9/30/2019

"გამარჯობა, მე დათუნა ვარ, არც შეყვარებული ვყოფილვარ და არცშვილი გამიჩენია, იმიტომ რომ 18 წლის ასაკში თავი მოვიკალი..."

გამარჯობათ! მე დათუნა ვარ, და მინდა 18 წლის შემდეგ მომხდარი ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები მოგიყვეთ ჩემი ცხოვრებისა:


2/07/2010 – სკოლაში საუკეთესო მოსწავლედ მაღიარეს, რადგან მთელი ჩემი ძალით ვცდილობდი საუკეთესო შედეგი დამედო.
15/08/2010 – ჩემი ოცნება ახდა, ჩავაბარე სამედიცინო უნივერსიტეტში! ბავშვობიდანვე ჩამესმოდა, რომ სხვებს უნდა დავხმარებოდი და აი, დავადექი ამ გზას.
1/01/2011 – მშობლებმა მანქანით დამასაჩუქრეს! როგორ გამიხარდა!
თუმცა ზედმეტი მომივიდა. ერთ დღეს, მეგობრებთან ერთად, სიჩქარეს გადავაჭარბე, სველ საფარზე მოვსრიალდი და საგზაო შემთხვევაში მოვხვდით. ყველანი საავადმყოფოში.. გადავრჩით, ოღონდ რის ფასად! ღმერთის წყალობით, სიკვდილს გადავურჩით. მიხაროდა რომ ცოცხალი ვიყავი.
22/03/2012 – გავიცანი გოგონა, რომლის მსგავსიც დედამიწის გულზე არ დადიოდა! საოცრებას ვეძახდი.
ისეთი საოცრება იყო, დედამიწა ამაყობდა მისი არსებობით.
რაღაც იცვლებოდა ჩემში, სხვანაირი გავხდი. ხომ გესმით, სიყვარული ვერტიკალურია და თან ბრუნვადი.
30/05/2012 – მეზობლად ხანძარი გაჩნდა, ცეცხლის ენები უკვე გარეთ აღწევდა, 3 პატარა ბავშვი იყო ოთახში გამოკეტილი, ეშინოდათ გარეთ გამოსვლა. ყველა იძახდა სახანძროს დაველოდოთო, მაგრამ, არ ვიცი ექიმობას რომ ვაპირებდი თუ რა ძალამ, არ მომასვენა და სახლში შევვარდი.. ღმერთო! როგორ ცხელოდა!
თვალები უმალ დამეხუჭა, გაგუდვის პირას ვიყავი და უკან გამოსვლა დავაპირე, რომ ბავშვების შეკივლება გავიგონე. გადარეულმა, ოთახში შევვარდი და ეს გაგიჟებული ბავშვები გარეთ გამოვიყვანე.
რა გმირობა ჩავიდინე! იმ დღეს, თითქოს რაღაც შემემატა. იმ დღეს მივხვდი, რომ ადამიანი მიყვარდა ზოგადად, და ვერ ვეგუებოდი, ვინმეს სიკვდილს, ან ცრემლს, ან დაცემულ მდგომარეობას. გადავწყვიტე ადამიანებს მოვმსახურებოდი!
თან, სადღაც წავიკითხე, ვინც ერთი ადამიანი გადაარჩინა, მან მთელი მსოფლიო გადაარჩინაო.
25/06/2014 – უკვე წარჩინებული სტუდენტი, მაგზავნიან უცხოეთში სასწავლებლად. ვგეგმავ, საუკეთესო საავადმყოფოს აშენებას. საუკეთესო ატმოსფეროს შევქმნი, კოლეგებს ჩამოვიყვან, ძლიერი პერსონალი.. სიყვარულითა და მშვიდობით გაჟღენთილი გარემო. რამდენ ადამიანს გადავარჩენ, რამდენს მოვემსახურები, რამდენს დავუბრუნებთ ძალებს!
18/09/2016 – დავქორწინდი! ისეთი ადამიანი აღმოჩნდა ჩემი მეუღლე, რომ მიზნად დავისახეთ, უფასოდ მოვმსახურებოდით ადამიანებს, ამასთან ოფიციალურადაც ვმუშაობდით, რათა ფული დაგვეგროვებინა საავადმყოფოს ასაშენებლად.
7/05/2018 – შვილი შეგვეძინა! უბედნიერესი ვიყავი. ადამიანები ყველაფერს სახელს ვარქმევთ და აღვწერთ, მაგრამ შვილის დაბადებას, ამ საოცარ გრძნობას, სახელი ვერ დავარქვი!..
20/08/2019 – ამ ყველაფერთან ერთად, ხალხის სიყვარული მათთან დროის გატარებას მაიძულებდა. ანგარიშს არ ვუწევდი სტატუს, სოციალურ მდგომარეობას თუ სხვა ნიშნებს, ყველასთან ვიყავი, ვეხმარებოდი, როგორც შემეძლო, და ამის გამო საპატიო მოქალაქის წოდებაც მივიღე.
შემდეგ...
მე თქვენ მოგატყუეთ! მწარედ მოგატყუეთ! ზემოთ ჩამოთვლილი არც ერთი თარიღი არ არსებობს ჩემს ცხოვრებაში. არც წარმატებული ვყოფილვარ, არც სტუდენტი გავმხდარვარ, არც არავინ გადამირჩენია, არც შეყვარებული მყოლია, არც შვილი გამჩენია, არც ჩემი საავადმყოფო ამიშენებია...
იმიტომ რომ 18 წლის ასაკში თავი მოვიკალი. დიახ, თავი ჩამოვიხრჩე, რადგან ჩემს ემოციებსა და პრობლემებს ვერ ვაჯობე. ჩავთვალე, რომ სუსტი ვიყავი. ჩავთვალე, რომ არაფერი გამომივიდოდა და, სიმართლე გითხრათ, სიცოცხლის გაგრძელების აზრსაც ვერ ვხედავდი.
მაგრამ ვწუხვარ.. როგორ ვწუხვარ, ღმერთო!.. ეს რა გავაკეთე.. რა სისულელე ჩავიდინე! როგორც კი სახრჩობელას ყულფში თავი გავყავი, უკვე ვნანობდი...
მაპატიეთ!
...გთხოვ, თუ დღეს ცოცხალი ხარ, კარგად დამიგდე ყური:
გთხოვ, იცოცხლე!
გთხოვ, გაუძელი!
გთხოვ, იბრძოლე!
გთხოვ, ილოცე!
გთხოვ, გაიმარჯვე!
წარმოუდგენლად მნიშველოვანი ხარ.
შენ ვალდებული ხარ იცოცხლო!
ადამიანი ცალკე გარიყული კუნძული როდია, არამედ ყოველი ადამიანი ერთი მთლიანის ნაწილია. ყოველი ადამიანის სიკვდილით მე მაკლდება!
ასე, რომ ნუ იკითხავ: ‘რა აზრი აქვს?’
მარტო არ ხარ!
ბიბლია:
‘ნუ გეშინია, რადგან შენთან ვარ, ნუ ფრთხი, რადგან შენი ღმერთი ვარ; განგამტკიცებ, შეგეწევი და მხარს დაგიჭერ...
თქვენი ყველა საზრუნავი მას მიანდეთ, რადგან ის [უფალი] ზრუნავს თქვენზე.’