4/29/2016

„ბიტკოინი საშიში სპეკულაციური საპნის ბუშტია“

მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული კრიპტოვალუტის, ბიტკოინის ღირებულება $12,000-ს გადასცდა. იელის უნივერსიტეტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის, სტივენ როუჩის განცხადებით, ბიტკოინი საშიშ სპეკულაციურ საშუალებას, ერთგვარ საპნის ბუშტს წარმოადგენს.

როუჩს იელის უნივერსიტეტი უოლ სტრიტის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ეკონომისტად ახასიათებს. მას ამერიკულ საინვესტიციო ბანკ Morgan Stanley-ში მუშაობის 30-წლიანი გამოცდილება აქვს.

ბიტკოინის ფასი მიმდინარე წელს 1000%-ზე მეტით არის გაზრდილი, რამაც ინვესტორების მისდამი ინტერესი გაზარდა. ინვესტორები მას ფულის გაცვლის მომავალ საშუალებად განიხილავენ.

როუჩის აზრით, ბიტკოინის, როგორც საგადასახადო საშუალების ლეგიტიმიზაცია ინვესტორებისთვის საფრთხის შემცველია. მსგავს აზრს იზიარებს Bank of Canada-ს ხელმძღვანელი - მისი აზრით, ბიტკოინის საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ მას ეკონომიკური ფუნდამენტი არ გააჩნია.

„ისევე როგორც ყველა საპნის ბუშტი, ბიტკოინიც გასკდება და ყველაზე მეტად ის ადამიანები დაზარალდებიან, რომლებიც ინვესტიციას მის გასკდომამდე განახორციელებენ,“ აღნიშნა როუჩმა.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი განცხადება ოქტომბრის თვეშიც გაკეთდა UBS-ს მხრიდან, რომელიც კრიპტოვალუტების წინააღმდეგ კრიტიკულ განცხადებას ავრცელებს.