3/02/2011

სიცარიელე


იჯდა მარტოდ და ფანჯარაში იყურებოდა. ციოდა… ბნელოდა… ენატრებოდა…ვერაფერს გრძნობდა, აღარაფერს გრძნობდა სიცარიელის გარდა….ახსოვს, ბავშვობაში ბებიასთან ცხოვრებისას ღამ–ღამობით ტიროდა – დედასთან უნდოდა, მაგრამ ალბათ პატარაობის ბრალი იყო… გაიზარდა, საზღვარგარეთ წავიდა, მაგრამ არავინ მონატრებია.. არც დედა, არც მამა…ახლა კი, ის ისე ენატრებოდა, რომ არ იცოდა რა ექნა ამ სიცარიელის ასავსებად… მეგობრებს ხვდებოდა, წიგნებს კითხულობდა, კლუბებში დადიოდა, მაგრამ არა იმიტომ, რომ სურდა ან აინტერესებდა, ან ერთობოდა, უფრო იმისათვის, რომ იმ სასტიკი გრძნობით არ გაგიჟებულიყო.

სიცარიელე….

გამოდის მას აქამდე არც სცოდნია მონატრება. უცნაურია, თუ ასეა და ცხოვრებაში ადრე არავინ არასოდეს მონატრებია, ამჯერად რა იცის, რომ ახლა ეს გრძნობა რეალურია?გაეცინა თავის სისულელეზე.
  იცოდა და მთელი არსებით გრძნობდა, რომ სჭირდებოდა ის ადამიანი. მისი თუნდაც ერთი შეხება… მისი მოხვევა ისეთი სანატრელი და საოცნებო გაუხდა, რომ ამაზე ფიქრიც კი ეშინოდა… შეხება, კოცნა, მოხვევა, ნაზი სიტყვა, თბილი სუნთქვა. ყველაფერი… თითქოს საუკუნე არ უნახავთ ერთმანეთი. მისი სურათი ხელში ეჭირა, კოცნიდა და ჩუმად ტიროდა.. ითვლიდა დღეებს, წუთებს…არ იცოდა რამდენ ხანს მოუხდებოდა ლოდინი…
ტკბილია მონატრება?

ო, არა!!! თითქოს იხრჩობი. კიდევ ერთი წამი და აღარ გეყოფა ჰაერი და არაფერი, ვერაფერი გიშველის, ვერაფერი გადაგარჩენს.

მხოლოდ ის…


როგორ უნდოდა, რომ ყველაფერი სიზმარი ყოფილიყო. უნდოდა გაღვიძება და გვერდით მისი სუნთქვის შეგრძნება, მისი ძლიერი და ნაზი ხელების შეხება. მაგრამ…

ნატრობდა, რომ მონატრება დამთავრებულიყო, მაგრამ არა უბრალოდ, არა თავისით, არამედ მისი თვალების შეხვედრისას….

Комментариев нет: