დღეს ცნობილი გახდა, რომ აბაშაში 17 წლის გოგომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მანამდე სოციალურ ქსელში მან დაწერა პოსტი „გიღირდათ კედელი სიცოცხლის ფასად?“, სადაც მიუთითებდა 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის დაღუპვის ფაქტზე. შსს-მ დაიწყო გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ გოგომ წერილი დატოვა, სადაც ის ოჯახთან უთანხმოებაზე საუბრობს.
შეიძლება მოჰყვეს თუ არა სუიციდის ან სუიციდის მცდელობის რომანტიზებას გვერდითი ეფექტი? კი, და ფსიქოლოგიაში ამას „ვერტერის ეფექტს“ უწოდებენ. აღნიშნული მოვლენა სათავეს იღებს გოეთეს რომანიდან „ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი“, რომლის გამოცემას სუიციდის ტალღა მოჰყვა გერმანიაში.
სუიციდი გასაშუქებელი თემაა.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია წერს, რომ თვითმკვლელობის გაშუქების მიზანი, შესაძლოა, იყოს პრობლემაზე ყურადღების გამახვილება, რათა საზოგადოებამ დაიწყოს მსჯელობა პრობლემის გამომწვევ მიზეზებზე.