10/03/2019

საქსტატი: რძის ნაწარმი 14.6%-ით გაძვირდა, ხორცი- 12.6%-ით, პური- 10%-ით, თამბაქო კი- 29%-ით

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ინფლაციის განახლებული მაჩვენებელი გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, 2019 წლის სექტემბერში საქართველოში ფასების საერთო დონე 6.4%-ით გაიზარდა, რა ზომის ინფლაციაც ქვეყანაში 2017 წლის შემდგომ არ ყოფილა. 

საქსტატის მონაცემებით, ინფლაციის ზრდაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების გაძვირებამ გამოიწვია. ცალკეული სასაქონლო ჯგუფების მიხედვით ფასების მატება ასეთია:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 11.7 პროცენტით, რაც  წლიურ ინფლაციაზე 3.49 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: თევზეული (16.1 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (14.6 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (13.2 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (12.6 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (10.8 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (10.1 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (7.6 პროცენტი), ასევე ზეთი და ცხიმი (3.0 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაზრდილია 14.6 პროცენტით, რაც 0.97 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები მომატებულია როგორც თამბაქოს ნაწარმზე (29.0 პროცენტი), ასევე ალკოჰოლურ სასმელებზე (2.6 პროცენტი);

ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.9 პროცენტიანი მატება, რაც 0.47 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (9.1 პროცენტი), პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (4.0 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (2.0 პროცენტი);

დასვენება, გართობა და კულტურა: ფასები გაზრდილია 6.9 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.39 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა გასართობ და კულტურულ მომსახურებაზე (6.6 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები მომატებულია 4.0 პროცენტით, რაც 0.32 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (6.6 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (3.7 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურება (1.1 პროცენტი).

გაზრდილი ინფლაციის საპასუხოდ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. ბოლო ორ სხდომაზე სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი ჯამში 1%-ით, 7.5%-მდე გაზარდა.