2/18/2012

უიტნი ჰიუსტონს ნიუ-ჯერსის შტატში, დღეს დაკრძალავენ

უიტნი ჰიუსტონს ნიუ-ჯერსის შტატში, დღეს დაკრძალავენ. ტელეკომპანია CBS-ის ცნობით, გარდაცვლილ მომღერალს მის მშობლიურ ქალაქ, ნიუარკში მდებარე ერთ-ერთი ტაძრიდან გამოასვენებენ. არსებული ინფორმაციით, დაკრძალვის ცერემონია, რომელსაც მსახიობი კევინ კოსტნერი გაუძღვება, თბილისის დროით 21.00 საათზე დაიწყება. 
დაკრძალვამდე ორდღიანი სამგლოვიარო ცერემონია გაიმართა, რათა გარდაცვლილთან გამომშვიდობება ყველას შეძლებოდა.
უიტნი ჰიუსტონი 48 წლის ასაკში, 12 თებერვალს გარდაიცვალა. მომღერლის ცხედარი ლოს-ანჯელესში, სასტუმრო "ბევერლი ჰილტონის" ნომერში აღმოაჩინეს. პოლიციის წარმომადგენელთა განცხადებით, ცხედარს ძალადობის კვალი არ ეტყობოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ვარსკვლავს ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. მომღერალს ფილტვებში წყალი აღმოუჩინეს.

 უიტნი ჰიუსტონის დაკრძალვას მისი ”პირადი მცველი” გაუძღვება
57 წლის მსახიობი, კევინ კოსტნერი მეგობრისა და კოლეგის, უიტნი ჰიუსტონის დაკრძალვას გაუძღვება. პანაშვიდი ნიუ-ჯერსის ერთ-ერთ ბაპტისტურ ეკლესიაში გაიმართება. 

კევინ კოსტნერმა ცნობილ, 1996 წლის ფილმში"პირადი მცველი" უიტნისთან ერთად ითამაშა. მისი კინოგმირი ცნობილი მომღერლის პირადი მცველია, რომელსაც უიტნი ჰიუსტონის გმირი შეუყვარდება. ფილმის მოგებამ 300 მლნ დოლარს გადააჭარბა, ხოლო მისი საუნდტრეკი, I Will Always Love You, რომელსაც უიტნი ასრულებდა, დღემდე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმღერაა.

ვარსკლავის დაკრძალვა, მისი ოჯახის მოთხოვნით, საჯარო იქნება. მისი ტრანსლირება პირდაპირ ეთერში ტელევიზიისა და ინტერნეტის საშუალებით მოხდება.

კოსტნერის სიტყვებს, რომელსაც მსახიობი დაკრძალვაზე წარმოთქვამს, ორი მუსიკალური ლეგენდა, ჰიუსტონის ნათლია, არეტა ფრანკლინი და სტივ ვანდერი გააფორმებენ.

სიტყვით გამოვა ხმის პროდიუსერი კლაივ დევისიც.

მომღერლის ოჯახი აცხადებდა, რომ ვარსკლავის ყოფილ ქმარს, ბობი ბრაუნს დაკრძალვაზე არ დაუშვებდნენ, თუმცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ყოფილ მეუღლეს უკანასკნელ გზაზე მაინც გააცილებს.

აღსანიშნავია, რომ უიტნი ჰიუსტონის ქონება, მისი გარდაცვალების შემდეგ, 15 მლნ დოლარით გაიზარდა.