Monero Bytecoin-ის ორკაპის (fork) შედეგად გაჩნდა. Bytecoin-ი 2012 წელს გამოვიდა და პირველი კიპროტვალუტა იყო, რომელიც cryptonote-ს იყენებდა. ის ძალიან გავს ბიტკოინის SHA256-ს, მაგრამ არის გარკვეული განსხვავებებიც. Bytecoin-მა განვითარების რაღაც ეტაპზე ხალხში დაეჭვება გამოიწვია, რის გამოც დეველოპერებმა გადაწყვიტეს, ორკაპით ახალი მონეტა შეექმნათ - Monero.
ვალუტის დამფუძნებლების 7-კაციანი გუნდიდან ხუთმა ანონიმურად ყოფნა არჩია.
საინტერესოა, თუ როგორ აგვარებს ვალუტა მასშტაბურობის პრობლემას: თუ ბიტკოინს ბლოკის ლიმიტი (1 მეგაბაიტი) აქვს, მონეროს ბლოკის ლიმიტი საერთოდ არ გააჩნია. მაინერი ახალ ბლოკს 2 წუთში ქმნის და თავად წყვეტს მის ზომასაც, რაც ხელს უწყობს ტრანზაქციების გატარების სისწრაფის სტაბილურობას. იმისათვის, რომ მომპოვებლებმა ბლოკჩეინი ზედმეტად დიდი ბლოკების შექმნით არ გაჭედონ, დაწესებულია ზღვარი, რომლის გადაცილების შემთხვევაშიც მცირდება ჯილდო. აღებულია წინა 100 ბლოკის საშუალო ზომა, რომელსაც M100 ეწოდება. თუ ახალი ბლოკის ზომა გადააჭარბებს M100-ს, მაშინ ჯილდო შემცირდება კვადრატულად იმის მიხედვით, თუ რამდენით დიდი იქნება ახალი ბლოკი საშუალო ზომაზე. M100-ზე ორჯერ დიდი ბლოკების ამოხსნისათვის მომპოვებელი ჯილდოს საერთოდ არ იღებს.
მაგრამ Monero-ს მთავარი განმასხვავებელი ნიშანი მისი ანონიმურობაა. თუ სხვა ვალუტების უმეტესობა უბრალოდ ფსევდონიმურია, მაგრამ მათი ტრანზაქციების გამგზავნთან და მიმღებთან დაკავშირება მაინც შეიძლება, მონეროს შემთხვევაში ეს შეუძლებელია. სპეციფიკური კრიპტოგრაფიით სრულიად დაფარული რჩება ტრანზაქციაში ჩართული ორივე პირი ისევე, როგორც კონკრეტული მონეტის წინა გამოყენებების ისტორია. ვალუტა, სხვებისგან განსხვავებით, დაცულია ორზე მეტი გასაღებით - საჯარო, ღია, საჯარო სახარჯი და ღია სახარჯი გასაღებებით. ამასთან, გამოყენებულია ე.წ. ბეჭდის ხელმოწერა (ring signature). ამ ხელმოწერისას პროგრამა იღებს რამდენიმე იმ ძველი ტრანზაქციების აუთფუთებს, სადაც იგივე ოდენობის მონერო გატარდა, რაც სასურველ შემთხვევაში. მიმღებთან გამოჩნდება ყველა აუთფუთი რეალურ, ამ კონკრეტული ტრანზაქციის აუთფუთთან ერთად. შედეგად, ვერც ერთი მესამე პირი და ვერც მაინერი შეძლებს გაარკვიოს, რომელია ტრანზაქციის რეალური აუთფუთი. ეს უზრუნველყოფს ვალუტის ანონიმურობასა და უსაფრთხოებას.
მონეროს დამფუძნებლების აზრით, კრიპტოვალუტას აუცილებლად უნდა ჰქონდეს სამი მახასიათებელი: ის უნდა იყოს ელექტრონული, დეცენტრალიზებული და კონფიდენციალური. როგორც ჩანს, მათ მიზანს მიაღწიეს კიდეც.
აქვე გეტყვით, რომ ვალუტის ფასი 2017 წლის ნოემბრის დასაწყისში 88 აშშ დოლარი იყო, წერის მომენტში კი 372 აშშ დოლარია.