კლიმატის ცვლილების თინეიჯერმა აქტივისტმა, გრეტა თუნბერგმა აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ მასზე ნათქვამი სიტყვები ტვიტერის აღწერაში დაიმატა. გაეროში თუნბერგის ემოციური გამოსვლის შემდეგ დონალდ ტრამპმა დაპოსტა:
"როგორც ჩანს, ის ძალიან ბედნიერი ახალგაზრდა გოგოა, რომელიც მოუთმენლად ნათელ და მშვენიერ მომავალს ელის. როგორი სასიამოვნო სანახავია!"
ცნობილია, რომ პრეზიდენტი ტრამპი კლიმატური ცვლილების მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი და აშშ-ს პარიზის შეთანხმებაც დაატოვებინა. სწორედ ამის გამო, ბევრმა ტრამპის კომენტარი დაცინვად აღიქვა.
23 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის გახსნაზე გრეტა თუნბერგმა კლიმატის ცვლილებასა და მსოფლიო ლიდერების მხრიდან უყურადღებობაზე ისაუბრა.
"ყველაფერი ეს არასწორია. მე აქ არ უნდა ვიყო, სკოლაში უნდა დავბრუნებულიყავი. თქვენი ფუჭი საუბრით მომავალი და ბავშვობა წამართვით. მასობრივი გადაშენება იწყება, მაგრამ ერთადერთი რაზეც საუბრობთ, ფული და ზღაპრებია უსასრულო ეკონომიკურ ზრდაზე. როგორ ბედავთ!" — აღნიშნა თუნბერგმა ემოციური გამოსვლისას.
რეტა თუნბერგი კლიმატის ცვლილების აქტივიზმის მთავარ სახედ იქცა. 2018 წელს მან სტოკჰოლმში, პარლემენტის შენობასთან აქცია მოაწყო და უარი თქვა პარასკეობით სკოლაში სიარულზე, სანამ ხელისუფლება პარიზის შეთანხმების შესრულებას არ დაიწყებდა.
თუნბერგის აქციამ დიდი ყურადღება მიიპყრო და მას სხვა მოსწავლეებიც შეუერთდნენ. ამის შემდეგ მას ხშირად იწვდნენ კონფერენციებსა და აქციებში მონაწილეობისთვის. ის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზეც წარადგინეს.