4/30/2020

რატომ არ გიაქტიურდებათ ზრუნვის რეაქცია Facebook-ზე

ფეისბუკი ახალ – ზრუნვის რეაქციას ამატებდა. შესაბამისად, სხვადასხვა პუბლიკაციაზე რეაგირებისას შემდეგი არჩევანი გვექნებოდა – მოწონება, სიყვარული, სიცილი, გაოცება, სევდა, გაბრაზება და ზრუნვა. გუშინ გვიან ღამით და დღეს, საქართველოში არაერთ მომხმარებელს ჩაერთო ეს რეაქცია, თუმცა, ფეისბუკ ანგარიშების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ვერ იყენებს მას. აღნიშნულთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში არაერთ კითხვას ვხვდებით, მათ შორის, ყველაზე აქტუალურია – რატომ არ გამიაქტიურდა ზრუნვის რეაქცია და როგორ ჩავრთო? მეორე მხრივ, მომხმარებელთა ნაწილისგან იმის სწავლებასაც ვხვდებით, თუ როგორ გავააქტიუროთ ეს სიახლე ჩვენს ფეისბუკ აპლიკაციასა თუ ვებვერსიაში.

უნდა აღვნიშნოთ, რომ რეაქციის გააქტიურების გზა არ არსებობს, ის ავტომატურად დაემატება ჩვენი შესაძლო რეაქციების ჩამონათვალს. ამაში ჩვენი ჩარევის მცდელობები კი ფუჭია. თუმცა, მნიშვნელოვანია შევამოწმოთ, ფეიბუკის განახლებული აპლიკაცია გვიყენია სმარტფონზე, თუ არა (ეს, რა თქმა უნდა, არ ეხება ვებვერსიას). ისევე, როგორც ყველა სხვა ფუნქცია და სიახლე, ზრუნვის რეაქციაც ჩვენს ანგარიშებში ეტაპობრივად აისახება, რადგან ასეთი განახლებები, რა თქმა უნდა, ერთბაშად არ ხდება. მოკლედ რომ ვთქვათ, ერთადერთი, რაც დაგვრჩენია, ლოდინია და რადგან ფეისბუკმა უკვე აამოქმედა ეს განახლება, სავარაუდოდ, ლოდინი დიდ ხანს არ მოგვიწევს.

შეგახსენებთ, რომ Facebook-ის მხრიდან, ფეისბუკსა და მესენჯერში ზრუნვის რეაქციის შემოტანა COVID-19-ის შედეგად შექმნილ სიტუაციას უკავშირდება. სოციალური ქსელი, ამ ინიციატივით, მომხმარებლებისთვის ერთმანეთზე ზრუნვისა და მხარდაჭერის გამოხატვის ახალი გზის გაჩენას ცდილობს.