“ზოგჯერ,
იმდენად დაბზარული ხარ სევდით შიგნიდან,
რომ
სიხარულის ყველაზე უმნიშვნელო ჟრუანტელიც დაგფშვნის
და
ეს არ გავს იმ ნგრევას,
გათავისუფლების მაგივრად,
სულს ნანგრევებში
რომ
მოაყოლებ.
ჩვენ ტკივილების გამოქვეყნება ვიცით,
სიხარულს
და
ბედნიერებას არ ვაქვეყნებთ
და
მაინც,
მაშინ უფრო ბევრნი არიან შენთან,
როცა
კარგად ხარ.
ჩემი სათქმელი არ არის მტკივა,
ჩემი სათქმელი თვითონ ტკივილია,
ჩემი ტკივილი ნამდვილია,
შეგიძლია ხელით შეეხო
და
როცა ვწერ,
მე ვამბობ,
რომ
ვამბობ
და
როცა ვწერ,
თითები ყოველთვის
პირჯვრის გადასაწერად მაქვს მზად.
ივსებიან ცარიელი ფურცლები,
ცარიელი სიტყვებით,
სიტყვებით
რომლებიც მხოლოდ წერის დროს ჩანან,
მაგრამ
ხორცს ვერ ისხამენ,
სანამ არ გაცხადდებიან სიზმრებივით,
სანამ არ ახდებიან ოცნებებივით,
სანამ არ დაიმარხებიან საქმეში
და
მე არ ვიცი,
ეს სიტყვები ვის უფრო ჰგვანან,
ავტორებს
თუ
ადრესატებს.
ვუყურებ მოწმენდილ ცას
და
ვფიქრობ,
როგორი იქნებოდა,
ცასავით მოწმენდილი მიწა,
ვგრძნობ როგორ ცდილობს მეორე მხარეს გავიდეს,
სულში ტყვიასავით ჩარჩენილი ჩაფურთხება,
რომ
სულის ჭრილობები სისხლის მაგივრად სიცოცხლისგან იცლებიან,
რომ
მე იმდენი გადამიარეს
და
მე იმდენჯერ ვუპასუხე მხოლოდ სიჩუმე,
რომ
დატკეპნილი თოვლივით ვარ ხმაჩახლეჩილი
და
გულში ვამბობ,
რომ
ის რასაც თქვენ ნაბიჯებისას ეძახით,
გზის ხმაა
და
ვდგავარ ასე,
საკუთარ თავში ჩაკეტილი ღია თვალებით,
ის იმედებიც მეკარგება,
რომლებიც
არ
მაქვს
და
საკუთარ თავს ვეუბნები,
გამოდი გარეთ,
იქნებ
უკვე მკვდარი ხარ
და
ამას ვერ ამჩნევ,
იქნებ
თვითონაც ამას ელოდი,
ოღონდ გამოდი
და
გამოდი
თუნდაც წლების მოთმინებიდან.
პირველად სიკვდილს არაუშავს,
მერეა ძნელი,
მკვდრეთით აღმდგარი
მეორედ
რომ
მოკვდები კაცი.
მე არ მჭირდება სივრცე
იმისთვის,
რომ
ვიმოძრაო,
მაგრამ
მჭირდები შენ
და
ცოტა სიხარული,
თორემ ეს სიჩუმე თავისით არ ირღვევა,
თორემ ვერ აჩერებს ბედისწერას ჩემი დასმული წერტილი.
მე ვწერ,
შენ კითხულობ.
შეუძლებელია ამაზე სუფთა საუბარი ჩვენს შორის.
და
მაინც,
ნაგავია ჩემი ყველა ნაწერი,
თუ
მათზე ახლოს ვერ მოვედი შენს სულთან.”