ერთი რუხი მგელი დაბერდა, დაჩაჩანაკდა, მუხლმა უსუსტა, კბილებიც კი დაუცვდა
და გადაწყვიტა: მეყო მგლობა, ბოროტებას დავანებებ თავს და სიკეთის გზით ვივლი: ვიმარხულებ, მოვინანიებ, ვინძლო გატეხილი სახელი მოვიშორო და ზნეკეთილისა დავიმკვიდროო.
უნდა ტყის ბინადარი ამცნოს, მგლობას თავი დავანებე,ნურაფრის შიში გექნებათ, ცა ქუდადაც თქვენი იყოს და დედამიწა ქალამნადო. გაიგეთ, დაიჯერეთ, რომ აღარავის ვერჩიო.
მაგრამ, ვის გინდა რომ გააგებინო.დაინახავენ თუ არა, ყველა თავქუდმოგლეჯილი კისრიტეხით გარბის.
_ ნუ გეშინიათ, ის აღარა ვარ, რაც ვიყავი, ის აღარა ვარ, რაც გახსოვართო!
_ მაშინ, ვინ ხარო? _მოაძახეს
_ მგელი ვარ, მაგრამ რაც ვიყავი, ის აღარაო
_ მაშინ, ვინ? კურდღელი, შველი, ჯეირანი თუ ირემიო?
_ მგელი, მაგრამ კეთილი, მარხული, ლმობიერი…
შეჩერდნენ და დააჩერდნენ. Aრავითარი ისა და ესა, ხედავდნენ _მგელია. მოკურცხლეს და გაუჩინარდნენ. დადის საწყალი, დაძუნძულებს და დაყმუის:
_ გაიგეთ, ის აღარა ვარ. გაიგონეთ, მგელი ვარ, მაგრამ ის, რაც ვიყავი, აღარა ვარ, სათნო ვარ, ალალ-მართალიო!
ვინ დაგიჯერებს; მგელი იყო და იძახო _ მგელი არა ვარო!
Комментариев нет:
Отправить комментарий