2/04/2020

სოხუმში აქციის მონაწილეებმა კარვები გაშალეს (ვიდეო)




4 თებერვალს სოხუმში დე ფაქტო პარლამენტის შენობის წინ საინიციატივო ჯგუფმა კარვები გაშალა და უვადო აქცია დაიწყო. ისინი მოითხოვენ, პარლამენტმა დაუყოვნებლივ მიიღოს საჯარო მოხელეთა „საშემოსავლო დეკლარაციების“ შესახებ კანონი.
ადგილზე 20-მდე აქტივისტი იმყოფება, ისინი კანონის მიღებამდე გაშლილ კარვებში დარჩენას აპირებენ.
აქციის ერთ-ერთი მონაწილე ასტამურ კაკალია ამბობს, რომ აქციის ზოგი მონაწილე კარვებში ღამის გათევას გეგმავს.
„ვცდილობ გადავაფიქრებინო და დეპუტატებს მივენდო, მაგრამ ყველა ამას არ თანხმდება“, - ამბობს ასტამურ კაკალია „ნუჟნაია გაზეტასთან“ საუბარში.
დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატის ასტამურ ლოგუასთვის გაუგებარია, რას უკავშირდება აქცია საკანონმდებლო ორგანოს წინ, ვინაიდან საკანონმდებლო ინიციატივა განსახილველ საკითხთა ჩამონათვალშია და სესიაზე 6 თებერვალს გავა.
მისი თქმით, აქციის ზოგი მონაწილე კანონის დღესვე მიღებას მოითხოვს.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის ჯანსუღ ადლეიბას სიტყვებით, ისინი არ დაიშლებიან, თუნდაც კანონის მიღებას რამდენიმე თვე დასჭირდეს.
„7 წელი ველოდით... ჩვენ მოვითხოვთ კანონის მიღებას“, - აცხადებს ის.
კანონპროექტი საჯარო მოხელეთა შემოსავლების დეკლარაციასთან დაკავშირებით დე ფაქტო პარლამენტს ორი მოსმენით აქვს მიღებული, კანონად ქცევას კი ოთხი მოსმენა ესაჭიროება.