იმ დღეს წიგნების მაღაზიის კაფეში ვისხედით, რომ მითხრა ცხოვრება ხდომილებათა ერთობლიობაა, მეტი არაფერიო. ეს ხდომილება ჩემს შემთხვევაში ხან პრეზიდენტ ბუშთან შეხვედრა და ხანაც კატის ავადმყოფობა იყო, ირაკლის და ნანას სიკვდილი გამონაკლისია, ასეთია კაცის ცხოვრება, ეს ხდომილებები იცვლება მხოლოდო. შენ ჯერ ახალგაზრდა ხარ, სამყარო საცდურებს გიგდებს, რომ გაივლი ყველაფერს და აღარაფერი გაგაკვირვებს, მიხვდები რა იყო შენი ცხოვრებაო.
გელა ჩარკვიანის "ხდომილებები" საქართველოს უახლესი ისტორიაა - 1992 წელს გაიოზის დაბადების დღეზე მყოფს რომ დაურეკეს და ედუარდ შევარდნაძესთან დაიბარეს, იქიდან მოყოლებული 2004 წლის 2 იანვრამდე, როცა პრეზიდენტის თანაშემწის პოზიცია დატოვა იქამდე.
სხვდასხვა სახელი ერქვა მის პოზიციას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, თუმცა საქმიანობა მაინც ერთი იყო - საერთაშორისო ურთიერთობები, პრეზიდენტის ვიზიტების, გამოსვლების, სიტყვების მომზადება. ამ წიგნშიც ალბათ ყველა მაღალი დონის შეხვედრა მოხვდა, ღია თუ დახურულ კარს მიღმა ჩატარებული.
ამიტომაც ვამბობ, რეალურად საქართველოს ისტორიაა ეს წიგნი-მეთქი, აქცენტით საერთაშორისო ურთიერთობებზე. კარგად ჩანს როგორ მოქმედებდა 90-იანებში საერთაშორისო საზოგადოება, რა ნაბიჯებს დგამდა შევარდნაძე, რა პროგნოზები იყო და როგორ არ გამართლდა შემდეგ. საერთოდაც, როგორ იწერებოდა პრეზიდენტის სიტყვები.
"ელცინს ეკისრებოდა ურთულესი მისია - პოსტ-საბჭოთა მონსტრის გაადამიანურება. ოც წელზე მეტი დასჭირდება ევროპას იმისათვის, რომ მეტ-ნაკლები სიცხადით აღიაროს რუსეთი პოლიტიკური კლასის სამალავში იმპერიის აღდგენის გეგმების არსებობა და მისთვის სანქციები დააწესოს ერთ კონკრეტულ აგრესიულ ქმედებასთან დაკავშირებით"
მთელ 700 გვერდს კითხულობ, ალბათ, იმ სიხარულით, რომ ბევრ უცნობ დეტალს იგებ უახლოესი წარსულიდან. მათთვის, ვისაც კარგად ახსოვს ის პერიოდი, ვფიქრობ, უფრო საინტერესო იქნება კანცელარიის მხრიდან გამოსული ამბები.
გელასნაირ კაცს სხვა ენაზე ინსაიდერს ეძახიან. მათი ამბები კიდევ ზედმეტად დამაინტრიგებელია.
"ისევ იმ აბეზარმა შეკითხვამ გამიელვა თავში - ნუთუ საკმარისი იყო დაგეხურა ცეკა და საგეგმო კომიტეტი იმისათვის, რომ გაჩენილიყო საქინლით სავსე სუპერმარკეტები, ლამაზი მაღაზიები და მდიდრული ავტომობილები, ისე როგორც მათხოვარი ბავშვები და მოხუცები ქუჩაში."
კარგად ჩანს, რაშიც არ ეთანხმებდა პრეზიდენტს (შევის, როგორც წიგნში უწოდებს). მიხვდები. პირდაპირ არ ამბობს, დიპლომატია. ძალიან არ მინდოდა შევარდნაძის გამართლება და ხოტბა დიდება წამეკითხა, იმდენად სხვანაირი წარმოდგენა მაქვს ჩარკვიანზე. ბოლოსკენ (2000იანების მიწურულს) შეიცვალა ბევრი რამე. ალბათ, იმ პოლიტიკურ წრეებშიც.
"ლარის კუპიურების ხატვას უკვე ამთავრებდა მხატვარი ნოდარ მალაზონია. 1992 წლის 2 ნოემბერს დამირეკა და შემეკითხა, როგორ დავწერო ასი ლარი ინგლისურადო... ვუკარნახე one hundred Lari და არა Laris. დღეს, როცა ასლარიანი ხელში ჩამივარდება, თითს დავუქნევ ხოლმე და ალერსიანად ვეტყვი: მე რომ არა, შენ ცოტა სხვანაირი იქნებოდი-მეთქი."
"ნაგერალასგან" განსხვავებით, ამ წიგნში ნაკლებია გელა ჩარკვიანის პირადი მოსაზრებები და ისტორიები, უფრო მეტად ფაქტობრივი ინფორმაციაა. თუმცა, შიგადაშიგ (ხდომილებებივით) შემოდის პასაჟები მისი ბავშვობიდან ან სულაც 2004 წლის შემდეგ. მათ შორის მამა კანდიდ ჩარკვიანის, ბავშვობის, ახალგაზრდობის, აშშ-ში 70იან წლებში წასვლის, ცოლის (ბოლო თავი მას ეძღვნება) და ირაკლის ცხადია.
"თავისი სიკვდილით ირაკლიმ ყველა შიშისგან გამათავისუფლა."
იმ დღეს სახლში ის და ირაკლი იყვნენ მხოლოდ. მამას შვილის სიკვდილის ამბავი ასე დაეწეროს არ წამიკითხავს მე სხვაგან. ერთდროულად მშრალად, თითქოს უემოციოდ და შემზარავად.
"ჩემთვის დღესაც ორი ირაკლი არსებობს: ერთი - ჩემი და ნანას პირმშო, ის ჩემს მეხსიერებაში მარად ბავშვად დარჩება. სწორედ ამ ბავშვის - ირაკლის სიკვდილი განვიცადე ასე მწარედ 2006 წლის 24 თებერვალს. მეორე - მიამიტი და ამავდროულად უჩვეულო ნიჭით დაჯილდოებული შემოქმედი. ის არ მომკვდარა. "სათქმელი თქვა და უბრალოდ კარი გაიხურა".
სწორედ ირაკლის სამძიმარზე მისულმა მიშა სააკაშვილმა შესთავაზა გელა ჩარკვიანს მასთან მისვლა. შემდეგ კი დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩად დანიშნა.
ამ წიგნში მისი, როგორც ელჩის ისტორიები აღარ ჩანს. რამდენიმე ეპიზოდია მხოლოდ პირადი ცხოვრებიდან.
იმავე კაფეში დათომ ჰკითხა, ალბათ, ახლა ბრიტანეთში ყოფნის ამბებსაც დაწერთო. იუარა. სადამდეც ჩანაწერებს ვაკეთებდი, იქამდე დავწერე ყველა ისტორია, ფაქტობრივი უზუსტობები რომ არ ყოფილიყო. ჩემი ხნის კაცს მეხსიერებაზე აღარ უნდა ენდოო.
ჰო, ისიც თქვა, მთელი წიგნი ხელით დავწერე, ხელნაწერი რომ დარჩენილიყოო.