4/08/2012

სამსახურეობრივი რომანების 80% „არაფრით“ მთავრდება - რატომ?

ამერიკელებმა დაითვალეს: სამსახურეობრივი რომანების 80% ‘არაფრით’, თანაც ძალიან სწრაფად, მთავრდება; 15% ნახევარი წლიდან ერთ წლამდე გრძელდება და მხოლოდ 5%-ს აქვს ხანგრძლივი კავშირის შანსი (მათ შორის საქორწინო).



როგორც ყველაფერს, წარუმატებლობის ასეთ მაღალ მაჩვენებელსაც თავისი მიზეზი უნდა ჰქონდეს.

რა თქმა უნდა, ძნელია, სამსახურში ინტრიგებისა და რომანების თავიდან არიდება. ხანდახან დაოჯახებული ადამიანიც კი ნებდება ცდუნებას: გვერდით მთელი დღის მანძილზე ერთსა და იმავე ახალგაზრდა და მიმზიდველ კოლეგას ხედავს, რომელთანაც თანდათან არა მარტო პროფესიული ვალის გრძნობა, არამედ ადამიანური სიმპათიაც აკავშირებს, ეს სიმპათია კი ძალიან ადვილად გადაიზრდება უფრო ანგარიშგასაწევ გრძნობაში. ცეცხლზე ნავთს ასხამს კორპორატიული ღონისძიებები, სადაც დალევაც შეიძლება, მოდუნებაც, ცეკვაც და ... გონების დაკარგვაც.

მაინც რატომაა ხანმოკლე სამსახურეობრივი რომანების უმრავლესობა?

პირველ რიგში (ალბათ უფრო მამაკაცის მხრიდან), მალევე ქრება ინტერესი იმ ურთიერთობის მიმართ, რომელიც ადვილად გერგო. არც გაცნობის მცდელობა იყო საჭირო, არც გულის მოგება. გაიწოდე ხელი და ისიც აქ არის, გვერდით. თანაც, ძალიან ძლიერი სიმპათია სულაც არ არის აუცილებელი პირობა – უბრალოდ, რამდენიმე კანდიდატიდან ერთ-ერთი, უფრო სასიამოვნო აარჩია.

ვითომ სიყვარულს ჰგავს? სამსახურში ხომ "მეწყვილეები" ერთმანეთს ყოველდღე ხვდებიან, მაშინაც, როცა კარგად არ გამოიყურებიან, როცა საშინელ ხასიათზე არიან, როცა არავის დანახვა სურთ. ეს აშკარა უხერხულობას ქმნის.

ვთქვათ, გრძნობა არსებობს, თანაც ძლიერი. ესეც თავისი სირთულეებით გასაჩუქრებს: “აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზი”, რომელსაც ფსიქიატრებმა სიყვარულიც კარგახანია მიათვალეს, მუშაობის გასაქანს არ მოგცემთ. ანგარიშს უნდა უკირკიტებდე და აგერ, ის შემოდის და დადის. რა თქმა უნდა, ყველა ფიქრი მისკენ გადაინაცვლებს, ანგარიში ზარალდება, ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა.

ამას დავუმატოთ ისიც, რომ თქვენი ურთიერთობა ყველას საუბრისა და განსჯის საყვარელი თემა გახდება. თქვენი გამოჩენისას გაჩუმდებიან ხოლმე და 10-20 წყვილი თვალი დაჟინებით დააკვირდება თქვენს მოქმედებას: “შეხედავს თუ არ შეხედავს, გაუღიმებს თუ არ გაუღიმებს”, მერე ამ ყველაფერზე – ფაქტებზე დაყრდნობით - იმსჯელებენ. ცოტა არ იყოს, უსიამოვნოა მიკროსკოპის ქვეშ ცხოვრება...

კარგია, თუ ეს განსჯა კეთილგანწყობილია მაინც. მაგრამ თუ გამტყუნებენ? ყოველთვის მოიძებნება ერთი მორალისტი, რომელიც ამ თემას “ნეგატიურ” იმპულსს შესძენს და მაშინ კეთილგანწყობილისგან შორს იქნება ის მზერა, რომელსაც კოლეგები დაგადევნებენ.

თუ მამაკაცს ოჯახი ჰყავს, მწუხარება გიკაკუნებთ კარზე. ასიდან მხოლოდ 1 კაცი მიდის ოჯახიდან ახალი ურთიერთობის გამო. უმრავლეს შემთხვევაში, მიზეზი სხვა რამეა, ახალი ურთიერთობა კი - საბაბი. უფრო სავარაუდოა, რომ მტანჯველი განშორება გელით, მერე კი ... ან მხარდამხარ მუშაობა (რაც აუტანელია), ან საკუთარი განცხადების საფუძველზე სამსახურიდან წასვლა.

ისეთი ვარიანტიც არსებობს, როცა ყველაფერი საუკეთესოდ მოეწყო. ორივე თავისუფალია, არავინ არავის ტოვებს, ამ შემთხვევაში პატარა სიურპრიზის სახით “ეჭვიანობა” გელით (მისი თქვენს მიმართ, თუ თქვენი მის მიმართ, მნიშვნელობა არ აქვს): ირგვლივ ისევ არიან სიმპათიური თანამშრომლები, როგორ უნდა იყო მშვიდად? აი, მეხუთეჯერ მიდის მდივანთან, ნეტავ, რას უნდა ნიშნავდეს? - ფიქრობთ თქვენ და სიმშვიდე ირღვევა.

მოკლედ, შემთხვევითი არ არის, რომ თავგადასავლების განებივრებული და გამოცდილი მაძიებლები არასდროს ეკიდებიან სამსახურში რომანებს, კარგად იციან: სიამოვნებისა და ცალკეული სასიხარულო მომენტის საზღაური ზედმეტად ძვირი იქნება. ამიტომ, თქვენც დაფიქრდით, გჭირდებათ კი ასეთი რისკი? და მხოლოდ ამის შემდეგ გადაეშვით “ზღვაში”.