4/20/2020

ელექტრონული კომერციის მსოფლიო გიგანტები და მათი ინსპირაციული ისტორიები

ელექტრონული კომერციის გიგანტები – რომელია მსოფლიოში ყველაზე დიდი ონლაინ მაღაზიები?

21-ე საუკუნის ადამიანის ყოველდღიურობის სიმარტივე და კომფორტი ბევრისთვის  ელექტრონულ კომერციასთან ასოცირდება.

ონლაინ მაღაზიებში განთავსებულ მილიონობით პროდუქციას შეუძლია დააკმაყოფილოს ნებისმიერი ადამიანის საჭიროება და გემოვნება.

Amazon

გასაკვირი არ იქნება თუ სიას ონლაინ ბაზრის ნომერ პირველ მოთამაშეს დავუთმობთ. ყველასთვის კარგად ნაცნობი კომპანიის იმპერიის მშენებლობა ჯეფ ბეზოსმა 1994 წელს აშშ-ს  ქალაქ სიეტლში დაიწყო. 

ერთ დროს მხოლოდ წიგნებით მოვაჭრე ინტერნეტ მაღაზიიდან Amazon საცალო ვაჭრობის ლიდერად გარდაიქმნა. ის დღეს საცალო მომხმარებელს 12 მილიონზე მეტ პროდუქციას, ხოლო ბიზნესებს სხვადასხვა მომსახურებას სთავაზობს.  

იდეის გაჩენის შემდგომ ჯეფმა თავისი ბავშვობის სამეცნიერო ექპერიმენტების ადგილი – ავტოფარეხი კომპანიის სამუშაო სივრცედ და საწყობად აქცია. პირველი ინვესტიცია 300,000$ მშობლების საპენსიო დანაზოგიდან მიიღო.

ინტერნეტ გაყიდვების გიგანტი მოგვიანებით  ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებს: “როცა მამაჩემს მოვუყევი ჩემი იდეის შესახებ, პირველი რაც მან მკითხა იყო: “კი მაგრამ, ინტერნეტი რა არის?”

მიუხედავად მამისთვის იდეის ბუნდოვანებისა, მას ბევრი ფიქრი არ დასჭირვებია შვილისთვის ნდობა გამოეცხადებინა და დაეფინანსებინა იგი საწყის ეტაპზე. 

2019 წლის მონაცემებით ამაზონის წმინდა გაყიდვებმა (net sales) 280.52 მილიარდ დოლარი შეადგინა (ჯამურად ჩრდილოეთ ამერიკის ბაზრის გაყიდვები, საერთაშორისო გაყიდვები, AWS გაყიდვები).

ჯეფ ბეზოსი 2020 წლის Forbes-ის უმდიდრესი ადამიანების სიაში 113 მილიარდი დოლარით პირველ ადგილზეა. 

მუყაოს ყუთების სამფლობელო:

დღიურად ამაზონი მომხმარებელთან გზავნის 1.6 მილიონ პაკეტს.  თუკი ამ რაოდენობის მუყაოს ყუთს (ამაზონის პაკეტის სტანდარტულ ზომას) დავშლით და გასწორებულ მდგომარეობაში ერთმანეთთან დავაწყობთ, მიღებული მასა დაფარავს 68, 000 კვ. კილომეტრზე მეტს, ანუ იმდენს რამდენიც არის საქართველოს ტერიტორია.

eBay

1995 წლის მშრომელთა დღესასწაულის უიქენდზე სახლში დარჩენილი,  კომპიუტერთან მომუშავე პიერ ომიდიარის შრომა განსაკუთრებით დაფასდა.

რამდენიმე დღიანი კოდის წერის შემდგომ ინტერნეტ სამყაროს მორიგი ვარსკვლავი AuctionWeb მოევლინა.

1997 წელს AuctionWeb-მა ოფიციალურად გადაირქვა სახელი და გახდა ebay.

ინტერნეტ მაღაზიის უნიკალურობა აუქციონის პრინციპში მდგომარეობას. დაინტერესებული მხარეები ათავსებენ პროდუქტზე სასურველ ფასს, ხოლო ყიდულობს ის, ვინც გააკეთებს ყველაზე მაღალი ფასის შეთავაზებას.

ebay-ზე გაყიდული პირველი ნივთი იყო გატეხილი ლაზერის პოინტერი, რომელიც კანადელმა მარკ ფრეიზერმა შეიძინა. გულისამაჩუყებელ ვიდეოშიმარკი ყვება, რომ იმ დროისთვის სამსახურში ძალიან ბევრი პრეზენტაციის გაკეთება უწევდა, რისთვისაც სჭირდებოდა ლაზერის პოინტერი. ახალი პოინტერების ფასი 100$-მდე მერყეობდა, რისი შეძენის საშუალებაც არ ჰქონდა. იგი AuctionWeb-ზე შემთხვევით წააწყდა დაზიანებულ პოინტერს, რომელიც მისთვის ძალიან მარტივი შესაკეთებელი იქნებოდა. აღნიშნული პოინტერი ისტორიულმა მყიდველმა 14.84 $-ად შეიძინა.

ebay – ზე გაყიდული პირველი ნივთი

ვიეტნამელი მეოცნებეები – ebay – ზე გაყიდული უცნაური ნივთი

ამერიკის შტატ ვაიომინგის უპატარავესი ქალაქი  ბაფორდი 2012 წელს იბეის აუქციონზე გასაყიდად გამოიტანეს. ქალაქი 900 000 $-ად შეიძინა ორმა ვიეტნამელმა, რომელთა ოცნებაც იყო გამხდარიყვნენ მიწის მფლობელები ამერიკის შეერთებულ შტატებში. 

Zalando

ამერიკულიდან ევროპულ ბაზარზე გადავინაცვლოთ და ამ კონტინენტის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ მოთამაშეს Zalando-ს შევეგებოთ. ერთი შეხედვით კომპანიის ლოგო გიტარის მედიატორს მოგაგონებთ. თუმცა ბიზნესი მოდის სფეროსთან უფრო ასოცირდება, ვიდრე მუსიკალურ ინდუსტრიასთან.

“ფეხსაცმლის ყიდვა ინტერნეტით მათი მორგების გარეშე? დაივიწყეთ!” – ეს იყო რობერტ გენცისა და დეივიდ შნაიდერის იდეაზე პასუხი პოტენციური ინვესტორებისგან.

უნივერსიტეტის მეგობრები მარტივად არ დანებდნენ. იდეა 2008 წელს მსოფლიო კრიზისის მიმდინარეობის ფონზე განახორციელეს. ადრეულ დღეებში კომპანიის პატარა გუნდი დამფუძნებლების საზიარო ნაქირავები ბინიდან იმართებოდა. ბინა კომპანიის საწყობის ფუნქციასაც ითავსებდა. კომპანიის დამფუძნებლებს და მათ მეგობრებს თავად მიჰქონდათ მომხმარებლებთან შეკვეთა და მყიდველის სატელეფონო ზარებსაც პირადი ტელეფონებიდან პასუხობდნენ. 

მწარე გაკვეთილი

2010 წელს ჰოლანდია გახდა კომპანიის პირველი არაგერმანულენოვანი ბაზარი. ბაზარზე Zalando-მ გაიტანა სარეკლამო კამპანია “იკივლე სიხარულისგან”.

აღნიშნული კამპანია გერმანიაში გამოსვლისთანავე გაჰიტდა. ჰოლანდიელმა მომხმარებელმა კი არცთუ ისე დადებითად აღიქვა. მისთვის ზედიზედ ორჯერ წლის ყველაზე გამაღიზიანებელი კამპანიის პრიზიც არ დაიშურა.

აღნიშნულმა შემთხვევამ მმართველებს დაანახა, რომ მიუხედავად ქვეყნების ახლო გეოგრაფიული მდებარეობისა, კულტურათაშორისი სხვაობა შეიძლება საკმაოდ დიდი იყოს. 

მათი თქმით, ბიზნესი ინდივიდუალურად უნდა ერგებოდეს ყველა კულტურას, მათ გემოვნებას, სურვილებს და მოლოდინებს.

Zalando ამჟამად ოპერირებს ევროპის 17 ბაზარზე. აღსანიშნავია კომპანიის ერთ-ერთი სერვისი, რომელიც ითვალისწინებს პროდუქტის დაბრუნების შესაძლებლობას ყიდვიდან 100 დღის განმავლობაში, ყოველგვარი დამატებითი ხარჯების გარეშე. 

JingDong

ჩინეთის ონლაინ ვაჭრობა ალბათ ყველასთვის Alibaba – სთან ასოცირდება. შეიძლება გაგიკვირდეთ კიდეც თუ გეტყვით, რომ დღეის მონაცემებით Alibaba ჩინეთის ყველაზე მსხვილი (წმინდა მოგების თვალსაზრისით) E-commerce კომპანია აღარაა.

Jingdong 1998 წელს დაარსებული კომპანიაა, რომელიც ონლაინ ბაზარზე დაარსებიდან 6 წელიწადში გადავიდა.  იგი ასევე ცნობილია სახელით: JD.com. კომპანია ტექნოლოგიებზე შეყვარებულ ადამიანებს აერთიანებს. ისინი სხვადასხვა ინოვაციური მართვის მეთოდებით გამოირჩევიან. JD.ocom ბაზარზე პოზიციონირდება, როგორც ყველაზე სწრაფი მიმწოდებელი. ჩინეთის ნებისმიერ წერტილში შეკვეთილ ნივთს მომხმარებელს იმ დღესვე აწვდიან. JingDong-სჰყავს 400 000 მილიონამდე აქტიური მომხმარებელი.

ტექნოლოგიის ფანატები:

კომპანია ტექნოლოგიების დიდი თაყვანისმცემელია. მათი კომპანიის თანამშრომლებში შეხვდებით ადამიანებს, რობოტებსა და დრონების მთელ არმიას. კომპანიის მიზანია დრონების აეროპორტის აშენება. რთულად მისასვლელ რეგიონებში პროდუქტის შეუფერხებლად და სწრაფად მიწოდება. კომპანია მუშაობს მეცნიერებთან ერთად, რათა შექმნან დრონები, რომლებიც შეძლებენ ზიდონ 1 ტონამდე ტვირთი.

Alibaba

Alibaba ჰოლდინგი აერთიანებს პლატფორმებსAliexpress, Alipay და Taobao.com.  პირველად ჯეკ მას (კომპანიის დამაარსებელი, წლების მანძილზე ჩინეთის უმდიდრესი ადამიანი) ინტერნეტთან შეხება აშშ-ში მოუწია, სადაც სამსახურეობრივი ვიზიტით იმყოფებოდა.

ჯეკი კომპიუტერთან დასვეს. უთხრეს მოეძებნა ინტერნეტში, რაც სურდა. ჯეკმა უპასუხა, რომ მას კომპიუტერთან ურთიერთობის გამოცდილება არ ჰქონდა და შიშობდა რამე არ დაეზიანებინა მისთვის. ამ შემთხვევაში ზარალის ანაზღაურებას ვერ შეძლებდა. ყოყმანის შემდეგ დაარწმუნეს, აეკრიფა კლავიატურაზე სასურველი სიტყვა.

“წარმოდგენა არ მქონდა რა უნდა მომეძებნა ინტერნეტში, უნებლიედ ჩავწერე “ლუდი”. ალბათ იმიტომ რომ მარტივი დასაწერია ინგლისურად”.

მეორეჯერ დავწერე სიტყვა “ჩინეთი” და აქ შედეგი იყო 0. მაშინ მივხვდი, რომ ეს ფაქტი უნდა გამომესწორებინა და ინტერნეტში ჩინეთზე ინფორმაცია გამომეჩინა”- იხსენებს ჯეკი ერთ-ერთ ინტერვიუში.

სწორედ აქ იწყება ჯეკ მას ინტერნეტ ბიზნესით დაინტერესება.  Alibaba-ს პირველი ოფისი განთავსებული იყო ჯეკ მას სახლში, მშობლიურ ქალაქ ჰანჩოუში, სადაც ცხოვრობდნენ ასევე კომპანიის პირველი თანამშრომლებიც.

დასაწყისში ჯეკ მას არ ჰქონდა საშუალება დაექირავებინა გამოცდილი კადრები. მან კომპანიის გაყიდვების მიმართულებით სამსახური ადგილობრივ ფერმერებს შესთავაზა.

ტიპური Zero to Hero ისტორიის პერსონაჟ ჯეკ მას გზა სირთულეებით სავსე იყო. უამრავი იმედგაცრუება, გასაუბრებიდან გასაუბრებაზე სიარული და არაერთი უარი პასუხად მცდელობებზე.

ცნობილია, რომ ჯეკ მას 10- ჯერ უთხრეს უარი ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლაზე, რაც შეიძლება ბევრი რამის მანიშნებელი იყოს ჩვენთვის:

ის რომ ავტორიტეტები, რომლებსაც ვაიდეალებთ, ხშირად შეცდომებს უშვებენ, ან ის რომ დაშვებული წარუმატებლობების შედეგად მეტად ვმოტივირდეთ და განვითარება სრულყოფილი მე-ს მიღწევამდე არასოდეს შევწყვიტოთ.

ჯეკ მა დაწუნებების ისტორიაში უპირობო ოსკაროსანია. ის ასევე ერთადერთი კანდიდატი იყო მიღებული 24 განაცხადიდან, რომელსაც KFC-ში მუშაობაზე უარი ეთქვა. 

ალი ბაბა და ორმოცი ყაჩაღი

ერთხელ ჯეკ მა რესტორანში (აშშ-ში) ვახშმობდა. მან მოულოდნელად მიმტან გოგონას ჰკითხა, რასთან ასოცირდებოდა მისთვის სახელი ალი ბაბა.

მიმტანმა უპასუხა: “სიმ, სიმ გაიღე”!

ჯეკ მამ სახელში დაინახა შესანიშნავი სიმბოლო, როგორც მისი მომავალი კომპანიის მიერ გაღებული შესაძლებლობების კარი მსოფლიოსთვის.

დღესდღეობით Alibaba ოპერირებს მსოფლიოს 200 – ზე მეტ ქვეყანაში.

Zappos

ონლაინ მაღაზია, რომლის მომსახურებაზეც ლეგენდებს ჰყვებიან.

Zappos აშშ-ში 1999 წელს დაარსდა, როგორც ფეხსაცმლის მაღაზია.

პირველი ინვესტიცია $500, 000 ოდენობით მისმა ერთ-ერთმა დამფუძნებალმა ტონი შეიმ (Tony Hsieh) განახორციელა საკუთარი ჯიბიდან.

2000 – დან 2002 წლამდე კომპანიას არაერთხელ დაუდგა კრიზისული პერიოდი და ხელახალი ინვესტიციაც საჭირო გახდა.

კომპანიამ ამ ჯერადაც ვერ მოახერხა ინვესტორების დაინტერესება და ტონი იყო ის ადამიანი, რომელმაც მეორეჯერ ჩადო თანხა საკუთარი კომპანიის განვითარებისთვის.

ტონიმ საკუთარ თავს იმედები არ გაუცრუა, მმართველი გუნდიდან სწორედ მისი ძალისხმევის და მახვილგონიერების წყალობით დღეს კომპანიის შემოსავალი 2 მილიარდი დოლარია.

წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილებით ტონიმ გაიაზრა, რომ კომპანიის მართვის ნიშა იყო არა ტექნოლიგიური ლიდერობა, არამედ მომხმარებელი და მისი მომსახურების ხარისხი.

მსოფლიო მასშტაბით კომპანიაზე მილიონობით შეყვარებული მომხმარებლის კმაყოფილება და მართვის ეს უნიკალური სტილი შეუმჩნეველი არ დარჩენია ამაზონის აღმასრულებელ დირექტორს ჯეფ ბეზოსს.

მან პირველად კომპანიის შესყიდვა 2005 წელს სცადა, თუმცა კომპანიის დირექტორისგან უარი მიიღო იმ მიზეზით, რომ მას არ სურდა კომპანია შერწყმულიყო ამაზონის ბრენდთან და დაეკარგა ინდივიდუალობა.

2009 წელს ამაზონმა ხელახლა სცადა მოლაპარაკებების წარმოება. ხანგრძლივი პროცესის შემდეგ ბეზოსმა იყიდა კომპანია $850 მილიონად.

გარიგების მთავარი პირობა იყო Zappos შეენარჩუნებინა იდენტობა, მართვის სტილი, კულტურა, უკლებლივ ყველა თანამშრომელი, ლოკაცია და მმართველი გუნდის ყველა წევრი.

მოლაპარაკება შედგა.

გენიოსი აღფრთოვანებულია

ამაზონის მიერ Zappos-ით დაინტერესებამ და მასში თითქმის ერთი მილიარდის გადახდამ თავის დროზე ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

ბევრს უკვირდა, რატომ იღებდა ბეზოსი ამ თანხას კომპანიისთვის და საერთოდ რატომ სურდა მისი შეძენა.

მოლაპარეკებების ეტაპზე ყოფნის დროს ბეზოსმა Zappos-ის თანამშრომლებისთვის ჩაწერა ვიდეო მიმართვა.

ის უხსნიდა მომავალ საკუთრებაში მყოფი კომპანიის თანამშრომლებს დაინტერესების მიზანს და პარტნიორობის პოტენციალს.  მიმართვა შეიძლება სამ მთავარ მესიჯად ჩავშალოთ:

  • “Zappos-ს არის კლიენტზე შეყვარებული კომპანია. მე კი ძალიან მარტივად შემიძლია ამ ფაქტით აღვფრთოვანდე. მომხმარებლისადმი თქვენი დამოკიდებულება ჩემთვის გადამწყვეტი ფაქტორია. მუხლები მეკვეთება, როცა ვაწყდები კომპანიებს, რომლებიც შეპყრობილნი არიან საკუთარი მომხმარებლის სიყვარულით. 
  • თქვენ ასევე გაქვთ უნიკალური კულტურა, რომელიც მე ცოტა კომპანიაში შემხვედრია. ვფიქრობ, რომ ეს თქვენი უმნიშვნელოვანესი აქტივია. 
  • არაჩვეულებრივ ხელში ხართ ფრედისთან, ალფრედთან და ტონისთან (კომპანიის მმართველი გუნდი). მე ბევრი კომპანიის მმართველს შევხვედრივარ და არავინ მინახავს მათზე უკეთესი. 
  • Zappos აქვს უდიდესი პოტენციალი და მომავალი.”