კორონავირუსის გამო გამოწვეული ხანგრძლივი პანდემიის შემდეგ, ყოველდღიური ცხოვრება თანდათან უბრუნდება ჩვეულ რიტმს - გაიხსნა მაღაზიები, სავაჭრო ქსელები, რესტორნები, ხალხი უფრო აქტიურად გამოვიდა ქუჩაში ხანგრძლივი კარანტინის შემდეგ. თუმცა არის სფეროები, რომელთაც ჯერ ცვლილებები არ შეხებიათ, მაგალითად - არ განახლებულა სპორტული თუ კულტურული ღონისძიებები.
მომღერალ ლელა წურწუმიას მისი კოლეგების მსგავსად ხანგრძლივი შესვენება გამოუვიდა - ბოლო კონცერტი მას სამი თვის წინ ჰქონდა და 10 ივნისს, პირვეად მივიდა სარეპეტიციოდ მის ბენდთან ერთად. სტუდიიდან წურწუმიამ ვიდეომიმართვაც გაავრცელა:
"7 მარტს მქონდა ბოლო სოლო კონცერტი ჯგუფ "ნონ-სტოპთან" ერთად და იმის შემდეგ პირველად შევიკრიბეთ სარეპეტიციოდ. ძალიან გახარებული ვარ! არ ვიცი რა რეგულაციებს დაგვიწესებს მთავრობა, იქნება თუ არა კონცერტები და ასე მაინც უნდა გავაკეთოთ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ძალიან ცუდად ვარ ჩემი საქმის გარეშე, ბევრი ჩემი კოლეგაც ასეა...
იმედია რამე საშველი იქნება და ალტერნატიულ გზას გამონახავენ, რომ ეს სფერო, ხელოვნების ბევრი დარგი არ დაიჩაგროს, იმიტომ რომ ყველაფერმა დაიწყო მუშაობა, ლილოს ბაზრობაც კი გაიხსნა, ყველაფერი მუშაობს და ხელოვნება არის მთავარი საკვები ადამიანების ცხოვრებისთვის, მათი სულიერებისთვის და ამიტომ, ახლა საშუალებას მოგცემთ ჩვენს რეპეტიციას უყუროთ" - აღნიშნავს ლელა წურწუმია მიმართვაში და რეპეტიციიდან ვიდეოს ავრცელებს
ცნობისათვის, მთავრობამ დახურულ სივრცეში სპექტაკლის/კონცერტის ჩატარებისთვის რეკომენდაციები გამოაქვეყნა, რომლის შესრულებაც დახურულ სივრცეში ღონისძიების ჩატარების შემთხვევაში ორგანიზატორებს მოუწევთ. მათ შორისაა: სტუმართა ნაკადის მართვა იმგვარად, რომ თავიდან იყოს აცილებული ერთ ადგილზე ადამიანთა დიდი რაოდენობის კონცენტრაცია; სტუმართა დაშვება დახურულ სივრცეში უნდა მოხდეს მხოლოდ ნიღბით; ღონისძიების სრული ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 საათს, რომელიც მოიცავს სტუმრის შენობაში შესვლისა და შენობის დატოვების დროს და ა.შ.