6/13/2020

არჩილ თალაკვაძე: „ნაციონალური მოძრაობა“, ამბობს, რომ ბიზნესი „ქართული ოცნების“ შიშით არ აფინანსებს და ხალხს თვალებში ნაცარს აყრის



საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ამბობს, რომ ბიზნესი მას „ქართული ოცნების“ შიშით არ აფინანსებს, „ხალხს თვალებში ნაცარს აყრის“. ამის შესახებ მან საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო სახალხო განხილვისას განაცხადა, რომელიც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელეეთერით მიმდინარეობს.

მემგონი დღეს ბიზნესზე ზეწოლა სალაპარაკო არ უნდა იყოს, ვინაიდან 2012 წლიდან დღემდე არცერთ პოლიტიკურ პარტიას, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, რეალური დასაბუთებული პრეტენზია, რომ მისი დაფინანსება ვინმეს სურს და არ აფინანსებს, არ მოუტანია. ყოველ შემთხვევაში, მე არ მინახავს. „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც წუხს, რომ ბიზნესი მას არ აფინანსებს, ხალხს ნაცარს აყრის თვალებში და ამას ხსნის იმით, რომ ბიზნეს ეშინია „ქართული ოცნების“ და იმიტომ არ გვაფინანსებს ჩვენო, ეს არის პოლიტიკური ამნეზია.

ბიზნესი, რომელიც ღამ-ღამობით მიგყავდა პროკურატურაში და თავის ქონებას ჩუქნიდნენ სახელმწიფოს, ბიზნესი, რომელსაც მილიონობით უსამართლო გადასახადს აკისრებდი, ბიზნესი, რომლის ხელმძღვანელებიც ციხეში გყავდა, ხშირ შემთხვევაში არაადამიანური მოპყრობის პირობებში, ეს ბიზნესი თუ დღეს შენთან არ მოდის და არ გაფინანსებს, ამით გაკვირვება უბრალოდ თვალთმაქცობაა.

რაც შეეხება ახალ პოლიტიკურ პარტიებს, თუ იმ პოლიტიკურ პარტიებს, ვინც ამ სისტემურ დანაშაულებში არ იყო ჩართული, მათი ნებისმიერი პრეტენზია თუ საჩივარი იქნება სათანადოდ განხილული, თუ ისინი მოიტანენ კონკრეტულ ფაქტებს, რომ ბიზნესს უნდა მათი დაფინანსება და არ აფინანსებს“, - განაცხადა თალაკვაძემ.