10/10/2019

"უცბათ შუა კონცერტის დროს სცენაზე ჩამოჯდა და ტირილი დაიწყო..." - რა დაემართა ანრი ჯოხაძეს ბათუმში კონცერტის დროს


ანრი ჯოხაძე სოლოკონცერტამდე რამდენიმე დღით ადრე საკუთარი კონცერტის ბილეთებს ითხოვდა. 31 აგვისტოს, ბათუმის მუსიკალურ ცენტრში, მის კონცერტზე, სრული ანშლაგი ყოფილა.

„არ არსებობს სიტყვები, რომლითაც გამოვხატავ ამ ემოციებს. მადლობა ერთგულებისთვის” – „ფეისბუქზე“ მეგობრებს მიმართა ანრიმ და კონცერტის ფოტოები გამოაქვეყნა.

მომღერალმა დუეტები შეასრულა და-ძმასთან, ნინი ბადურაშვილთან და გიორგი გილიგაშვილთან.

ნინი ბადურაშვილი: - გია მაჭარაშვილის ძველი სიმღერის - „საღამომდე“ რიმეიქი ჩავწერეთ. ამ სიმღერას მერაბ სეფაშვილი ასრულებდა. ანრიმ გააკეთა არანჟირება. ძალიან კარგი გამოვიდა, კმაყოფილი ვარ. ანრის კონცერტზე ამ სიმღერის პრემიერა შედგა. მგონი, პოპულარობა ექნება. ეს ჩვენი მეორე დუეტია. ორი წლის წინ, ასევე ანრის კონცერტზე ვიმღერეთ პირველი დუეტი ბათუმში - „რა მინდოდა“. ანრისთან დუეტში სიმღერა კომფორტულია. სცენაზე თავისუფალია და მის გვერდით შენც ბედნიერდები.

მაკა რაზმაძე: - ნახევარ საათიანი აპლოდისმენტები კონცერტის შემდეგ და ემოციისგან აფეთქებული დარბაზი... ისეთი ემოცია ტრიალებდა ირგვლივ, ანრის ცრემლი წამოუვიდა და სცენაზე ჩამოჯდა. კიდევ ერთხელ გილოცავ, მეგობარო, ასეთი კონცერტი ძალიან იშვიათია არამარტო საქართველოში - მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყანა იამაყებდა შენით. მიყვარხარ და ბედნიერი ვარ, რომ ჩემი მეგობარიც გქვია.

დალი ჩიტალაძე: - კიდევ ერთი დიდი დღე შენს შემოქმედებაში, და დარწმუნებული ვარ - უკეთესი და უკეთესი იქნება. ასეთი დღეები და ბევრი. შენ ის შემომქმედი ხარ, ვინც სულ ვითარდება და შრომა არ ეზარება, გილოცავ და მიყვარხარ ძალიან.