4/29/2016

„ბიტკოინი პლანეტას ანგრევს - 2020 წლისთვის ბიტკოინის ქსელს დასჭირდება იმაზე მეტი ელექტროენერგია, ვიდრე მთელ მსოფლიოს“

მეტეოროლოგისტი ერიკ ჰოლტჰაუსმა ამერიკულ ჟურნალ Grist-ში ბიკოინთან და პლანეტაზე არსებულ მის შედეგებთან დაკავშირებით, სტატია გამოაქვეყნა. გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით

„ალბათ, ჩემსავით, ბიტკოინის ფენომენს წლების განმავლობაში უარყოფდით, რადგან ეს ძალიან კომპლექსურად გეჩვენებოდათ. მაგრამ დადგა დრო, როდესაც ბიტკოინმა ისევე როგორც თქვენი, ასევე ჩემი ყურადღებაც დაიმსახურა.

ცოტა ხნის წინ, ბიტკოინმა $10,000-იანი ბარიერი პირველად გადაკვეთა. წლის დასაწყისში კი მისი ფასი $1,000-ზე ნაკლები იყო. წარმოიდგინეთ, 2011 წელს $100-ის ღირებულების ბიტკოინის შეძენის შემთხვევაში, თქვენ დღეს $4 მილიონზე მეტი გექნებოდათ. ინტერნეტი კი სავსეა იმ ადამიანებით, რომლებიც ყვებიან, თუ როგორ დახარჯეს გასულ წლებში ის ბოტკოინები, რომლებიც დღეს მათ სიმდიდრეს მოუტანდა.

ცხადია, ბიტკოინი მხოლოდ საინვესტიციო ინსტრუმენტი არ არის. მისმა შემქმნელებმა გადაწყვიტეს, რომ ბიტკოინმა ტრადიციული ფული უნდა ჩაანაცვლოს - ეს არის ადამიანებს შორის ფულის გადარიცხვისთვის, არსებული დეცენტრალიზებული, დაცული და ანონიმური მეთოდი.

ბიტკოინის მსგავსი კრიპტოვალუტები უნიკალურ სერვისს წარმოადგენენ: ორ მხარეს შორის არსებულ ფინანსურ ტრანზაქციებში მესამე პირი, ანუ ბანკი არ ერთვება. ანალიტიკოსთა გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ ბიტკოინი ერთ დღეს დოლარს დრომოჭმულ ვალუტად აქცევს.
თუმცა აღსანიშნავია ერთი რამ - კაცობრიობა დღეს ცდილობს, რომ მის მიერ განხორციელებული პროექტის წარმატებულობა შეფასდეს იმით, თუ რა გავლენა იქონია მან გარემოზე. ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ბიტკოინი გამოცდას ვერ აბარებს - ბიტკოინით განხორციელებული ტრანზაქცია მოითხოვს იმავე დონის ელექტროენერგიას, რაც აშშ-ში არსებულ 9 სახლს, 24 საათის განმავლობაში სჭირდება.

კრიპტოვალუტების საოცარმა ზრდამ შექმნა უზარმაზარი მოთხოვნა ელექტროენერგიაზე. დროთა განმავლობაში, ბიტკოინის მოპოვების პროცესი, იგივე „მაინინგი,“ უფრო და უფრო მეტად რთულდება - შესაბამისად, საჭიროა ელექტროენერგიის მეტი რესურსი.

ბიტკონის ქსელში არსებული ენერგიის ჯამური მოცულობა საათში 31 ტერავატს სცილდება - ეს მეტია, ვიდრე მსოფლიოს 150 ქვეყნის მიერ მოხმარებული ჯამური ენერგია. ეს კი ნიშნავს, რომ ბიტკოინი ენერგიას მთელ მსოფლიოს აცლის. 2019 წლისთვის, ბიტკოინის ქსელს დასჭირდება იმაზე მეტი ელექტროენერგია, ვიდრე აშშ-ს, 2020 წლისთვის კი იმაზე მეტი, ვიდრე მთელ მსოფლიოს“,  ამბობს ჰოლტჰაუსი.