7/22/2012

ფიქრები საქართველოზე


ეს წერილი გამოეგზავნა “ცისფერ ყანწელებს” ნიკოლო მიწიშვილის მიერ სტამბოლიდან 1922 წლის 30 აგვისტოს. ვინაიდან მასში აღძრულია ბევრი საინტერესო საკითხი – რედაქცია აქვეყნებს მას ავტორის თანხმობით. “ქართული მწერლობის “ შემდეგ ნომერში დაიბეჭდება გ.რობაქიძის პასუხი ამ წერილზე.
“ქართული მწერლობის” რედაქცია


ძვირფასო ამხანაგებო!

ეს წერილია თქვენზე და პოეზიაზე. შეიძლება ხვალ ამის გამოგზავნა მოვახერხო და ამაღამ მინდა გესაუბროთ თქვენ, მით უმეტეს, რომ ეს ჩემი უკანასკნელი დღეებია სტამბოლში და შემდეგ არ ვიცი, როდის შევძლებ რამის მოწერას. ეს სამი თვე, რომელიც დავყავი ამ გარყვნილ ქალაქში – გავატარე მარტო კითხვასა და ჩვენზე ფიქრში და ამ წერილში მინდა ამაზე გელაპარაკოთ. ხომ გახსოვთ ტიუტჩევი:





“но вам, друзя, знакомо вдахновенье

“На краткий миг в сердечном умиленьи

“Я жребий свой невольно забывал

“И радость пел, пока о вас мечтал,,

სიხარული, როგორც ამას დაინახავთ – აქ აღარაა, მაგრამ ფიქრები, მაგრამ ფიქრები თქვენზე და საქართველოზე – არის. და ეს მინდა თქვენ დაგიბაროთ. თქვენ დაინახავთ, რომ ჩემი შტაბეჭდილება არაა სრული, ყოველმხრივი და დეტალური, მაგრამ ესაა პირველი შტაბეჭდილება და ვნახოთ შემდეგ რა იქნება.

გარდა ამისა მე ჩემს დაფასებაში მივყვები იმ თვისებას, რომელიც წამომყვა საქართველოდან და შეიძლება ეს ვიხმარო უმთავრეს საბუთად და ჩემს გასამართლებლად.

საქმე იმაშია, რომ პოეტმა უნდა გაიგოს თუ „რაშია საქმე“. პოეტისათვის, მე მგონია, ესაა უმთავრესი და სავალდებულო. მან ერთი შეხედვით უნდა გასინჯოს პულსი, ჩააფრინდეს „ძირს“ და „არ დაადის ხელი იქ სადაც არ უნდა“.

ამას იქით იწყება უკვე „დოხტურობა“, დიაგნოსტიკა, დიაგნოსტიკა, ქირურგია და ღეჭვა. ესე იგი ყველაფერი ის, რაც სწოვს პოეზიას, რაც საზრდოობს მისით, ხოლო რასაც პოეზია არასოდეს არ დაერქმევა.

ამ გრძნობას მივყვები მეც და ყველაფერი რაც აქ ითქმება - ამის ნეგატივია.

ეს არის თქვენი გრძნობაც პოეზიის, მე მგონია.



ყოველ შემთხვევაში ეხლა, როცა მე ასე თუ ისე უკვე შევადგინე ერთგვარი წარმოდგენა უცხოეთის ლიტერატურის შესახებ და ვეკითხები ჩემს თავს: ჩამოვრჩით თუ არა ჩვენ პოეზიას - მე უსათუოდ ერთი პასუხი მაქვს: არა, ჩვენ არ ჩამოვრჩენილვართ, მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი ხუთი წელი დახურულ ყუთში ვზივართ.

შეიძლება ჩვენ ვერ გავთელეთ ბერგსონი, უცნობია ჩვენთვის ეინშტეინის თეორია, ბუნდოვანი იყოს შპენგლერი (და ის მართლაც ბუნდოვანია ისე, როგორც მისი გვარი). უფრო აშკარად ამბობდა გერცენი თავის დროზე: „Прошай, буржуазная,,-ო; მეტად სუსტნი ვიყოთ კანტებსა და სხვა ამისთანებში. ეს მართალია. მართალია, რომ ყველაფერი ეს, როგორც აზროვნება, როგორც ცეხვა და ცოხნა - მიდის ჩვენს გარეშე და ჩვენში შეიძლება ვერ სტოვებს კვალს. ამ მხრივ, შეიძლება, მართლა ჩამოვრჩეთ, და - ეს ჩვენი ნაკლია, მაგრამ ის, რაც ამ ცოხნიდან გამომდინარეობს, რისთვისაც ყველაფერი ეს გაჩენილია და რასაც ყველა ეძებს - ამას ჩვენ ვგრძნობთ და თუ, მაგ., შპენგლერი მექანიკური სეისმოგრაფია, მაჩვენებელი დღევანდელი კულტურის შექანების და შენგრევის - ჩვენ ვართ ის ხარი, რომელიც სეისმოგრაფიაზე ადრე გრძნობს მიწისძვრას. ეს არის კოსმიური გრძნობა ყოველი პოეტის; მიკრობი, რომელიც შედის მის სისხლში და უცვლის მას ფერს.



ევროპის ხელოვნება და პოეზია, როგორც ხედვითი სანახაობა, როგორც წაუკითხავი წიგნი, უნახავი გამოფენა, ან მოუსმენელი მუსიკა, მიდიოდა შორს ჩვენგან, მაგრამ ის მარადიული სინათლე, რომლითაც ანათებს ხელოვნება ყოველ დროს, და ის შეუსხლეტელი სისხლი, რომელიც საუკუნეებით სჩქეფს ყველა პოეტის ძარღვებში - ვგრძნობ, გადმოსხმულია ჩვენშიც.

ეს გრძნობა და თვისება გვაერთიანებს ჩვენ უცხოთთან და ალბათ, ეს იყო მიზეზი იმისა, რომ მე აქ არ ვიგრძენი თავი ჩამორჩენილად. მივყვები შემდეგ.

ამრიგად-ჩვენ ვიცით ის „ღჯილო“, სადაც შესულია პოეზია. ჩვენ მხარდამხარ მივყვებით იმ შეგნებას, რომელიც დღეს არსებობს სხვაგან და შეიძლება ჩვენში ზოგიერთი უპირატესობანიც კი ვიპოვოთ.

მაგრამ როცა ვფიქრობ ჩვენზე, ჩვენს გზებზე და ჩვენს მიღწევებზე - მე ვხედავ, რომ ჩვენ ეს შეგნება, ეს ძალა ვერ ავიყვანეთ იმ სიმაღლემდე, რომელზედაც ეს შეგვეძლო. ვერ გავზარდეთ, ვერ გამოვიყენეთ და რომ ჩვენი შემოქმედება არ არის გამართლებული.

მე მჯერა, რომ ჩვენი პოეტური ინტუიცია და პოტენცია, მაგრამ მე ვხედავ იმასაც, რომ ჩვენი შემოქმედება შეკვეცილი, ფრთაშეჭრილი, დამცირებული და გაუშლელია.

ეს ჩემთვის უდავოა და აქ წერტილს დავსვამ. და აქ იწყება ჩემთვის საშინელი ფიქრები, თუ ერთია - რატომ მერე არაა?

მე მინდა ვნახო ამის მიზეზი და ჩემი ეჭვები გადადის თვით ჩვენს ყოფნაზედ, იმ წვენის სიმშრალეზე, რომლითაც უნდა ვსაზრდოებდეთ ჩვენ, როგორც ქართული პოეტები.

აქ არის ჩემის ფიქრით, ჩვენი კრიზისი, რომლიდანაც მე გამოსავალს ვეძებ. მე არ ვიცი - ვის უყვარს საქართველო ჩვენზე მეტად. დღეს ყოვლად გაკოტრებულ პოლიტიკოსს თავისი თავი წმინდა სებასტიანე ჰგონია., რომელიც დაისრულია სამშობლოთი და სამშობლოსთვის. ყოველი მეშჩანინი, რომელიც ვერ ახერხებს ნამდვილი საქონლით სპეკულაციას - სპეკულიანტობს დღეს საქართველოს სიყვარულით.

 საქართველო და პარტიოტობა დღეს ჩვენში შეიქნა ყოველი კარიერასერყეული ქართველის ჯაგლაგით, რომელსაც მიაჩანჩალებს დონ კიხოტივით. მე არ ვიტყვი აქაურებზე, რადგანაც, გერცენის არ იყოს, ემიგრანტობა თავის თავად მეტად ცუდი ავადმყოფობაა და ქართულ ემიგრაციას განსაკუთრებული ტკივილი მართებს - ცხადია.

მაგრამ მე ვიცი ხალხი, რომლებიც აქაურებში მიწასთან ასწორებს ქართველ ბოლშევიკებს და საქართველოში კი იმავე ბოლშევიკური ხელისუფლების ქვეშ მილიარდებს აკეთებენ. საქართველოში ბოლშევიკებს უძვრებიან უკანა კარებიდან და, ყოველი შემთხვევისათვის, რომელიმე რესტორანში მენშევიკებსა და ნაც.-დემ.-თან მაინც მოიწმენდენ ხოლმე კეთილშობილ ცრემლს.

და ყველა ასეთებს, ალბათ, ჩვენზე მეტად „უყვართ“ საქართველო.

თქვენ იცით ბევრი ქართველი, რომელიც ტკბილად ემსახურება საბჭოთა ხელისუფლებას, შერიგებით და მორიგებით, „არ იკლებს არაფერს“, მაგრამ „დღიური წესრიგის ამოსაწურავად ყოველი შემთხვევისათვის მაინც გააჩერებს მოსახვევში თავისიანს, ჰკითხავს „თუ რა ისმის“, და დამშვიდებული სინდისით წავა შინისაკენ.

თქვენ იცით - ასეთი ხალხი და ამგვარი „ტიპები“ ყველაზე მეტს გვიყვიროდნენ ჩვენ და წრიპინებდნენ ჩვენს ბოლშევიკობასა და კომუნისტობაზე (რამაც სტამბოლამდე და პარიზამდეც კი ჩააღწია).

ეს ქართული „თილისმობაა“, ეს ყოველთვის ქართული ჩვეულება იყო და თუ ეხლაც ჩვენში ეროვნული მორალი და კეთილშობილება ამ ხაზით უნდა წავიდეს - დეე ღმერთმა ხელი მოუმართოთ და ხეირი ანახოს. მე ამ გზით ვერ ვიარ.

დღევანდელ ხანაში ეს უსინდისო, სპეკულიანტური, გაიძვერული ფსიხოლოგია, რომელიც წაღმა-უკუღმა „ეტორღიალება საქართველოს სხეულს - განსაკუთრებით ძლიერია.

ასეა აქაც.

და როცა ფიქრობ ასეთ ფიქრებს, როცა თვალწინ გიდგება ასეთი ხალხი და საქართველო - მე ვერ ვპოულობ ვერც ერთ სახეს, რომელიც ღირსი იყოს საქართველოსი და მინდა ვიყვირო:

- Тъфуб сволочи!

თქვენ იცით ეს თავდასხმა ჩვენზე, რომელიც, ალბათ გაგრძელდება, რომ ჩვენ არ გვიყვარს სამშობლო, რომ არ ვართ პატრიოტები. ამას ყრანტალებს ხოლმე ერთიანად როგორც ვინმე ფილისტერი, ისე „პატრიოტი“, უკმაყოფილო და გულმოსული იმით, რომ ჩვენ არ დავდივართ ქუჩა-ქუჩა და სიმონა ჯღამაძესავით არ ვყვირით „მზეო, ამოდი, ამოდი“-ს.
ფესვები
გამიგრძელდა ამაზე წერა, მაგრამ აქეთ წამომიყვანა სიტყვებმა, საცა გავჩერდი ჩვენს შემოქმედებაზე, ჩემს იჭვზე და საქართველოზე და განვაგრძობ.

დიახ მე ვამბობ, რომ ჩვენმა ჯგუფმა, მიუხედავად იმისა, რომ მასშია დიდი გრძნობა პოეზიის გაგებისა და ათვისებისა, ვერ აიმაღლა თავი შემოქმედებაში იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო თითოეული ჩვენი ამხანაგის პოტენციის მიხედვით. ამას ვუწოდე მე ჩვენი კრიზისი და არა თავის გასამართლებლად ვახსენე მე საქართველო და მისი სიმშრალე.

ჩვენი მტრები იტყვიან, რომ ჩვენ „ამოვიწურეთ“, ან რომ ჩვენ ვართ ზარმაცები, ან კიდევ სხვა რამეს. მაგრამ ეს არ მიმაჩნია საყურადღებოდ და ამაზე არ გავჩერდები.

ჩემი ფიქრები ებჯინება საქართველოს და იგრიხება ასე:

ჩემს წინ სდგას კითხვა: კითხვა „დედა-შვილობის“ და ვკითხულობ: სამშობლო პოეტისთვის (ხელოვანისათვის), თუ პოეტი სამშობლოსთვის.

საზრდოობა სამშობლოსაგან, თუ „რჩენა“ სამშობლოსი.

იმ სახით, როგორც მე ამას ვკითხულობ, ეხლა ევროპაში ეს საკითხი არ დაისმის. შეიძლება რუსეთში დაისვას ეს კითხვა. ეს იქ მართლაც არის, მაგრამ განსაკუთრებით კი ეს ჩვენი ქართული საკითხია.

და მე მივდივარ იმ დასკვნამდე, რომ „სამშობლო - პოერისთვის“ (ხელოვანისათვის), ე.ი რომ სამშობლოში (არა მარტო ზოოლოგიური ცნებებსა და ეტნოგრაფიულ ფერებში) უნდა არსებობდეს ის ენერგია, ის სხვადასხვაობა, რომელიც ბადებს დიდ შემოქმედებას. სამშობლოში უნდა იყოს სტიქია, ატმოსფერო, ნოყიერება, რომელიც აღმოაცენებს შემოქმედებას.

სწორედ აქ მეეჭვება მე საქართველო. აქ მეჩვენება მე ის იმგვარ ქალად, რომელსაც, სოფელში რომ იტყვიან, „უშვილობის წამალი აქვს დალეული“.

ბოლოს და ბოლოს ეს სიტყვა უნდა ითქვას და მისი არ უნდა გვეშინოდეს. თუმცა დღეს გახურებულ ქართულ ატმოსფეროში ძნელია ამის თქმა...

აქ გვეტყვიან, რომ შეიძლება ეს არის თვითმკვლელობა ჩვენი და მოიყვანენ

ძველ ჩექმასავით გაცვეთილ მაგალითს იმ შტოს გადაჭრის შესახებ, რომელზედაც კაცი ზის. რა გაეწყობა!
ссср
და მე ვფიქრობ, დიახ, ჩვენ და დღევანდელი საქართველო (და შეიძლება

საქართველო ზოგადად) ვართ ორი ანდროგინი და ჩვენგან არ შეიქმნის შთამომავლობა. და თუ საქართველოს წარმოვიდგენთ სულიწმინდის მიერ დაორსულებულ არსებად, რომელსაც „ბებია“ სჭირდება, რათა მიიღოს ხელთ „ნაყოფი მუცლის მისისა“, მაშინ ჩვენ ვერ გამოვდგებით ასეთ ბებიებად, ვინაიდან ნაყოფი იგი არ არის და არც იქნება გამართლება ჩვენი წარმოდგენის, ჩვენი სურვილების, ჩვენი შეგნების და იმ დიდი სიყვარულის, რომლითაც გვიყვარს საქართველო.

ჩვენი მოწინააღმდეგეები აქ ახსენებენ სხვა სახელებს ჩვენს გარშემო,

იტყვიან, რომ ეს მარტო ჩვენა ვართ უვარგისი, რომ არიან სხვებიც. კი, ბატონო.

- რაა? ვინაა?

აქ იტყვიან, რომ პოეტი, მაგალითად „დახეული დროშის“ ლექსით

სამშობლოს ემსახურება. როგორ? განა მასზე ნაკლებად ემსახურება სამშობლოს უცხო ვინმე რუსთაველის პროსპექტიდან, რომელიც „ანტანტის ფლოტის“ შესახებ გავრცელებულ ჭორებით ნაკლებ კი არა, უფრო მეტად აღვივებს „პატრიოტების“ გულსა და „ემსახურება“ ქვეყანას?! ეს მეჭორე და ეს პოეტი ერთნაირად ღელდებიან და აღელვებენ, მაგრამ რა შუაშია აქ პოეზია?

ესაა, ჩემი ფიქრით, ის უკუღმართი მოვლენა, რომელზედაც ზევით

ვლაპარაკობდი, როცა სამშობლო არ აძლევს პოეტს რასმეს და პირიქით, პოეტი ცდილობს მისცეს მას.



პოეზიაში და, საზოგადოდ, ეს დამარცხების ამბავია და ჩვენ ვიცით, რომ ეს სიყალბეა, გაუგებრობაა და მართლა სირცხვილი იმ პოეტს, რომელსაც შეეხარბება ასეთ გაუგებრობაზე აშენებული ძეგლი.

ჩვენ დღეს ვერცერთ პოეტზე „კვანჭს ვერ მოკიდებ“ და ვერ ნახავ მასში

ვერც პოეზიას და ვერც საქართველოს.

ასეთი ყუმი და უმია ჩვენი პოეზიაც. აძიგძიგებული, როგორც ციებიანი

ქათამი სამეგრელოში.

მე მეშინია ამაზე ფიქრი.

კი, ბატონო, ჩვენ ვიყვეთ დეგენერატები; დეე, საქართველო არ გვიყვარდეს;

დეე, ჩვენ გაგვრიყოს საქართველომ და ეთაყვანოს თუნდაც რწყილს. კი, მაგრამ სხვები სადაა? სხვებს რაღა დაემართა? რომ არც სხვა სჩანს?

და შემდეგ. ჩვენთვის, ჩვენნაირად ხომ გვიყვარს საქართველო, ხომ გვინდა

ის ჩვენი საქართველო, რომელიც ჩვენს ოცნებაში ზის, მუდამ ვეალერსებით და სხვანაირია. რომ არც ამ საქართველოზე გვაქვს ჩვენ კონკრეტული წარმოდგენა?

ჩვენს ოცნებას საქართველოზე ელაპარაკება მხოლოდჩვენი გული და

სიყვარული, ჩვენი სურვილი, მაგრამ არის სურვილი, ნდობა და არ არის რეალობა...

ჩვენ საქართველოს მზე არ გაგვანათებს, მაგრამ, როგორც ვთქვი, ის ვერც

სხვამ ნახა და თუ მარტო ჩოხა-ახალუხია საქართველო, უტიეთ მას, წამოდით აქეთ, დავიკარგოთ, წყალში გადავვარდეთ!!

ჩვენ, ამხანაგებო, დიდი დეფექტები გვაქვს, მაგრამ ერთი ცხადია,

რომ პოეზია უსათუოდ გვესმის, ვგრძნობთ მას სხვაზე მეტად. ამას მიმტკიცებს მე მთელი ის თანამედროვე ლიტერატურა, რომელშიაც ვბუნაგობ აქ და სწორედ ამიტომ ჩვენ ყველაზე ადრე უნდა მივსულიყავით საქართველოს მიგნებამდე.

ეს ჩვენ ვერ ვქენით, ვერ შევძელით. აქაა ჩვენი საფრთხე და ჩვენი უბედურება. ამის მეშინია მე და აი რატომ:

როგორი ინტერნაციონალურიც არ უნდა იყოს პოეზია და ხელოვნება ის, ჩემის ფიქრით, მაინც ატარებს ეროვნულ სახეს. თვით ვერლენი, რომელსაც ნაკლებად ახსენდება სამშობლო და რომელიც ამბობს - „Я равнодушен к судьбе народа“-ო (ჯერ კიდევ ვერ მომყავს ფრანგული ციტატები) - ეროვნული მოვლენაა. შექსპირიც, დანტეც. ეროვნულია „ომი და ზავი“, „ჟან კრისტოფი“ (რომელიც მხოლოდ ეხლა გადავიკითხე), მაგრამ ამ ერის და ეროვნების სახე იმდენად ძლიერია შემოქმედებაში, რომ მას სრულიად არ სჭირდება ლაპარაკი: „გაუმარჯოს საფრანგეთსო!“ და სხვა. ამას ყვიტის თითოეული სტრიქონი ყოველი ავტორისა. ეს წვრილმანი არ სჭირდება ავტორს, რადგან მის ერს იმდენი ქონი აქვს, იმდენი სხვადასხვაობაა მასში, იმდენად თვალსაჩინოა და გრანდიოზულია ის, როგორც ერი, რომ რა არ უნდა არაეროვნული ხასიათის იყოს ნაწარმოები - მისი ქვეყანა მაინც შიგნითაა. ის ყვირის და იძახის.

 ამის წინათ აქ იყო კლოდ ფარერი, რომელსაც სტამბოლმა დიდი ზეიმი გაუმართა. ოსმალეთს ეძახიან „პიერ ლოტისა და ფარერის ქვეყანას“ - სულ ამ თათრებზე სწერენ, მაგრამ ისინი მაინც საფრანგეთის ლიტერატურაში არიან, საფრანგეთის ხალხი არიან.

აიღეთ რუსეთი. რუსის ხელოვნებამ მთელი ევროპა დაიპყრო, არსად იმდენი ხალხი არ დადის, როგორც რუსები გამოფენაზე პარიზში. არც ერთი ლიტერატურა ისე არ აინტერესებთ, როგორც რუსული. პირდაპირ შურით ივსები, როდესაც ხედავ წიგნის მაღაზიებს ავსებულს მერეჟკოვსკით, ბუნინით, დოსტოევსკით და სხვა - ფრანგულ ენაზე. სუდეიკინი ვერ აუდის თეატრში შეკვეთებს და მისი სურათები მიაქვთ ამერიკაში. ერენბურგი გამოდის რუსულად, ფრანგულად, გერმანულად. ესენინი და კლიუვეი ყვირიან ბარბიუსს „კლარტე“-ში. ბევრი ჩვენი ნაცნობი რუსი იბეჭდება ყოველთვიურ „მერკურე დე ფრანს“- ში და სხვა.

რა არის ეს?

ეს არის რუსეთი, რომელიც ნახა რუსის შემოქმედმა. ესაა რუსეთი, რომელიც მონახეს კირეევსკებმა და აქსაკოვმა; რომელიც აკურთხა „რაინდმა ბერმა“ სოლოვიოვმა, რომელსაც მიახეთქა თავისი გამსკდარი თავი ჩაადაევმა; რომელზედაც სტიროდა გერცენი - ეს ბაყბაყ-დევი რევოლუციის პათოსისა; რომელმაც დაარწმუნა ბელლი თავის მესსიანობაში და სხვა და სხვა. ეს რუსეთი აყვირებს და ასაზრდოებს თავის პოეტებს, შემოქმედებს...

აქ არის ხაზიც - ძიების და განდგომისა, ტირილისა და ძაგვის. მაგრამ ტირის პოეტი, რომელსაც აწევს რაღაც გრანდიოზული, რომელსაც ახრჩობს თავის ქვეყნის სიდიდე, სხვანაირობა, საკვირველობა, თავის სამშობლოს ღმერთი.

მოიგონეთ დოსტოევსკის მსჯელობა ერებზე და სახელმწიფოებზე: ხომ არარა ის ერი, რომელსაც არა ყავს და არა სწამს საკუთარი, თავისი ღმერთიო.

ეს ღმერთი ყველას ყავს, მართლა. ეს ღმერთი ყავს საფრანგეთს, რომელიც კურთხევადა სდგას მარნაზე და ელენეს კუნძულზე, ბასტილიაზე და მარსელიეზაში; ეს ღმერთი ყავს გერმანეთს (და მარტო ამ ღმერთს ეხებოდა ის შტამპი, რომელიც დაკრული ქონდა სამხედრო საგნებს ომის დროს - „ღმერთო, დასაჯე ინგლისიო“); ინგლისს, რომლის ღმერთიც ვენერასავით ამოდის ზღვიდან, შემდეგ იქცევა ოფელიად, რომ გაცოცხლდეს ინდოეთში...

ჩვენ ყველა ვხედავთ სკვითების ღმერთს... და ასე ყველგან.

სხვებსაც ყავს და თუ არ ყავთ - შედიან სხვის საყდარში. ეს ღმერთები აკურთხებენ მათ პოეზიას, მათ ხელოვნებას, ასუქებენ და ანავარდებენ მას.

და ჩვენც, თუ გავშლით ფრთებს - გავშლით, როგორც ეროვნული მოვლენა, თუ გავალთ ევროპაში - გავალთ, როგორც და მარტო ქართველები, რომელნიც გავიტანთ და გამოვაჩენთ საქართველოს სახებას.

და როცა კვლავ ვურუნდები საქართველოს, მე მას ვერ ვხედავ, ვერ ვნახულობ და მეშინია; ნუთუ საქართველო მარტო ეტნოგრაფიული მოვლენაა, თანდათან გადაგვარებაში გადასული?

როცა გადავხედავ ჩვენს ისტორიას - იქ მე ღვთის ხელს ვერ ვნახულობ. ჩვენი არსებობა დაცინვაა განგებისა ჩვენს თავზე. ჩვენშია ჩაჯდარი ლომი და რწყილი, ეშმაკი და ანგელოზი, ნიჭი და ყვავი... არის რაღაც შეკოწიწებული და გადაყრილი, მიბნეულ-მობნეული. ხერხემალს საქართველოს იდეისა მე ვერ ვპოულობ და ვერც აზრს საქართველოისას წარსულში.
(1921 წლის) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვრები 

იქნება საქართველო წარსულში გაამართლოს ჯვარმა, რომლისთვისაც ის იგლიჯებოდა ყოველი მხრიდან. მაგრამ ჯვარისგან ხომ კურთხევა უნდა გამოდიოდეს და სადაა ეს კურთხევა? ნუთუ ჩვენი აწიოკებული ისტორია კურთხევაა? ნუთუ ორიათასი წლის განმავლობაში ამ ჯვრის ძალამ ვერ შვა მოვლენა, რომელიც გამოირკვევდა საქართველოს, როგორც მოწოდებას, საკუთარის აზრით და დანიშნულებით. ნუთუ საბოლოოდ და სამუდამოდ მოკლებულია საქართველო იმ „ნათლის სვეტს“, რომელიც წინ მიუძღვის ყოველ ხალხს ახალი სიტყვისა და შემოქმედებისკენ.

ორიათასი წლის განმავლობაში მე ვერ ვხედავ ამას და მეეჭვება თვით რუსთაველიც: თუ ის ჩვენი ცხოვრებისაგანაა - უსათუოდ გაუგებრობაა ის; თუ არადა - ან რუსთაველი არაა ქართველი, ანდა მისი პოემა ადვილად ნაშოვნია სადმე.

შოთა რუსთაველი
 მე ვიბნევი და მეშინია ასეთი კითხვების; მაწუხებს ეს აქ, ისე როგორც არასოდეს და ირყევა ჩემი სიმტკიცე და გული.

მე არ მინდა უარვყო საქართველო წარსულშია და მომავალში. მაგრამ ესე ხდება ეს. თუ ერის სახე იხატება მის შემოქმედებაში - საქართველოს სახე დღეს განსაკუთრებით ძნელი სანახავია, ხოლო ჩვენს შემდეგ რა მოდის ხელოვნებაში და პოეზიაში - ეს თქვენც იცით. ეს საუკუნე ვერ მისცემს საქართველოს ვერც ერთ პოეტს, ვერც ერთ ჭეშმარიტ მწერალს...

შეიძლება ვერც ჩვენ ავიმაღლოთ ხმა, როგორც შემოქმედმა. შეიძლება ჩვენც ჩაგვყლაპოს იმ არარაობამ, რომელიც სვამს საქართველოს ბედს, მის სულსა და სისხლს საუკუნეთა განმავლობაში.

მე მგონია, რომ ყველა ჩვენგანი ამას ვგრძნობთ.

ჩვენ რომ ვეძებდეთ დაფასებას დღევანდელს, სახელს იაფს - ამას ყოველი

ჩვენგანი შეძლებდა. ეს ადვილია, მაგრამ ეს იქნება ღალატი სინდისისა და პოეზიისა. და ის, რაც მარადიულია ყველგან, რასაც უხვად აძლევს სხვა ხელოვნებას სხვა სამშობლოები - ჩვენ საქართველოში მას ვერ ვხედავთ და ვვარდებით სკეპტიციზმში, რომელიც ალბათ მიგვიყვანს ცინიზმამდე.

სადაც არ უნდა წავიდეთ, ამ მიზეზის გამო, ჩვენ თავს ვერსად ვერ ავწევთ და ვერც ერთ ჩვენთაგანში ვერ ალაპარაკდება საქართველო ისე, როგორც ალაპარაკდა იტალია მარინეტის ინტერნაციონალურ მანიფესტებში.

ისეთი ინტერნაციონალური მოვლენა, როგორიცაა რევოლუცია, უაღრესად ეროვნულ სახეს ამოისვრის ხოლმე პოეტში. საუკეთესო პოეტები რუსეთის რევოლუციისა, რომელნიც იშვენ რევოლუციით და მესამე ინტერნაციონალის ვარსკვლავსაც უგალობენ, ყველაზე მეტად ეროვნული არიან.

ტატლინის ძეგლი მესამე ინტერნაციონალისთვის ეროვნული პოტენციის შედეგია, რომელიც გააქანა, აამოძრავა და გამოაჩინა რევოლუციამ.

დროა გავათაოთ წერილი!

ჩემი გემი, რომელზედაც მე ვცხოვრობ, დგას „ოქროს რქაზე“. ღამეა და ამ სიწყნარეში უკვე მესამედ ყივის თათრის მამალი ნაპირიდან.

მეც დავიღალე.

სტამბოლი ხომ ისტორიული პუნქტია, სადაც სტიროდნენ ქართველები. ეს წყლები „ბაბილონის მდინარეებია“ და იქნე როდესმე ქართველი პოეტიც დასტიროდა აქ თავის ბედს და სამშობლოს ისე, როგორც მე. იქნებ ისიც

ეძებდა საკუთარ ვარსკვლავს ამ მინარეთების წვეტიან თავებში და ეს მთვარიანი მინარეთები მასაც უფარავდნენ სამშობლოს სახეს ისე, როგორც ჩემთვისაა ის დაფარული და მიუგნებელი...

ვინ იცის.

ვიჩქარი დასკვნებს. მეშინია ამ „ერესი“-ს, მაგრამ ესაა და რა ვქნა. საქართველო პასიური მოვლენაა.

მისი ენერგია გამოწვეული იყო სხვა, მისი გარეშე მყოფ მოვლენისაგან. (ენერგია ჭიის, როცა მას ფეხს აჭირებენ).

საკუთარ შინაგან აქტივობას მოკლებული იყო საქართველო და მოკლებული იყო, მაშასადამე, შემოქმედების გენიასაც.

მიკლებულია აქედან გამართლებას, მსოფლიო გამართლებას, საკუთარ რელიგიას, მოწოდებას, აზრს, შინაარსს.

იმითაა, რომ მშრალია და ფუყე საქართველო. აქედანაა მისი უშვილოსნობა თუ ბერწობა. ამის სედეგია ჩემი ფიქრით, სიმჩატე ქართველი არსებისა, ქართული ჭკუისა, განწირვა ქართული ხელოვნების, პოეზიის.

მე მგონია ესაა მიზეზი იმისა, რომ ყველაფერი ქართული უდღეოა, რომ ქართული ბედი სწყდება და ტყდება ყოველთვის შუა გზაზე, დაუმთავრებელი, მიუღწეველი...


იხილეთ ლიტერატურის სვეტში გრიგოლ რობაქიძის მიერ გამოქვეყნებულ საპასუხო წერილს (1927წ).