმშვენებენ სქელკისერა ბოდიგარდები... განვედ, ურჯულოვ... მეე?! ჯვარს ნუ მირტყამ, მამაო, თავი მეტკინება... ჩხუბი... მღვდელმა კარატე იცის... დაგერხა, სატანავ!
სინამდვილეში, ექსტრემისტი მღვდელი და მისი სქელკისერა ბოდიგარდები ებრძოდნენსაკუთარ შიშს... და დამარცხდნენ.
(ამ `საკრალური რაზბორკის” ამსახველი კადრები `ჩვენი ექსპრესის” რეპორტიორმა ბესო კაპჭელაშვილმა დააფიქსირა, მაგრამ ტელევიზიამ დაბლოკა. აქაც შიში...)
აგრესია სუსტების არგუმენტია.
მოდი, გავიხსენოთ ისეთი ფაქტები (ჰელოუინის გარდა), როდესაც შიშთან ბრძოლაში ადამიანი უმოწყალოდ მარცხდება.
არსებობს `მოსიარულე მიცვალებულის” სინდრომი. ასეთი დაავადებით შეპყრობილებს სჯერათ, რომ ისინი რახანია გარდაიცვალნენ და ახლა მოსიარულე მუმიები არიან, მათ აშინებთ გახრწნილი მიცვალებულის სუნი, რომელიც ჰგონიათ, რომ ასდით, გრძნობენ, სხეულის თითოეულ უჯრედში როგორ დაცოცავენ საზიზღარი, სლიპინა მატლები, პრეისტორიული ხოჭოები, მუტანტი მწერები... ამასობაში კარგავენ ყნოსვისა და გემოს შეგრძნებას და ასეც უნდა იყოს: ისინი ხომ მკვდრები არიან... თითქმის, მკვდრები.
მათ არ ძინავთ... თითქმის არ ძინავთ... ქრონიკული უძილობის შემდეგად უჩნდებათმოთხოვნილება დოპინგზე. კოკაინი, იაფფასიანი არაყი, სპირტი, წებო, იმპოტენცია, თვითაღდგენის შეუძლებლობა... კუბო...
ეს ვერრეალიზებული ადამიანების შიშია. როცა კარიერას ვერ იწყობ, ბოლო სამსახურიდანაც გაგდებენ, ცოლს მეზობლის ძმიშვილი გიღლის, ქალიშვილს_ მეზობელი, მეგობრები შემოგეფანტნენ, თეატრში კასტინგზე დაგიწუნეს, როგორც უიმედოდ უნიჭო, ქალაქში ყველაზე იაფფასიანმა ბოზმა ესთეტიკური პრინციპების გამო არ მოგცა... ეს ყველაფერი ქვეცნობიერში ილექება და ტვინში ამუშავებას იწყებს დამცავი მექანიზმი, რომელიც სხეულსაც და ფსიქიკასაც აიძულებს, შექმნას მიმიკრიული მოცემულობა, სადაც პასუხისმგებლობები გვერდზე გაიწევს, სადაც მტანჯველ რეალობაზე პასუხს აღარ აგებ...შენ ხომ მკვდარი ხარ!
ეს ის შემთხვევაა, როცა შიში ბოლომდე ამარცხებს ადამიანს, რადგან ამ უკანასკნელმა ვერ მოახერხა შიშთან `ჩასასტავება”, შიშის, როგორც თანაბარუფლებიანი მოთამაშის გააზრება...
ცნობილ `ქაჯანაში” ფაბულის ძირითადი განმსაზღვრელი სწორედ ისაა, რომ შეშინებული პერსონაჟი შიშის გამოწვევითა თუ თავიდან განცდით იკურნება.
შეგვიძლია მეტნაკლებად ზუსტი ფორმულაც “შევქმნათ”: შიში უნდა გამოიწვიო, მისცე მას რიტუალის სახე, ეთამაშო და ამის მერე შეიძლება მის დამარცხებაზე, უფრო ზუსტად, მართვაზე საუბარი. მართვადი შიში უკვე შენს სამსახურშია, ის უზრუნველყოფს შენს წინსვლას, კარიერის კენწეროზე მოქცევას, ჰოლივუდის დაპყრობას, `მონა ლიზას” შექმნას, `ფორბსის” ათეულში მოხვედრას, ანჯელინა ჯოლის გაჟიმვას, ძმებ გონკურების პრემიას, მულტინაციონალური კონცერნის მეთაურობას...
გიყვარდეს შიში შენი, ვითარცა თავი შენი...
ამასობაში, შიში ყველაზე მრავალმრევლიანი ღმერთი გახდა, ის ფლობს ადამიანების უდიდეს ნაწილს და უფრო წარმატებით იყიდება, ვიდრე ნებისმიერი შეთქმულების თეორია, ვიდრე ნებისმიერი წიგნი კლინტონზე ან ობამაზე, ვიდრე ნებისმიერი ძუძუგ ლამურული ჟურნალის გარეკანზე, ვიდრე ნებისმიერი პოპ-ვარსკვლავი. ამიტომაც არის ფსიქოლოგის პროფესია ყველაზე სარფიანი, ისინი ჩვენს შიშიებს ფუთავენ, უკეთებენმაკიაჟს და უკანვე გვიბრუნებენ. რასაკვირველია, რამდენიმე დღის შემდეგ ამ ფერუმარილს მწარე რეალობის სეტყვა გადარეცხავს და გვიწევს, ისევ შევხედოთ საკუთარ შიშს მახინჯ სიფათში.
ეს ფსიქომარკეტინგია.
არ გამოვრიცხავ, რომ როგორც აიზიმოვთან, ჩვენს დროშიც გაჩდნენ რობოფსიქოლოგები, რომლებიც ელექტრონული ალერსით გაალღობენ ჩვენს შიშებს. მაგრამ სანამ ეს მოხდება, ჩვენ საკუთარი ძალებით გვიწევს მასთან გამკლავება, გვიწევს ათასობით რეცეპტისა და ელექსირის გამოგონება, მაგრამ... იშვიათად ვაღწევთ მიზანს იმიტომ, რომ წინააღმდეგობის პრიორიტეტები არ განგვისაზღვრავს.
ჩვენი ბალნიანი წინაპრები, როგორც ჩანს, ემპირიული ცოდნით წვდებოდნენ შიშის,როგორც ასეთის, ბუნებას, მისი `მნიშვნელობის მნიშვნელობას” (წავიბეროუზე). ასე მივიდნენ იმ საერთო დასკვნამდე, რომ შიში საუკეთესო მეგობარია.
ჰოდა, ნუ მოაწყენ მეგობარს, გამოიწვიე, ეთამაშე, შესთავაზე შენი წესები, მოაქციე შენთვის სასურველ მოცემულობაში, ყური დაუგდე და... მართე!
პ.ს. `_ შეიძლება თუ არა მკვლელობა იყოს ლამაზი?
_ არათუ შეიძლება. მკვლელობა აუცილებლად უნდა იყოს ლამაზი”.
ეს პოლი ბრაითია. ინტელექტუალი პაპსავიკი (მკვლელობაც ხომ რიტუალია. მკვლელი კაცს კი არა, ამ კაცისადმი შიშს კლავს. მკვლელის შიში ხომ მოკლულის სხეულში ცხოვრობს).
ბრაითამდე დიდი ხნით ადრე მკვლელობის რიტუალიზება ამერიკელმა ბოდიარტისტმა ბიიორდენმა სცადა და საკუთარი სხეული ბოლომდე ჩადო ხელოვნების კონტექსტში. მან აიძულა თავის შეყვარებულს, საგამოფენო დარბაზშივე ესროლა მისთვის. და მოკვდა.
ეს შიშის საბოლოოდ დაძლევის რიტუალი იყო.
თქვენც სცადეთ, გამოგივათ!
Комментариев нет:
Отправить комментарий