5/22/2019

ჩემი რუტინული დღეები

რა აღარ ხდება ცხოვრებაში,თეორიულად ყველაფერი იცი. შეგიძლია დაუსრულებლად იფიქრო,ყველანაირი აზრი აპატიო საკუთარ თავს,გაუგო,გესმოდეს. ერთადერთი ვისაც შენი ესმის,გიგებს და მოგყვება,ვისაც შეგიძლია ენდო,საკუთარი თავია. ცხოვრებაც მიდის და მიგაქანებს,ხან უწყობ ფეხს და ეწევი,ხანაც ძალიან ჩამორჩები. ამ დროს საშინელ დაღლას გრძნობ. გამოჩნდებიან ადამიანები,აგავსებენ ათასგვარი ემოციით,აზრით,ფიქროთ. იზრდები ადამიანთან ერთად,ყველაფერი სხვანაირი გეჩვენება,თავს უფრო მსუბუქად და ლაღად გრძნობ. მაგრამ შიშის გრძნობა,რომ ეს მალე გაქრება არ გტოვებს. მერე თავს ეუბნები:“ნუ გეშინია,ეს მალე არ დასრულდება,შენც ხომ გაქვს უფლება იყო ბედნიერი” ჰოდა შენც პატარა სულელი ბავშვივით გჯერა და ეშვები მორევში. გგონია ბედნიერების მორევში,თუმცა არა ძვირფასო,ეს ხომ ცხოვრებაა,რომელსაც თავისი კანონზომიერება აქვს: ყველა ბედნიერება მცირეხნიანია,ხოლო უფერო და ნაცრისფერი დღეები კი უხვად გხვდება წილად და განებივრებს. მიდიან ადამიანები,ან შენ მიდიხარ,მნიშვნელობა არ აქვს. უშვებ შენი ცხოვრებიდან და ისევ რჩები მარტო. მარტოობის დროს უფრო მარტოა ადამიანი თუ მაშინ როცა არ არის მარტო?! ვერ გავეცი ამ კითხვას პასუხი.
როცა გვერდით ვინმე ძვირფასი მყავს,მე საკუთარ თავს აღარ ვეკუთვნი,ნაკლებს ვფიქრობ ჩემზე და იქნებ სწორედ ასეთ დროს უფრო მარტო ვარ. ვერაფერი გამიგია. თითქოს თეორიულად ყველაფერი მესმის,უამრავი რამ მინახავს. მაგრამ ამ ჩემს გიჟ არსებას ვერაფერი გავუგე. იმდენად ამოუცნობი ვარ,რამდენადაც შესაცნობი. მე მესმის ჩემი თავის იმდენად,რამდენადაც არ მინდა,რომ მესმოდეს.


იქნებ ჩემი რუტინული დღეები ჰგავს კიდეც შენსას,იქნებ ამას რომ წაიკითხავ საკუთარი თავიც კი ამოიცნო. შენ უბრძვი,შენ გინდა,შენ ცდილობ,ოცნებობ,ტირი,იცინი და გიყვარს. გიყვარს ეს სიცოცხლე და არ გინდა მარტომ დაასრულო. შეიძლება სხვებს ჰგონიათ,რომ შენში სიამაყე და ეგოიზმი არ არის,მაგრამ ესეც ხომ სისულელეა. შენ ხომ იმდენად ეგოისტი ხარ,რომ გინდა შენთან ერთად სხვაც მოკვდეს. გინდა როცა შენ აღარ იქნები სხვებს ან ერთ ადამიანს მაინც ამით გული მოუკვდეს. კიდევ რამდენი ეგოიზმია შენში,მაგრამ სადღაც ჩქმალავ,არ გინდა ყველაფერში გამოტყდე.
კიდევ რამდენ რამეს იტევს ჩემი არსება. სიყვარულზე შეყვარებული გიჟი არსება.

ვინმეს,რომ შეეძლოს შენი შეყვარება ისე,როგორც ეს შენ შეგიძლია,ბედნიერებას საზღვრები მართლა აღარ ექნებოდა. სულისშემძვრელი იქნებოდა შენი სიყვარული მისთვის. ნეტავ ვინმემ შეგიყვაროს ისე,როგორც ეს შენ შეგიძლია და გაიგოს იმ ნეტარების გემო,რისი მიცემაც ძალგიძს საკუთარი არსების ჩუქებით.
მე თუ შენ შეგიყვარებ,ეს ნიშნავს იმას რომ,შენს სულს და სხეულს ჩემს სახლად ვაქცევ.