დღეს 26 მარტია... დიდი დღე... საქართველოს რჩეული ადამიანის, ჩვენი და ბევრი თქვენგანის ძვირფასი მწერლის, თანამედროვეობის კლასიკოსის, "კვირის პალიტრის" დიდი მეგობრის - გურამ დოჩანაშვილის 81-ე დაბადების დღე. სამწუხაროდ, გასაგები მიზეზების გამო, შინ ვერ ვესტუმრებოდი, მაგრამ გული როგორ მომითმენდა, მისალოცად და მოსაკითხად ტელეფონით მაინც არ შევხმიანებოდი.
წარმოვიდგინე, იჯდა მისაღები ოთახის მარჯვენა კუთხეში, თავის საყვარელ სავარძელში, მიფარებული ჰქონდა საყვარელი პლედი, იქვე, იატაკზე წყლის ჭიქა და სათვალე ედო, ასევე, იქვე ედო მობილურიც... ან არც
ედო, რადგან დადება-აღებას ვერც მოასწრებდა - დილიდან განუწყვეტლივ რეკავდა და ბატონი გურამიც დაუზარლად, სიხარულით, ტკბილი ხმით პასუხობდა ყველა ზარს... წარმოვიდგინე, ვინ არარ ურეკავდა და საიდან აღარ ულოცავდნენ, ულოცავდნენ, ულოცავდნენ... ბატონი გურამის დაბადების დღეს მასთან ერთად ორ-სამჯერ დავესწარი - ერთხელ თბილისში და ორჯერ ზუგდიდში და სატელეფონო
მილოცვებისას მისი ბედნიერი სახეც მინახავს, მოუხარებია კიდეც, იცით, ვინ დამირეკაო? - არადა, ამ შემთხვევაში არც ჩინიანს გულისხმობდა, ვინმეს, არც უჩინოს... უბრალოდ, ადამიანებს გულისხმობდა, მისი დაბადების დღე რომ გაახსენდათ და გულწრფელი სიყვარულით ჯანმრთელობა და დღეგრძელობა რომ უსურვეს.
- ბატონო გურამ, გილოცავთ, იდღეგრძელეთ, იხარეთ...
- ეს ქვეყანა იყოს კარგად და...
- თქვენ როგორ ხართ?
- რა ვქნა, აბა, როგორც ყველა, მეც ისე ვარ. 81 წლის გავხდი და ასაკის პირობაზე არა მიშავს რა...
- არა... სახლიდან არ გავდივარ, თვითიზოლაციაში ვარ. ნურც თქვენ გახვალთ.
- ისე, როგორი განწყობით ხართ საკუთარ დაბადების დღეს, ამ ქარტეხილებში?
- შინიდან რომ ვერ გავდივარ და ასეთი ამბები რომ ტრიალებს, ფიქრებით თითქოს 1990-იან წლებში გადავედი... დიდი მადლობა, რომ გამიხსენეთ, დიდი მადლობა ასეთი კეთილგანწყობისთვის, მეც ყოველივე სიკეთეს გისურვებთ, რაც თქვენ გაგახარებთ, თქვენს ოჯახებს გაახარებს, თქვენს საქმეს...