სანამ კითხვას დაიწყებდეთ, მინდა გითხრათ, რომ პოსტი არავითარ შემთხვევაში არ ემსახურება არცერთი მოცემული რესურსის რეკლამირებას და აბსოლუტურად ნეიტრალურია. აქვე მინდა გთხოვოთ, არ განმსაჯოთ მკაცრად, რადგან არცერთი ქვემოთ მოყვანილი სფეროს ექსპერტი არ ვარ, ამ რესურსების შესაკრებად საკუთარ თავს მხოლოდ რამდენიმე საათი მივეცი და პოსტი მხოლოდდამხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება - ცოტათი მაინც შეუმსუბუქოს მარტოობა სახლში, თვითიზოლაციაში და კარანტინში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს (ფოტოც სპეციალურად ავარჩიე მსუბუქი). კარგად ვაცნობიერებ, რომ ჩემ მიერ მოყვანილი რესურსები შორსაა იმისგან, რომ ყველანაირი გემოვნების მკითხველი დააკმაყოფილოს, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა მიუხედავად ჩემი პერფექციონიზმისა, სრულყოფილთან მეტად მიახლოებული პოსტის დაწერას და 3-4 დღეში მის გამოქვეყნებას ოპერატიულობა ვარჩიე. პირობას გაძლევთ, ახალ რესურსებს მოძიების კვალდაკვალ ჩავამატებ ხოლმე პოსტში. აქვე მინდა გთხოვოთ, თავადაც დაამატოთ ბლოგ პოსტის კომენტარებში რჩევები, ბმულები და მოსაზრებები, გამოხატოთ, რა არის თქვენთვის უფრო საინტერესო.
მაშ, ასე!
დღეს, როდესაც “დარჩით სახლში!” მსოფლიოში ყველაზე აქტუალურ და ხმამაღალ რჩევად იქცა, უამრავი ადამიანი მართლაც ოთხ კედელს შორის აღმოჩნდა მოქცეული. თავისთავად ცხადია, დახურულ სივრცეში ყოფნა უალტერნატივო რეალობაა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც კარანტინსა და თვითიზოლაციაში უწევთ ყოფნა.
ცხადია, დისტანციური მუშაობა, რომელზეც შეძლებისდაგვარად გადავიდა საჯარო თუ კერძო დაწესებულებების დიდი ნაწილი, არ ნიშნავს უსაქმოდ ყოფნას, თუმცა უნდა ვაღიაროთ, დისტანციური მუშაობა ადამიანების დიდი ნაწილისთვის გარკვეულწილად ზღუდავს გარკვეული ამოცანების შესრულების შესაძლებლობას, ზოგიერთი პროფესიონალისთვის კი სრულებით შეუძლებელს ხდის (არა მგონია, ვინმეს სურდეს, ძვირადღირებული კომერციული ტრენინგი ონლაინ პლატფორმის მეშვეობით მოისმინოს).
ამდენად, მიუხედავად იმისა, გვინდა ეს თუ არა, ადამიანების გარკვეულ ნაწილს დრო გამოუჩნდა, დრო, რომელსაც ვერ დახარჯავს იმ აქტივობებში, რომლებსაც იზოლირების საჭიროების არქონის შემთხვევაში განახორციელებდა - ვერ წავა კინოთეატრში, ვერ მოინახულებს მეგობრებსა და ნათესავებს, ვერ წავა საყიდლებზე, ვერ გაერთობა კონცერტებზე, ბარებსა თუ რესტორნებში, ვერ დაესწრება სპორტულ ღონისძიებებს და ვერ მიიღებს მათში მონაწილეობას. ერთი სიტყვით, დადგა საჭიროება გამოვიჩინოთ შემოქმედებითობა და მოვიფიქროთ, რა შეიძლება საკუთარ თავთან დარჩენილებმა გავაკეთოთ. მითუმეტეს, რომ გარდა დროის გაყვანისა, ახლა ემოციურ სიჯანსაღეზე ზრუნვაც განსაკუთრებული მნიშვნელობის ამოცანაა.
ვეცდები ფერადი ბლოგის ამ პოსტში მაქსიმალურად მოვუყარო თავი იმ საქმიანობებს, რომლებსაც შეუძლია იძულებითი მარტოობის პერიოდის შედარებით მშვიდად და ნაყოფიერად გატარებაში დაგვეხმაროს. იმედი მაქვს, თითოეული მკითხველი იპოვის მისი გემოვნებისა და შესაძლებლობების შესაფერის ვარიანტს.
იმისათვის, რომ მალევე ვიპოვოთ ჩვენთვის შესაფერისი საქმიანობა, რჩევებს კატეგორიებად დავყოფ, რომელთაც შრიფტის ზომით გამოარჩევთ.
დავიწყოთ კითხვით, თუმცა კითხვას უამრავი სხვადასხვა მიზანი შეიძლება ჰქონდეს, ამიტომ, მივყვეთ რიგრიგობით:
წიგნები
მათ, ვინც სახლშია და მდიდარი ბიბლიოთეკა აქვს, ვფიქრობ, ამ კუთხით ჩემი რჩევა არ სჭირდება. დარწმუნებული ვარ, ყველას გვაქვს გონებაში (ან ბლოკნოტში) ის წიგნები, რომელთა წაკითხვაც ყოველთვის გვინდოდა, დრო კი ვერასოდეს გამოვნახეთ. მგონი სწორედ ახლაა შესაფერისი დრო გადავიკითხოთ ჩვენი ბიბლიოთეკის მარგალიტები.
მათ, ვინც ვერ დაიკვეხნის მდიდარი ბიბლიოთეკით, ვინც თვითიზოლაციის პერიოდს ნაქირავებ ბინაში ატარებს ან სულაც საკარანტინო სივრცეშია, ონლაინ რესურსების გამოყენება დასჭირდება.
როგორც ვიცით, ქართულმა ონლაინ-წიგნების მაღაზია საბამ 6 000+ წიგნზე ერთი თვით უსასყიდლოდ მოგვცა წვდომა.
მათ, ვისაც ინგლისურ ენაზე კითხვა ურჩევნია, ქვემოთმოცემული ბმული 20 საუკუთესო უფასო ონლაინ ბიბლიოთეკას წარმოგიდგენთ:
რუსული კლასიკური ლიტერატურის მოყვარულებს საკმარისზე მეტი ლიტერატურა დაგხვდებათ პორტალზე - www.100bestbooks.ru
ზემოთმოყვანილი გვერდიდან ზოგიერთი ასევე გვთავაზობს უფასო აუდიოწიგნებს.
ჟურნალები
ვისაც ჟურნალების კითხვა გირჩევნიათ, აქაც საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანი გვაქვს.
ჟურნალების ონლაინ ვერსიების ექსპერტობით ვერ დავიკვეხნი, როგორც წესი, პრიალა ფურცლების ფურცვლა მირჩევნია ხოლმე, თუმცა რამოდენიმეს აქაც მოვუყარე თავი, აქედან პირველი სამი ჩემი ფავორიტია:
National Geographic – ის ქართული გამოცემის ვებ-გვერდი ბლოგების სახით გვთავაზობს ჟურნალებში განთავსებულ სტატიებს.
თუკი ფსიქოლოგია გაინტერესებთ, შეგიძლიათ ჟურნალის ინგლისურენოვან გვერდს ეწვიოთ - www.psychologies.co.uk
თუ რუსულად კითხვა უფრო გიადვილდებათ, შეგიძლიათ ჟურნალის რუსულენოვანი ვერსია წაიკითხოთ - www.psychologies.ru
მათ, ვინც სამყაროს ფოტოების მეშვეობით უკეთ აღიქვამს, ინტერნეტ ჟურნალი www.photoessay.ge უამრავ საინტერესო სტატიას სთავაზობს.
www.forbes.ge - ვფიქრობ, ფორბსის ქართულ გამოცემას განმარტება არ სჭირდება.
ინგლისურენოვანი ჟურნალების პორტალთა არჩევანს გვთავაზობს გვერდი
Fliphtml5 - https://fliphtml5.com/learning-center/top-10-websites-to-read-magazines-online-for-free/
რუსულენოვანი ჟურნალების მოყვარულებს მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ პორტალი - http://jurnali-online.ru/
ფილმები, სერიალები, ანიმეები და მულტიპლიკაციური ფილმები
ეს ნაწილი ყველაზე რთული აღმოჩნდა ჩემთვის, რადგანაც უნდა ვაღიარო - მე და კინემატოგრაფი ისევე შორს ვართ ერთმანეთისგან, როგორც ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსები.
თუმცა, ის კი ვიცი, რომ ფილმების, სერიალების, მულტიპლიკაციური ფილმების მოყვარულებს ერთგული და შეუცვლელი www.adjaranet.com და www.imovies.ge დაეხმარება.
თუ ვინმეს ანიმეები გიყვართ, შეგიძლიათ შემდეგ ორ ბმულზე იპოვოთ:
განვითარება და შემეცნება
ეს კატეგორია ჩემი ფავორიტია და განსაკუთრებული სიამოვნებით გიზიარებთ იდეებს.
თვითგანვითარება ფართო ცნებაა. ადამიანს შეუძლია ბევრი სხვადასხვა მიმართულებით განვითარდეს - გაიძლიეროს პროფესიული უნარები, შეიძინოს და განივითაროს ე.წ. რბილი უნარები (soft skills), გამოიმუშავოს სასარგებლო ჩვევები და უარი თქვას მავნე ჩვევებზე.
ალბათ თითოეულ ჩვენგანს “დიდი ხანია გვინდოდა” რაიმე ახალი გვესწავლა, ან უკვე არსებული უნარები გაგვეძლიერებინა.
თუკი საინტერესო და სასარგებლო კურსების გავლა გინდათ, ამის ძალიან ფართო არჩევანს გაძლევთ პორტალი - Coursera. - www.coursera.org
დიახ, იმისათვის, რომ სერტიფიკატი მიიღოთ, თანხის გადახდა მოგიწევთ, თუმცა თუ თანახმა ხართ ტრენინგი სერტიფიკატის გარეშე გაიაროთ, ამას უსასყიდლოდაც თავისუფლად შეძლებთ.
პირადად მე Emory - ს უნივერსიტეტის კურსი გავიარე აივ/შიდსის შესახებ და გულახდილად გეტყვით, უფრო საინტერესო და მდიდარი გამოცდილება ცოტა ყოფილა ჩემ ცხოვრებაში. ცხადია, ყველა კურსი თანაბრად ხარისხიანი და საინტერესო ვერ იქნება, თუმცა ცდად ნამდვილად ღირს.
უფასო არ არის, თუმცა ხშირად 70-90% ფასდაკლებებით სთავაზობს მომხმარებელს სალექციო და სატრენინგო კურსებს პორტალი UDEMY, სადაც 100 000 - ზე მეტი სატრენინგო კურსია თავმოყრილი. www.udemy.com
სატრენინგო კურსებზე მომხმარებელს ძალიან დიდ ფასდაკლებებს სთავაზობს ასევე New Skills Academy - ს ბრიტანეთისა და აშშ-ს პორტალები
თუკი კონკრეტული სამეცნიერო მიმართულებების, კონკრეტული საგნების ცოდნის გაღრმავება გსურთ, ამაშინ ხანის აკადემია დაგეხმარებათ. მნიშვნელოვანია, რომ ხანის აკადემიის ქართული ვერსიაც არსებობს
სხვადასხვა მიმართულებით უფასო სალექციო მასალები, ვიდეოები და პოდკასტები თავმოყრილია ვებ-გვერდზე Open Culture
უფასო ლექციების კიდევ ერთ დიდ მომწოდებელს წარმოადგენს პორტალი Academic Earth - https://academicearth.org/
კურსების ერთ-ერთ ყველაზე დიდ და ცნობილ პლატფორმას წარმოადგენს EdX – www.edx.org აქ 140 უნივერსიტეტის 2500 კურსი შეგიძლიათ იპოვოთ.
ძალიან საინტერესო პლატფორმაა Alison - www.alison.com .
გარდა კურსების მრავალფეროვნებისა, იგი იმითაც არის გამორჩეული, რომ სრულიად უსასყიდლოდ გაძლევთ სხვადასხვა მიმართულებით სერტიფიცირების შესაძლებლობას.
აღსანიშნავია, რომ უფასო კურსებს მსოფლიოს მოწინავე უნივერსიტეტებიც გვთავაზობენ, აქ რამდენიმე მათგანს ჩამოვთვლი
სტენფორდის უნივერსიტეტი - https://online.stanford.edu/courses
ჰარვარდის უნივერსიტეტი - https://www.extension.harvard.edu/open-learning-initiative
იელის უნივერსიტეტი - https://oyc.yale.edu/
კალიფორნიის უნივერსიტეტი, ბერკლი - https://www.class-central.com/university/berkeley
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი https://ocw.mit.edu/index.htm
თუკი უცხო ენის სწავლის დაწყება გვინდა, ვფიქრობ ახლა ყველაზე შესაფერისი მომენტია. ინტერნეტში უამრავი რესურსია საამისოდ, თუმცა ჩემი ფავორიტი ქართველი პროფესიონალების მიერ შექმნილი ლინგვინგია - www.lingwing.com
ულიმიტო პაკეტისთვის მცირეოდენი თანხა დაგჭირდებათ, თუმცა გვერდზე უფასო პაკეტიც არის წარმოდგენილი.
ჩემთვის ცალკე სამყაროა და ვფიქრობ, ცალკე გამოყოფას იმსახურებს სოციალური მედიის აპლიკაცია - www.pinterest.com პლატფორმა, სადაც მილიონობით პასუხია კითხვაზე “როგორ?” - იქნება ეს პროფესიული განვითარება, პიროვნული ზრდა , ფინანსები, ჯანმრთელობა, ურთიერთობები, ე.წ. “ლაიფჰაკები”, სწავლა-განათლება, კულტურა, საყიდლები, ტურიზმი, გასტრონომია თუ რომელიმე სხვა სფერო, პინტერესტს ყველაფერზე აქვს პასუხი.
თვითგანვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა
პიროვნული განვითარება. რა არის პიროვნეული განვითარება და როგორ უნდა განვსაზღვროთ, რა მიმართულებით გვჭირდება “წაშველება”?
ვფიქრობ, თითოეულმა ჩვენგანმა თავად უკეთ იცის, რისი გამოსწორება და გაძლიერება სჭირდება იმისათვის, რომ უფრო გამთლიანებული პიროვნება, უკეთესი პროფესიონალი, ლიდერი, მშობელი, შვილი ან მეგობარი იყოს. თუმცა ადამიანები ხშირად არ ვართ დარწმუნებული, თუ რა გზით შეგვიძლია ესა თუ ის უნარი გავიძლიეროთ.
ვფიქრობ, ახლა სწორედ რომ შესაფერისი მომენტია იმისთვის, რომ საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები გავიაზროთ. ამისათვის პირველ რიგში, სტეფან ქავის გამთლიანებული პიროვნების მეთოდს გთავაზობთ (და აქვე არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ აღნიშნულ მეთოდს უამრავი ქარველი ახალგაზრდა ბნ-მა გია მაისაშვილმა გვაზიარა). აღნიშნული მიდგომის თანახმად, გამთლიანებული ადამიანი ოთხი მიმართულებით უნდა იყოს განვითარებული: სხეული, გონება, გული და სული. ჩამოწერეთ, რისი გაკეთება გჭირდებათ თითოეული მიმართულებით, რა ამოცანები უნდა შეასრულოთ იმისათვის, რომ ყველა მიმართულებით თანაბრად განვითარდეთ, განსაზღვრეთ, სად გაქვთ ჩავარდნები და დასახეთ მათი გამოსწორების გზები.
მეორე, რაც ვფიქრობ, რომ სასარგებლო და ნაყოფიერია, არის იმ თვისებებისა და ჩვევების გააზრება, რომელთა შეძენა ან/და რომელთანაგაც გათავისუფლება გვსურს. მნიშვნელოვანია, მკაფიოდ განვსაზღვროთ, რისი განვითარება გვსურს, ამისთვის გრძელვადიანი გეგმა (ანუ მიზანს + ბოლო ვადა) დავსახოთ (მაგ. მინდა, რომ 1 წელიწადში მაქსიმალურად ეფექტიანად ვმართავდე ჩემს დროს), შემდეგ იგი საშუალოვადიან გეგმებად დავყოთ და ბოლოს განვსაზღვროთ, თუ რა ყოველდღიურ ქმედებებში უნდა აისახოს ჩვენი საშუალოვადიანი გეგმა, იმისათვის, რომ დათქმული დროისთვის მიზანს მივაღწიოთ.
ხელოვნება და ონლაინ ტურიზმი
მუსიკის მოსმენა ჩვენთვის ყველასათვის ნაცნობ www.youtube.com - სა და www.soundcloud.com - ზე შეგვიძლია.
ძალიან საინტერესო შესაძლებლობას - ვირტუალურად გავეცნოთ ხელოვნების ნიმუშებს გვთავაზობენ მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმები.
საინტერესოა, რომ ბევრი ტურისტული ატრაქციის თუ უბრალოდ ამა თუ იმ ქალაქის ქუჩების დათვალიერება ლაივ კამერების საშუალებით არის შესაძლებელი. გამოგიტყდებით, ჩემი ფავორიტი - ნიაგარას ჩანჩქერია - www.earthcam.com
თუ დედამიწა არ გვყოფნის შემეცნებისთვის, შეგვიძლია ვირტუალურად ვარსკვლავებსაც გავეთამაშოთ - https://stellarium-web.org/
თუ ვინმეს ღრმად გვაინტერესებს ასტრონომია, შეგვიძლია კოსმოსს ონლაინ ტელესკოპის მეშვეობით დავაკვირდეთ - http://www.worldwidetelescope.org/webclient/
ჰობი და ინტერესები:
მგონი სწორედ ახლა გვაქვს საკმარისი დრო ახალი ჰობი შევიძინოთ ან ახალი სუნთქვა შევძინოთ ძველ გატაცებას. ეზოთერიკა გვაინტერესებს? - ბევრი რამ შეგვიძლია ვიპოვოთ იუთუბზე, წიგნებში თუ ფილმებში, დიდი ხანია ზედმეტი ნივთებისგან სახლის გათავისუფლება გვინდოდა? - ზღვა ინფორმაციაა ხელმისაწვდომი, მინიმალიზმმა გაგვიტაცა? - უამრავი ადამიანი გვიზიარებს ვირტუალურად თავის გამოცდილებას. ვფიქრობ, აქ მნიშვნელოვანია მოქნილობა და ღიაობა სიახლეებისადმი, მნიშვნელოვანია ვეძებოთ, ვეძებოთ, ვეძებოთ, სანამ იმას არ ვიპოვით, რაც ნამდვილად გაგვაბედნიერებს.
რელაქსაცია
მოცემულ სიტუაციაში რელაქსაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ისევე, როგორც ყველა სხვა სფეროში, აქაც არ დაობენ გემოვნებაზე. ვიღაცისთვის რელაქსაცია წიგნი ან ფილმია, ვიღაცისთვის მედიტაცია (შეგიძლიათ მრავლად იპოვოთ youtube - ზე). თუ საკუთარ სახლში ვართ, შეგვიძლია ამისთვის მუსიკალური ინსრუმენტები გამოვიყენოთ, ვიმზარეულოთ, შევქმნათ სამკაული, ვქსოვოთ, ვქარგოთ, ვხატოთ, ვძერწოთ ან სარელაქსაციო მანდალები გავაფერადოთ, თუმცა სახლს გარეთ, სადაც ამის პირობები ნაკლებად არის, შეგვიძლია ონლაინ გასაფერადებლები გამოვიყენოთ - www.colormandala.com
განტვირთვის კარგი ხერხია კროსვორდები. ამ შემთხვევაში ვფიქრობ, ყველაზე უპრიანი ონლაინ კროსვორდების შევსებაა
ფაზლების დიდი კოლექცია გელოდებათ ვებ-გვერდზე https://www.jigsawplanet.com/
რელაქსაციის ერთ-ერთი გამორჩეული გზაა კარაოკე. Youtube - ზე შეგიძლიათ უამრავი სიმღერის კარაოკე ვერსია მოიძიოთ, ოღონდ დარწმუნდით, რომ არავის შეაწუხებთ.
ადამიანების ერთი ნაწილი სარელაქსაციოდ ვიდეო თამაშებსაც წარმატებით იყენებს, თუმცა აქ სიფრთხილე გვმართებს - თამაშის შინაარსი და ხანგრძლივობა ყოველთვის არ იძლევა მოდუნების ეფექტს.
ვფიქრობ, მოდუნების და მძიმე ფიქრებისგან გათავისუფლების ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო გზა დღიურის წერაა. ადამაინების დიდ ნაწილს ეხმარება ემოციების მართვასა და ჰარმონიის მიღწევაში - თქვენც სცადეთ!
თვითგამოხატვა
თუკი ფიქრობთ (ან გეუბნებიან), რომ კარგად გამოგდით წერა, საუბარი, საკუთარი აზრების გამოხატვა ან მასალის გადმოცემა, შესაფერისი დროა დაიწყოთ - ბლოგის ან ვიდეო ბლოგის წარმოება, ლექსების, ჩანახატების, ესსეების წერა.
და ბოლოს რა თქმა უნდა დესერტი - ურთიერთობა!
მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა ჩვენგანი დავიღალეთ, დავისტრესეთ და ზოგჯერ შეიძლება არავისი ნახვა არ გვინდოდეს, ადამიანს, როგორც სოციალურ არსებას სასიცოცხლოდ სჭირდება სხვა ადამიანებთან ურთიერთობა.
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებთან ფიზიკური ინტერაქცია გვეკრძალება, დალოცვილი ინტერნეტი კომუნიკაციის საშუალებების დიდ არჩევანს გვაძლევს და დარწმუნებული ვარ, ეს ერთი შეხედვით მარტოობისთვის განკუთვილი პერიოდი ბევრ მონატრებულ მეგობართან “შეგვახვედრებს” ვირტუალურ სამყაროში.
ჯანმრთელობას გისურვებთ, ერთად ყველაფერს დავძლევთ!