3/07/2019

5 შვილის დედა თეკლე ხახუბია – კიდევ ბევრ ბავშვს გავაჩენ, აუცილებლად…

28 წლის თეკლე ხახუბია დიზაინერია. მას უკვე 5 შვილი ჰყავს. თეკლე დედობაზე გვესაუბრა და ასევე იმაზე, როგორ ახერხებს სამსახურისა და შვილების აღზრდის შეთავსებას:
– მე, 5 ბავშვთან ერთად, ჩემი საქმიანობა მაქვს. ბავშვები განაწილებული მყავს. ზოგი ბაღში დადის, ზოგი – სკოლაში, ზოგს ბებია და ბაბუა ზრდის. დედაჩემი ძალიან მეხმარება. უფროს შვილსა და პირველ ტყუპზე მას ყველაზე დიდი ამაგი აქვს. მე ჩემს საქმესაც ვაქცევ ყურადღებას, დილიდან გასული ვარ, მაგრამ ვცდილობ, რომ ბავშვებთან დრო გავატარო და სითბო და სიყვარული მივცე.
– რა პროფესია გაქვთ?
– დიზაინერი ვარ. მაღაზია და ჩემი ბრენდი მაქვს.

– გიოცნებიათ როდისმე ბევრ შვილზე?
– ბავშვობიდან მინდოდა, ბევრი შვილი მყოლოდა. თუმცა ამას არ ველოდი – უფროსი შვილის შემდეგ ორჯერ გამიჩნდა ტყუპი. არ ველოდი, რომ ორ მშობიარობაზე 2 ტყუპი მეყოლებოდა, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ ამ ყველაფრით. ვარ 5 შვილის დედა, ვაპირებ და სურვილი მაქვს, რომ კიდევ მყავდეს შვილები.
– ახსენეთ, რომ დედა, ბებია გეხმარებათ აღზრდის პროცესში. კიდევ ვინ არიან ჩართულები აღზრდის პროცესში?
– პატარა ტყუპები მამასთან იზრდებიან, ბებია და ბაბუა ზრდის მათ და ძალიან მეხმარებიან ამ ყველაფერში… სხვათა შორის, მყავს და, რომელსაც ასევე ტყუპები ჰყავს.

როგორი მშობელი ხართ, აღზრდის როგორი მეთოდები გაქვთ?
– უფრო თავისუფლებას ვაძლევ ბავშვებს. სანდრო, უფროსი, 8 წლისაა და მას უკვე ეტყობა, საკმაოდ დამოუკიდებელია. არ ვარ “ჩაციებული” დედა. ძაან თავისუფლად ვზრდი. ვასწავლი თავიდანვე, რომ დამოუკიდებლები იყვნენ. მაგალითად, სანდროს სულ ვეუბნები, რომ თავად იმეცადინოს, თავად მიხედოს თავს, გამოიცვალოს. ყველაფერს თვითონ აკეთებს და მეც ასე ვზრდი და ძალიან მიადვილდება. ვზრდი ისე, რომ ბავშვებს ერთმანეთი უყვრდეთ. ვთვლი, რომ ყველაზე დიდი საჩუქარია დედმამიშვილის ყოლა და ეს გამომდის იმიტომ, რომ ერთმანეთზე გიჟდებიან, მე მგონი, ჩემზე მეტად ერთმანეთი უყვართ და სანდრო, რომელიც რვა წლის არის, უკვე მეხმარება ბავშვების აღზრდაში.
– ხალხის რეაქცია როგორია, როდესაც გხედავენ 5 შვილთან ერთად ან როდესაც გებულობენ, რომ მრავალშვილიანი დედა ხართ?

– სანამ ფოტოს არ ვაჩვენებ ხოლმე, არ სჯერათ. ასე ვიზუალურად არ მეტყობა, 28 წლის ვარ და მერე 5 შვილს რომ ვამბობ, რა თქმა უნდა, დრო სჭირდება მათ გაჩენას და პირველი კითხვა ეს არის: “როდის მოასწარი ამდენი შვილის გაჩენა”. როცა იგებენ, რომ ტყუპები არიან, მერე იჯერებენ ხოლმე.
– რამდენი წლის გათხოვდით?
– 19 წლის გავთხოვდი და 20 წლის ასაკში უკვე მყავდა სანდრო.
– კიდევ თუ აპირებთ, რომ გყავდეთ შვილები?
– კი, ვაპირებ. ძალიან მინდა, რომ კიდევ მყავდეს.
– როგორ ანაწილებთ დროს, როგორ გეგმავთ ერთ ჩვეულებრივ დღეს?
– ჩემი დრო არის ყველაზე მნიშვნელოვანი. როდესაც გყავს ხუთი შვილი, გაქვს ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და ამიტომ დროს ყველაზე დიდ პატივს ვცემ, პირდაპირ გაწერილი მაქვს, სად, რა, როგორ უნდა გავაკეთო, რომ ბავშვებისთვისაც დამრჩეს დრო და საქმესაც ყურადღება არ მოვაკლო. რაღაცნაირად ვახერხებ, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთს შევუთავსო. ქალები, რომლებსაც შვილები ჰყავთ, არ უნდა ჩასხდნენ სახლში და არ უნდა იფიქრონ, რომ მორჩა ამით კარიერა. იმიტომ, რომ როდესაც ბავშვი ასეთს გიყურებთ, ძალიან ცუდი მაგალითია. მე მაგალითად მთელი დღე ვმუშაობ. ბავშვებს რომ ვაძინებ, გავდივარ და კიდევ ვმუშაობ. იმიტომ, რომ ჩემი შვილები დავაყენო ფეხზე, იმიტომ, რომ ცხოვრება ისეთია, დღესდღეობით არავის იმედზე არ ვარ. მხოლოდ საკუთარი თავის იმედი მაქვს და მინდა, ჩემი ჩვილები ჩემნაირები და ჩემზე უკეთესები იყვნენ. ამიტომ დროის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. ამას ვასწავლი ბავშვებსაც. მოხვალ თუ არა, გაიხადე, გამოიცვალე, დაჯექი, იმეცადინე, რომ ეს დრო არ დაკარგო. დრო ძალიან საპატივსაცემოა და უნდა გამოვიყენოთ. რაც მეტი საქმე აქვს ადამიანს, მგონია, რომ უფრო კარგად ასწრებს ყველაფერს და უფრო კარგად საზღვრავს სად, რა, როგორ გააკეთოს.