10/02/2019

Soviet Fashion / საბჭოთა მოდა / Советская мода




















სპეცპროექტში გამოყენებულია ტექსტების ფრაგმენტები და ფოტოები ჟურნალებიდან: „საქართველოს ქალი“ 1961-1988 / „საბჭოთა ქალი“ 1957-1959 / „პირიმზე“ 1969-1988 / „მოდების ჟურნალი“ 1971-1972 / „მოდების ალბომი“ 1960-1966 / მოდა 1989-1992 / „ქართული მოდა“ 1997 / „ქალთა გაზეთი“ 1998
მსუბუქი მრეწველობის შემოქმედებითი კოლექტივები ყოველ წელს იკრიბებიან რესპუბლიკათშორისო თათბირებზე ახალი მოდის საერთო საკითხების განსახილველად. ასეთ მეთოდურ თათბირებზე მოდის სპეციალისტები აბარებენ მთელი წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს ანგარიშს, ეცნობიან მეგობრების წარმატებებს, გამოცდილებებს უზიარებენ ერთმანეთს და იღებენ გადაწყვეტილებებს შემდეგი წლის მოდის მიმართულებების შესახებ.
„თანამედროვე ტანსაცმელი მეტად სადა და მოხერხებულია. უკანასკნელი წლების განმავლობაში იგი აშკარად გამოხატულ სპორტულ ხასიათს ატარებს. სპორტული სტილი ამ სეზონშიაც მოდის საფუძვლად გვევლინება. მაგრამ მის გვერდით 1968 წლის მოდაში თავს იჩენს რომანტიკული, ქალური ელემენტები. საყოველდღეო და სასპორტო ტანსაცმლისათვის დამახასიათებელია სპორტულობა, ხოლო გამოსასვლელი კაბებისა და საღამოს კომპლექტებისთვის – სინატიფე, ხაზების სიმსუბუქე და ელეგანტურობა.
მოდაშია 3 ძირითადი სილუეტი: სწორი, ოდნავ წელში გამოყვანილი და „ტრაპეცია“. სწორი სილუეტი – კლასიკური სილუეტია, იგი უხდება ყველა ზომისა და ყოველი ასაკის ქალს. ამ სილუეტისთვის დამახასიათებელია სწორი ზურგი და ნახევრად ტანზე მომდგარი წინა კალთა. ამ სილუეტის ტანსაცმელი უმეტესად გაგანიერებულია ბოლოში; წელის ხაზი რამდენადმე მაღლაა აწეული. 
ყველაზე მოდური სილუეტია „ტრაპეცია“. იგი მხრებიდან ან იღლიის ხაზიდანაა გაგანიერებული და გათვალისწინებულია ახალგაზრდებისათვის. ახალგაზრდა ტანად ქალებს შეუძლიათ გამოიყენონ სამივე მოდური სილუეტი, უფრო ხანდაზმულ და სრულ ქალებს კი შეეფერება სწორი სილუეტი და ოდნავ წელში გამოყვანილი სილუეტი სწორი ფორმის ქვედაკაბით.
ფერების გამა ხალისიანია. მოდაშია როგორც ღია, ხასხასა ფერები, ასევე ნაზი, პასტელური ტონები. ესენია: მწვანე, ყვითელი, ნარინჯისფერი, ჟოლოსფერი, იისფერი, ქვიშისფერი, ღია წითელი, ყავისფერი. მოდაში რჩება კლასიკური ფერებიც: შავი, თეთრი და მუქი ლურჯი.
თანამედროვე მოდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია – სიგრძე. უკანასკნელ წლებში დამკვიდრდა ტანსაცმლის სიგრძე მუხლის შუა ხაზზე. წელს უფრო მოკლე ტანსაცმელია მოდაში, რამდენიმე სანტიმეტრით მუხლს ზევით. მაგრამ ასეთი ტანსაცმელი რეკომენდებულია მხოლოდ ძალიან ახალგაზრდა ტანადი ქალებისათვის. ხანში შესულ და სრულ ქალებს შედარებით გრძელი ტანსაცმელი მოუხდება.
ახალი მოდის დამახასიათებელი დეტალებია: საყელო – „სტოიკა“, ჩაჭრილი ან ზემოდან დაკერებული ჯიბეები, პაგონები, ორკალთიანი და ერთკალთიანი შესაბნევი, სწორი ფორმის მხრები; სახელოს ფორმა მრავალგვარია: ჩადგმული, მთლიანად აჭრილი, რეგლანი ან კომბინირებული. წელის ხაზი შეიძლება იყოს ბუნებრივ ადგილზე, მასზე ცოტა მაღლა ან დაბლა.
ჩვენი ხალხის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებასთან ერთად სულ უფრო და უფრო მდიდრდება ქალის ტანსაცმლის ასორტიმენტი. თანამედროვე ქალის გარდერობში გაჩნდა სხვადასხვა დანიშნულების ტანსაცმელი: საყოველდღეო, სასპორტო და საგარეო კაბები და კომპლექტები.
ძალიან დიდი ყურადღება ექცევა ჩაცმულობის საერთო მთლიანობას, ანსამბლურობას. იმისათვის, რომ შეიქმნას სრულყოფილი ანსამბლი, საჭიროა, ტანსაცმლის ცალკეული ელემენტები ჰარმონიულად ერწყმოდეს ერთმანეთს. ქუდი, ჩანთა, ფეხსაცმელი, წინდები, სამკაულები ისე უნდა იყოს შეხამებული ერთმანეთთან და ტანსაცმელთან, რომ ერთ მთლიან მხატვრულ სახეს ქმნიდეს.
მამაკაცის ტანსაცმელი წარმოდგენილია ორი სილუეტით: სწორი და ოდნავ წელში გამოყვანილი. მოდის ცვლილებამ გავლენა იქონია მამაკაცის ტანსაცმელზეც; პიჯაკები დაგრძელდა, საყელო და ბორტები გაგანიერდა, წელის ხაზმა ბუნებრივზე ოდნავ მაღლა აიწია. შესაბნევი ორკალთიანიც გვხვდება და ერთკალთიანიც. შარვლები კვლავ ვიწრო და სწორი ფორმისაა, მანჟეტების გარეშე. პალტოებიც ისევ ისე მოკლე დარჩა.
ახალგაზრდული სპორტული სტილის ანსამბლი; სწორი ფორმის პალტო, ზურგზე დიდი შემხვედრი ნაკეცით და სტუდენტური კაბა, განიერი ტყავის ქამრით. ზომები 44–48. ავტორი ნ. ტოლსტუხინა
განა არსებობს მოდისადმი გულგრილი ქალი? - არა მგონია. ყველაზე მოუცლელ ქალსაც კი წაუცდება ხელი მოდების ჟურნალისაკენ, წამით მაინც შეჩერდება მოდების დემონსტრირებისას, თუნდაც ძალიან ეჩქარებოდეს.
გამოსასვლელი კაბა ახალგაზრდა ქალისათვის შავი ფერის აბრეშუმის ქსოვილისაგან; თავისუფალი ფორმის ლიფით და მძივებით ნაქარგი ჯიბისპირებით. ზომები 44–48. ავტორი თ. კალანდაძე
ახალგაზრდული კომპლექტი ტურისტული ლაშქრობებისათვის, სპორტული სტილის ქურთუკი მჭიდროდ ნაქსოვი შალისაგან და კოფთა და კვედაკაბა–შარვალი შედარებით რბილი უჯრედებიანი ქსოვილისაგან. ზომები 44–46. ავტორი ნ. ტოლსტუხინა
ჯერ კიდევ სულ რამდენიმე წლის წინათ მოდაზე ადვილი იყო საუბარი – ტანსაცმლის სიგრძე, ფორმა, სილუეტი თუ ქსოვილის ფერი მკაფიოდ იყო გამოკვეთილი და დადგენილი ამა თუ იმ სეზონისა და წლისათვის. დღეს კი იმდენად ფართო და მრავალფეროვანია მოდის წინადადებათა რეპერტუარი, რომ ძნელია გამოყო ან უპირატესობა მისცე რომელიმე მათგანს. მოდა კი აღარ გვკარნახობს, არამედ გვთავაზობს და გვირჩევს, ყურადღება მივაქციოთ მის ახალ მიმართულებასა და ტენდენციებს. რაშია საქმე, რატომ დაკარგა მოდამ მისთვის დამახასიათებელი კატეგორიული ტონი, დიქტატორული უფლებები და ასეთი გულმოწყალე გახდა? ალბათ ამის მიზეზი უნდა ვეძიოთ ჩვენი ცხოვრების აჩქარებულ ხასიათში, რომელმაც თანდათან უმატა სვლას, სულ უფრო მრავალმხრივი, დაძაბული გახდა და ადამიანები რთულსა და უმეტესად ურთიერთსაწინააღმდეგო მოვლენებში მოაქცია. აუცილებელი გახდა, მოდას პრინციპულად შეეცვალა ხასიათი და დემოკრატიული გამხდარიყო. ეს მოვლენა საინტერესოა არა მარტო ესთეტიკური, არამედ ფსიქოლოგიური და სოციალური თვალსაზრისითაც.