ისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს თუ როგორ უნდა მოიქცნენ ისინი ისრაელში განგაშის სიგნალის ამოქმედების შემთხვევაში.
„სირენის/განგაშის სიგნალის ან აფეთქების ხმის გაგონებისთანავე უნდა განხორციელდეს შემდეგი ქმედებები, რაც დამოკიდებულია თქვენ ადგილმდებარეობაზე, კერძოდ:
შენობაში - უნდა შეხვიდეთ დაცულ სივრცეში, თავშესაფარში ან სპეციალურ დაცულ ოთახში, დაკეტოთ კარები და ფანჯრები;
შენობის გარეთ ყოფნისას - შედით უახლოეს შენობაში, იმ შემთხვევაში თუ ახლოს არ მდებარეობს სპეციალური თავშესაფარი. თუ თქვენს ახლოს არ არის არც ერთი შენობა, დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები;
ავტომობილში - გააჩერეთ, გადმოდით ავტომობილიდან და შედით უახლოეს შენობაში ან თავშესაფარში. თუ თქვენს ახლოს შენობა ან თავშესაფარი არ მდებარეობს, გადმოდით მანქანიდან დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები;
სამ ან მეტსართულიან შენობის ბოლო სართულზე მცხოვრები პირები, თუ შენობაში არ არის დაცული სივრცეები (თავშესაფარი, სპეციალური ოთახი), უნდა დაეშვან ორი სართულით ქვემოთ;
სამსართულიან შენობაში ბოლო სართულზე მცხოვრები პირები, თუ შენობაში არ არის დაცული სივრცეები (თავშესაფარი, სპეციალური ოთახი), უნდა დაეშვან ერთი სართულით ქვემოთ;
დაუშვებელია შენობის შესასვლელში, სადარბაზოებში მოქალაქეების გაჩერება;
სხვა ინსტრუქციის არ არსებობის შემთხვავში, სირენის/განგაშის სიგნალის დასრულებიდან 10 წუთის შემდეგ შეგიძლიათ, დატოვოთ შენობა;
დაუშვებელია ჩამოგდებულ რაკეტასთან ან სხვა ობიექტთან მიახლოება. ასეთ შემთხვევაში მოუწოდეთ მოქალაქეებს, არ მიუახლოვდნენ ობიექტს/ჩამოგდებულ რაკეტას და აცნობეთ პოლიციას;
თვალყური ადევნეთ მედიას შემდგომი ინსტრქუციების მისაღებად.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით: ისრაელის საგანგებო სიტუაციების სამსახურს ვეგ-გვერდი: www.oref.org.il, სოციალური მედიით (Facebook) ან შემდეგ ტელეფონზე: 104"- აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ღაზას სექტორიდან გამოსროლილი რაკეტებით დაიბომბა სამხრეთი ისრაელის ტერიტორია. პალესტინელი ჯიჰადისტის მკვლელობის შემდეგ ადგილობრივმა რადიკალებმა ათეულობით რაკეტა და სახელდახელოდ დამზადებული ჭურვი ისროლეს ებრაული ქალაქების მისამართით.