2/25/2012

საქართველოში Sexსუალური რევოლუცია დაწყებულია


 დიახ, ეს დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია. ათვლის წერტილად კი 2011 წლის 17 მარტი შეგვიძლია დავასახელოთ, როდესაც ქართული ზერეიტინგული გადაცემის "პროფილის" ეთერით ხალხმა მოისმინა ისტორია სტრიპტიზ კლუბის დამაარსებლისა და სტიპტიზის მოცეკვავე გოგოების.

 ეს ფაქტი ისე არ უნდა მივიღოთ, რომ თითქოს 17 მარტამდე არაფერი არსებულა, რა თქმა უნდა, ეს პროცესი ბოლო რამდენიმე წელია მიმდინარეობს და ალაგ–ალაგ იჩენდა თავს გახმაურებული სკანდალებითა თუ მიტინგებით, თუ შეხლა–შემოხლითაც კი.


გამოვყოთ 2011 წლის 17 მარტამდე მომხდარი "სექსუალური ტიპის" ამბები:



დიოგენეს "მხიარული საუბრები სექსსა და ჰიგიენაზე". გამომცემლობამ წიგნი 10 წლის წინ გამოუშვა და მიზნად ისახავდა სკოლებში ბავშვებისთვის სექსუალური განათლების მიცემას. მოზარდებში დღითიდღე მატულობს კითხვები: საიდან, როგორ გავჩნდით? რატომ  მიდგება დილაობით? ძუძუ რატომ გამეზარდა? და ა.შ. პასუხები კი მშობლებისგან უსაფუძვლო და უკვე სასაცილოა. წეროების და კომბოსტოების ზღაპრები წარსულს ჩაბარდა დედიკოებო და მამიკოებო! დადებითი ამ ამბავში ისაა, რომ ამ ზრაპრების უკვე უფრო მეტ ბავშვს აღარ სჯერა. უკვე მეტი მოზარდი იგებს ინფორმაციას ინტერნეტის საშუალებით, უფრო მეტი მოზარდი ინტერესდება ამ საკითხით და სვამს კითხვებს.

შორენა ბეგაშვილი, ქართველი ქალის ანტიპოდი. მიუხედავად იმისა, რომ პატარ–პატარა სკანდალები მანამდეც ხდებოდა ზოგიერთი მანდილოსნის მიერ, შორენა მაინც განსხვავებული და საინტერესო ეფექტის მომხდენი აღმოჩნდა. ის, ყოველთვის გულახდილია, არასოდეს მალავდა თავის სიშიშვლეს და ქართული კინემატოგრაფის ამღორძინებლადაც კი მოგვევლინა. "ღამე შორენასთან" ამბები, ხომ ყველას ახსოვს, ეს იყო რაღაც მისტიური, რაღაც შეუცნობლის და აკრძალულის გამხელა ქართველი მაყურებლისთვის, რამაც დიდი აღშფოთება გამოიწვია საბოლოო ჯამში.

საქალწულე აპკი და აღდგენილი სიცრუე. ეს ქართული არათუ ინტერნეტ სივრცის ბოლო ათწლეულის საკულტო თემაა, არამედ ქართული ტელემედიისაც. არ არსებობს ბლოგერი, ამაზე რომ არ ჰქონდეს ნამსჯელი და არ არსებობს გადაცემა, საეთერო დრო ამ საკითხისთვის რომ არ დაეთმოს. ეს ყველაფერი თითქოს შეგნების გაზრდას უნდა ისახავდეს მიზნად, მაგრამ უკუპროპორციულად იზდებოდა აპკის აღდგენის ოპერაციები, სტატისტიკა ბოლო პერიოდში შემაშფითებელი გახდა, თუმცა ახალგაზრდა თაობა ნელ–ნელა ხვდება, რომ აპკი, მხოლოდ და მხოლოდ აპკია და მეტი არაფერი!

გეი თემატიკა და პედერასტები. სულ უფრო და უფრო ხდება ჰომოსექსუალური თემის წინ წამოწევა. ქართველებს პერიოდულად გვჭირდება მტრის ხატი და განტევების ვაცი, ადრე თუ იაჰოველები იყვნენ ქართველობის დამაქცევარნი, შემდეგ სოროსელები, ახლა მოდაში ლგბტ ხალხის წინააღმდეგ მიმართული აგრესიაა. მსგავსი საქციელით, უკურეაქციას ვიღებთ და საზოგადოება უარესად ეფლობა სტერეოტიპებში, ახალგაზრდები არასწორ და დამახინჯებულ ინფორმაციას ღებულობენ.

გახრწნილი და წმიდანების შეურაცხმყოფელი ლიტერატურა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სწორხაზოვნად გამგები ადამიანების პრობლემაა, თუმცა ზოგიერთმა ადამიანმა შენიშნა, რომ საზოგადოების ანკესზე წამოგება და აღშფოთება ძალიან მარტივადაა შესაძლებელი. ხშირ შემთხვევაში ეს მათი თვითმიზანი არ ყოფილა და ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ ახალ გააზრებას. აღსანიშნავი მომენტი: უკმაყოფილოთა არმიას წაკითხულიც კი არ ჰქონდათ წიგნები... ყველას გვახსოვს ბუღაძის "თამარიანნი"–ს ამბები; "ანტიტყაოსანი"; მერე დეისაძიზაცია და ახლა ანა კორძაიას "შუშანიკის შვილების" ჯერი მიდგა, თუმცა ჯერ–ჯერობით სიმშვიდეა. [უი, იქნებადა ვისწავლეთ ლიტერატურის განმარტება?]

 2011 წლის 17 მარტის შემდგომი პერიოდი:
მაია ასათიანის ღალატი "პროფილის" ეთერით. ვინაიდან ეს გადაცემა ყველაზე სახალხო და ეროვნული ცრემლსადენი საშუალებაა არავინ მოელოდა, რომ თვით ასათიანი, და თვით ასეთი კეთილშობილური გადაცემა, რომელსაც საზღვარგარეთაც კი უყურებენ, მსგავს თემატიკას შეეხებოდა და საჯაროდ ჩამოართმევდა ინტერვიუს "ბოზებს". თუმცა მადლობა მაიას ამ გადაცემისთვის. საზოგადოების ფართო მასებმა დაინახეს რომ: ქალს უფლება აქვს, მოძალადე ქმრის მიტოვების; მოძალადე კაცი არაკაცია; სტიპტიზის ცეკვა სექსმომსახურებასთან კავშირში არაა, და მომუშავე გოგონები სექსუალურ სურვილებს არ ასრულებენ; თურმე ასეთი დაწესებულების მიღმაც ადამიანები დგანან, და არა როსკიპები, გარყვნილები და ანტიქრისტეები.

გვახარიას ბავშვის სექსუალური აღზრდა. მეორე დღესვე "წითელი ზონის" მაყურებელი და საზოგადოება მეორე უპრეცედენტო გადაცემის მომსწრე შეიქმნა, როდესაც პირდაპირი ეთერით, ბავშვის ფსიქოლოგის მიერ მოისმინეს ისეთი განმარტებები და მითითებები, რასაც არასოდეს [ან ვერასოდეს] აღასრულებდნენ საკუთარ შვილებთან. თურმე შვილის სექსუალურ ცხოვრებაში ჩარევა, უფრო მეტად აზიანებს პიროვნებას; რომ მამის ან ბიძის მიერ "ქალებში წაყვანა" მსოფლიო დონის მარაზმია; რომ ქალიშვილობა უხერხული სისულელეა და ყველაზე მთავარი: რომ ჩემი საცვალი, მხოლოდ და  მხოლოდ ჩემია და მასში ჩახედვის უფლება, თვით მამა ზეციერსაც კი არ აქვს!

ტვ "იმედი" და პლეიბოი. ტელეკომპანია, აშკარად დგას სექსუალური განათლების მიღების სადარაჯოზე ახალგაზრდებში. მიუხედავად იმისა, რომ "შორენას ღამემ" კრახი განიცადა, ტელევიზია არ დანებდა და ეთერში, პლეიბოის საკმაოდ ძველი სერიების გაშვებას მიჰყო ხელი, სადაც პირველი ანა ნიკოლ სმიტი, აწ უკვე გარდაცვლილი მოდელი, გახლდათ. კომიკურია ხომ, 2011 წელს რომ ვიწყებთ პირველად მსგავსი გადაცემის ყურებას? მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს!

ბიჭოლა, "ფეშენ თბილისი" და "ძერზკობები". თბილისში სულ უფრო ხშირად იმართება მოდის კვირეულები, იხსნება სხვადასხვა ფართი კლუბები და "დერზკი" დაწესებულებები. თუკი ადრე ვერავინ წარმოიდგენდა მოდელ მამაკაცს და მით უმეტეს, მამაკაც დიზაინერს, ახლა ეს უკვე მისაღები ხდება. მაგალითად, ბიჭოლამ სრული რევოლუცია მოახდინა ახლახანს უკნაინის "ფეშენ ვიკზე", სადაც მამაკაცები ქუსლებზე დააყენა. ეს ქართული პრესის გამოხმაურება იყო ასეთი, სინამდვილეში კი ჩვენება უბრალოდ ჯგუფმა "კაზაკმა" გახსნა. საკმაოდ, კრეატიული და ლამაზი სანახაობი გამოდგა. [არც ის დავივიწყოთ რამდენი "მისტერ ვალენტინი" გვყავს. რუსეთში მოღვაწე დავით ბარამია "მისტერ მსოფლიო გეიც" რომ გახდა?!]

უსექსობა VS. სექსიაობა. მიუხედავად იმისა,  რომ ლალი მოროშკინა თავისი ახალი რომანით გვარწმუნებს, თბილისში სექსი არ არისო, რაზეც უკვე გამოვეხმაურე მე ამ პოსტით, დიახ, თბილისში სექსი არსებობს და უკვე რეგიონებშიც ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ახალგაზრდები სიცრუეში ცხოვრებას აღარ აპირებენ და ისინი აჯანყდებიან: მათ აქვთ უფლება საკუთარი სექსუალური ცხოვრების გაკონტროლება ისწავლონ!
ფაქტები სახეზეა. გვინდა ეს ჩვენ, თუ არ გვინდა, პროცესი დაწყებულია ვერტიკალური მიმართულებით და გასაჩივრებას არ ექვემდებარება!