დღესდღეისობით ცნობილი დიეტებიდან ერთერთ ყველაზე პოპულარულ დიეტად დუკანის, ანუ იგივე ცილების დიეტა ითვლება. ფრანგი დიეტოლოგის პიერ დუკანის დიეტა 2000 წელს გამოჩნდა და წონის დასაკლებად საუკეთესო ეფექტური საშუალებად აღიარეს მომდევნო წლების განმავლობაში. ეს არის ცილოვანი საკვებით გაჯერებული, უჯრედისის შემცველი და ნახშირწყლების და ცხიმების მინიმალური რაოდენობით შედგენილი დიეტა, რომელიც არ ღლის ორგანიზმს შიმშილის გრძნობით, არ აქვეითებს შრომის უნარიანობას და კარგ განწყობას. ამას გარდა, წონის ნორმალიზაციის მიღწევის შემდეგ, გამომუშავდება სწორი კვების ჩვევები, რაც მომავალში შედეგის შენარჩუნების გარანტია ხდება – ასეთია დუკანის დიეტის დადებითი ჩვენებები, რამაც დიეტის პოპულარიზაციას შეუწყო ხელი.
პიერ დუკანის დიეტის პრინციპები პირველად 2000 წელს გამოქვეყნდა საფრანგეთში მის წიგნში „მე არ შემიძლია გავხდე“. მომავალში ამ დიეტას ავტორის სახელი ეწოდა, ხოლო წიგნი ბესტსელერად იქცა – ის 9 ენაზე ითარგმნა და მისი მილიონობით ეგზემპლიარი 20-ზე მეტ ქვეყნაში გაიყიდა.
როდესაც ავტორს ეკითებიან რა არის მისი დიეტის და მეთოდის ასეთი წარმატების მიზეზი, ის პასუხობს: „ის მუშაობს, და … კაროლინ მიდლტონი“. მართლაც, თავად კაროლინ მიდლტონმა აღიარა ჟურნალისტებთან დიეტის საწყისი ფაზის, რომელსაც „შტურმის“ ფაზა ეწოდება, შედეგები: „მე ვიცავდი დიეტას ოთხი დღის განმავლობაში და დავიკელი 2 კილო დავიკელი“. როგორც ამბობენ, კაროლინის ქალიშვილმა, კეიტ მიდლტონმა სწორედ ამ დიეტის საშუალებით დაიკლო სამეფო ქორწილის წინ ზედმეტი კილოგრამები, რათა ორი ზომით პატარა საქორწილო კაბა მოერგო.
დიეტა ოთხ ფაზად იყოფა:
პირველი – „შეტევა“, სადაც უმოკლეს დროში იკლებ პირველ კილოგრამებს, გრძელდება 2-დან 7 დღემდე. ამ ეტაპზე დაშვებული 72 სახის მხოლოდ ცილოვანი საკვები.
მეორე – „მონაცვლეობა“, ხდება სასურველი წონის მიღწევა, ერთმანეთს ენაცვლება ცილოვანი საკვების მიღების დღეების ბოსტნეულის დღეებს. ამ ეტაპზე დაშვებულია 100 საკვები პროდუქტი.
მესამე – „გამყარება“, გარდამავალი ეტაპია დიეტასა და კვების ჩვეულ რეჟიმს შორის. ამ ეტაპზე თითოეული მოკლებული კილოგრამი განმტკიცდება 10 დღის განმავლობაში.
მეოთხე – „სტაბილიზაცია“, ხდება ჩვეულებრივ კვებაზე გადასვლა. აუცილებელია პირველი ეტაპის წესის დაცვა კვირაში ერთხელ (სასურველია ხუთშაბათს), ყოველდღურად შვრიის ქატოს გამოყენება და ფეხით სიარულის დამატება, როგორც აუცილებელი ფიზიკური დატვირთვა.
(უფრო დეტალურად დიეტის შესახებ მომდევნო თემაში)
ექიმები დუკანის წინააღმდეგ
მიუხედავად იმისა, რომ დუკანის დიეტის წყალობით არაერთმა ცნობილმა სახემ (ვიქტორია ბექჰემი, ჯენიფერ ლოპესი, კეტრინ ჯენკინსი) დაიკლო წონაში, ეს დიეტა ბრიტანეთის დიეტოლოგთა ასოციაციის შეფასებით ერთერთი ყველაზე ცუდ ვარსკვლავურ დიეტად იქნა აღიარებული 2011 წელს. ექსპერტების შეფასებით ეს დიეტა ისეთივე აბსურდულია, როგორც შეზღუდული კვების სხვადასხვა ტიპის სისტემები, მაგალითად დიეტა სისხლის ჯგუფის მიხედვით ან მხოლოდ უმი საკვებით კვება. დუკანის დიეტა აგებულია დიდი რაოდენობით ცილების მოხმარებაზე და იმავდროულად ნახშირწყლების მკვეთრ შემცირებაზე, რაც არაა გამართლებული მეცნიერულად. დუკანის დიეტაში ცილების რაოდენობა მნიშვნელოვნად აჭარბებს სადღეღამისო რეკომენდირებულ დოზას, ხოლო პირველ ორ სტადიაზე დიეტის დროს გამოიყენება 10-ჯერ ნაკლები უჯრედისი, ვიდრე საჭიროა. გარდა ამისა, ამ დიეტაში დეფიციტურია C ვიტამინი, ხოლო D ვიტამინი კი ოთხჯერ აჭარბებს დასაშვებ ნორმებს. ეს ყველაფერი საკმარისად საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
როგორც პასტერის ინსტიტუტის (Institut Pasteur) კვლევებით იქნა დადგენილი დუკანის და ზოგიერთ სხვა პოპულარული დიეტის დაცვას შეუძლია ადამიანის ორგანიზმში ბუნებრივი მეტაბოლიზმის პროცესის დარღვევა, რაც საკვები ნივთიერების სერიოზულ დისბალანსს იწვევს.
2012 წლის მარტში საფრანგეთის ექიმთა ეროვნულმა კოლეგიამ დუკანი დაადანაშაულა ორგანიზაციის სამედიცინო კოდექსის დარღვევაში და მედიცინის ბიზნესის ფორმით პრაქტიკაში. მათ შეიტანეს საჩივარი დუკანის წინააღმდეგ, რომელმაც შეიძლება მისთვის სამედიცინო ლიცენზიის ჩამორთმევა გამოიწვიოს. ასევე ექიმების აღშფოთება გამოიწვია დუკანის ინიციატივამ – ამ წლის დასაწყისში ფრანგი დიეტოლოგის მიერ შეთავაზებული იქნა მოზარდების შეფასების ახალი კრიტერიუმის დაწესება მათი BMI (სხეულის მასის ინდექსი) მიხედვით – ის სტუდენტები, რომლებიც მოახერხებდნენ წლის განმავლობაში წონის დაკლებას, უნდა შეფასებულიყვნენ უფრო მაღალი ნიშნებით, ვიდრე მათი ჭარბწონიანი ჯგუფელები. დუკანის კოლეგები თვლიან, რომ მან დაარღვია სამედიცინო კოდექსის მე-12 პუნქტი, რის გამოც მას პრაქტიკის უფლება უნდა ჩამოერთვას.
ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის (American Psychological Association) მტკიცებით, იმ ადამიანთა 2/3 ვინც ეს დიეტა დაიცვა, ორი წლის შემდეგ უფრო მეტს იწონიან, ვიდრე დიეტის დაცვამდე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ექსტრემალური და გასაოცარ ეფექტზე აგებული დიეტები, რომელთაც დიდი ხნის ისტორია აქვთ, არ იძლევიან ხანგრძლივ შედეგს.
რატომ არის დუკანის დიეტა საშიში?
ცილების (პროტეინების) მიღების აუცილებლობაზე საუბარი იყო წინა თემებში და არაერთხელ აღვნიშნე, რომ ცილები ადამიანის ორგანიზმის ქსოვილების მთავარი საშენი მასალაა და მათი დეფიციტი სხვადასხვა მნიშვნელოვანი ფუნქციის დარღვევის ან დაავადების მიზეზი გახდეს.
არსებობს ნორმები, რა რაოდენობის ცილების ათვისება შეუძლია ადამიანის ორგანიზმს და არაა სასურველი რადიკალური ფორმით ცალსახად რომელიმე მიმართულებით დაირღვეს წონასწორობა. უნდა ვიცოდეთ, რომ არანაკლებ სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს ჭარბი რაოდენობის ცილების ხანგრძლივად მოხმარება, რადგან ის იწვევს დარღვევებს ღვიძლსა და თირკმელებში, ხელს უწყობს შარკენჭოვანი დაავადებების განვითარებას. აუთვისებელი ცილები ლპობას იწყებს კუჭნაწლავში, ხელს უწყობს პათოგენური ფლორის განვითარებას და თრგუნავს სასარგებლო ბიფიდო და ლაქტო ბაქტერიებს.
დუკანის დიეტის მოწინააღმდეგე ექიმები თვლიან, რომ ორგანიზმს არ ესაჭიროება იმ რაოდენობის ცილები, რაც ამ დიეტის დროს მიიღება. ამავდროულად, თითქმის ამოღებულია ნახშირწყლები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის. ცილოვანი დიეტა ძირითადად ხორცის პროდუქტებისგან შედგება. ჭარბი რაოდენობით ცილების მიღების შედეგად შესაძლებელია ორგანიზმის ინტოქსიკაცია, რაც გამოიხატება ცუდ გუნება-განწყობით, ყაზბობით, შესაძლებელია კეტოაცედოზის გამოწვევა – ნახშირწყლოვანი მიმოცვლის დარღვევა: პირში აცეტონის სუნის გაჩენა, მადის დაქვეითება, ადამიანი აღგზნებულ მდგომარეობაშია. სხვათა შორის, ამ გვერდით მოვლენებს თავად დუკანიც არ უარყოფს. ცილოვანი დიეტები მოქმედებენ თირკმელებზე და სახსრებზე, რითაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების პროვოცირება შეუძლიათ. ორგანიზმს სხვადასხვა ნივთიერებები ესაჭიროება, ხოლო წონასწორობის დარღვევა ერთი მიმართულებით საკმაოდ სახიფათოა.
ცნობილ რუს დიეტოლოგს ალექსეი კოვალკოვს ცილოვან დიეტებთან (კრემლის დიეტა, ატკინსის დიეტა) დაკავშირებით კარგი მაგალითი აქვს მოყვანილი – არსებობს ძველ ჩინეთში ლეგენდა სიკვდილით დასჯის ერთი მეთოდის შესახებ, როცა დამნაშავეს მხოლოდ მოხარშული ხორცით კვებავდნენ. შედეგად, მათი თირკმელები ვერ უმკლავდებოდნენ ცილების გადამუშავების ნარჩენების გამოდევნას, რის გამოც ორგანიზმი აზოტური ნაერთებით იწამლებოდა და 1-2 თვის შემდეგ იღუპებოდა.
ასე რომ, სანამ აღნიშნული დიეტის დაცვის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებდეთ, კარგი იქნება თუ ზუსტად გაეცნობით მის შემადგენლობას, საფრთხეებს და უკეთეს შემთხვევაში გაივლით კონსულტაციას შესაბამის ექიმთან (დიეტოლოგთან).