1/14/2012

HTC Titan (X310e)

 ყოველთვის მაინტერესებდა Windows Phone 7 მოწყობილობები და დღეს მომეცა საშუალება განვიხილო ეს პლატფორმა მისი ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის მაგალითზე. სამსჯავროზე გამოჩნდა HTC Titan (X310e), რომლის ავსა და კარგზე მინდა მოვუთხრო  http://www.giorgigigeo.com Blog-ის მკითხველებს. მაშ ასე შევუდგეთ წესისა და რიგის მიხედვით.

კომპლექტაცია
სმარტფონი HTC Titan
აკუმულატორი (1600 მა/სთ)
AC ადაპტერი (დამტენი)
USB-microUSB კაბელი
სტერეო ყურსასმენები

დიზაინი
გამოიყურება სმარტფონი ძალიან მარტივად და მკაცრად – კორპუსი სრულად შავ ფერშია გადაწყვეტილია, არ არის არანაირი დეკორატიული ჩასმები და ელემენტები, მოკლედ სრული მინიმალიზმია დიზაინის თვალსაზრისით.
 ჩემი თვალსაზრისით აპარატი ზედმატად მკაცრიცაა, ჩვეულებრივ HTC ცდილობს შეცვალოს მარტივი დიზაინი და დაამატოს მას მცირე დეტალები, როგორიცაა აკუმულატორის მრავალფერიანი ხუფი ან მეტალის თუ პლასტმასის ჩასმები, მაგრამ აქ ამის მსგავსი არაფერი არ შეინიშნება. სმარტფონი ძალიან მოეწონებათ მარტივი დიზაინის მოყვარულებს. ამისთანა მიდგომის პლიუსი იმაში მდგომარეობს, რომ საქმიანი ადამიანის ხელში ეს აპარატი ყურადღებას მიიქცევს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია.

კორპუსის მატერიალი

სმარტფონის წინა პანელი არ იჩხაპნება იმიტომ, რომ არის გამომდნარი შუშისგან გაკეთებული. Gorilla Glass-ის საიტზე მოთავსებულ სიაში ეს მოდელი ჯერ არ არის შეტანილი, მაგრამ ის აუცილებლად დაემატება უახლოეს მომავალში. ასე, რომ ამ ტელეფონთან ერთად ჯიბეში შეიძლება ჩავიდოთ გაზაღებები და სხვა მეტალის ნივთები ყოველგვარი დაფიქრების გარეშე.  არანაირი ნაკაწრი მის ეკრანს არ დაეტყობა მიუხედავად ასეთი ახლო კონტაქტისა.
აკუმულატორის ხუფი ალუმინისგანაა გაკეთებული და შემდეგ შეღებილია შავ ფერად, მის უკანა ნაწილში არის რბილი პლასტმასის ჩასმა – ასევე შავი ფერის. ხუფი კორპუსის უკანა მხარეს მთლიანად იკავებს და წინა ნაწილზეც ოდნავ გადმოდის რასაც გახსნისას აუცილებლად შეამჩნევთ.

კორპუსი ძალიან პრაქტიკულია. მასზე არ რჩება კვალი და არც თითის ანაბეჭდები, თუნდაც მასზე გაჩნდეს ნაკაწრები მისი შემჩნევა ძალიან რთული იქნება.

HTC Titan-ის კორპუსი მთლიანობაში ძალიან მყარ კონსტრუქციას წარმოადგენს. ხუფი მჭიდროდ ეკრობა კორპუსს და აპარატზე მძლავრი დაწოლის შემთხვევაშიც არ იქნება ჭრაჭუნის ხმა და არ მოირყევა სამაგრები.

გაბარიტები

გაბარიტებით HTC Titan თითქმის ემთხვევა მის Android ანალოგს Sensation XL-ს, ორივე სმარტფონი განეკუთვნება საერთო კლასს სახელწოდებით “ფართო ეკრანიანი”  მასზე უფრო დიდი ეკრანი აქვს მხოლოდ Acer Iconia Smart-სა და Samsung Galaxy Note-ს, რომლებიც “ნახევარპლანშეტების” კლასს მიეკუთვნებიან.

HTC Titan-ის ფიზიკური მონაცემებია 131,5 x 70,7 x 9,9 მმ და იწონის 165 გრამს.

სმარტფონის დიდი ზომის მიუხედავად მისი შარვლის ჯიბით ტარება შესაძლებელია მაგრამ შესაძლოა ზოგიერთი განსაკუთრებით ვიწრო ჯიბის მქონე შარვალში არ ჩაეტიოს.

საუბრისას მისი დაჭერა გაცილებით მარტივია, თუ ცოტას მაინც მივეჩვევით ზომიდან გამომდინარე თავისებურებებს. სმარტფონთან ცალი ხელით მუშაობა უფრო ადვილია ვიდრე Sensation XL-ზე. საქმე იმაშია, რომ Android-ის მართვის ელემენტები უფრო კომპაქტურია და ეკრანზე ისინი გაცილებით მეტია ვიდრე Windows Phone 7-ში, სადაც მართვის ღილაკები უშველებელია, თუნდაც ფილები მთავარ ეკრანზე. მოკლედ კომფორტული სარგებლობისათვის საკმარისია მისი ცალ-ხელში დაჭერაც რაც ჩემთვის თითქმის შეუძლებელი იყო HTC Sensation XL-ზე (განსაკუთრებით დიდი ხელის მტევნების მქონე მომხმარებლისთვის ალბათ ეს პრობლემას არ წარმოადგენს).

მართვის ელემენტები

ელემენტების სიმრავლე ანალოგიურია ნებისმიერ Windows Phone 7 სმარტფონისათვის, ეს Microsoft-ის მოთხოვნაა. მართვის უმთავრესი ბერკეტებია: ეკრანი და სამი სენსორული ღილაკი მის ქვეშ. ღილაკებს აქვთ თეთრი ქვე-განათება, რომელიც ავტომატურად ირთვება გარემოს განათების მიხედვით. მარცხნივ არის ღილაკი “უკან” – გადადის ერთი ეკრანით უკან, ამ ღილაკის შეყოვნებისას გამოდის გაშვებული პროგრამების ლენტი უფრო მარტივად გადართვისათვის. ცენტრში არის Windows-ის ალამი, რომელიც ნებისმიერი ეკრანიდან გადადის მთავარ ეკრანზე და შეყოვნებისას გამოაქვს ხმოვანი მართვის მენიუ. მარჯვნივ არის გლობალური ძიების ღილაკი, მასზე დაჭერისას სრულდება ერთადერთი ფუნქცია: Bing საძიებო სისტემა.

სენსორული ღილაკები ძალიან მოხერხებულია, თუმცა ისინი მაინც ვერ შეედრება აპარატულ ღილაკებს. მიუხედავად ამისა სენსორული მართვით სარგებლობა კონფორტულია და მოითხოვს მიჩვევას.

ეკრანის გამორთვის (ბლოკირების) ღილაკი აპარატის ზედა მარჯვენა მხარესაა განთავსებული. ის ოდნავ ჩაძირულია კორპუსში, დაჭერის შეყოვნებისას გამოდის მენიუ რომლითაც შეიძლება სმარტფონის გამორთვა. ჩართვის ღილაკის გარდა ზედა მხარეს მოთავსებულია 3,5 მილიმეტრიანი აუდიო ფოსო რომელშიც შეიძლება გარნიტურის ან ყურსასმენების შეერთება. აპარატის ქვედა მხარეს არ არის მართვის ღილაკები, იქ მხოლოდ უკანა ხუფის მოსახსნელი ბერკეტია ცენტრში მოთავსებული.

ხმის რეგულირების ღილაკები მოთავსებულია მარჯვენა გვერდითა მხარეს და მისით სარგებლობა ადვილად არის შესაძლებელი საუბრისას მარჯვენა ხელის თითებით. უფრო ქვევით არის ფოტოაპარატის ღილაკი, რომელიც რთავს ფოტოაპარატს ნებისმიერი ეკრანიდან და ასევე იღებს ფოტოს და იწყებს და წყვეტს ვიდეო რგოლის გადაღებას.

მარცხენა მხარეს მხოლოდ microUSB ფოსო არის მოთავსებული, რომლის საშუალებითაც შეილძება მივაერთოთ სმარტფონი კომპიუტერს ან დამტენ ადაპტერს.

წინა პანელის ზედა მხარეს HTC-ის ლოგოტიპის ზევით არის დინამიკის ჭრილი დამცავი ბადით. დინამიკის ქვეშ არის შუქდიოდური ინდიკატორი, განათების სენსორი, მიახლოების სენორი და უფრო მარჯვნივ და ქვევით არის წინა კამერა 1.3 მეგაპიქსელიანი მატრიცით.

შუქდიოდური ინდიკატორი ციმციმებს მწვანედ, როცა გვაქვს გამოტოვებული ზარები, წაუკითხავი წერილების ან SMS-ების ინდიკაცია აქ არ არის განხორციელებული. ასევე მწვანედ ანათებს ინდიკატორი სრულად დამუხტვისა და კომპიუტერთან შეერთების დროს, დამუხტვისას ის წითლად ანათებს. მეხსიერების ბარათების სლოტი ამ აპარატს არა აქვს, ხოლო SIM ბარათის სლოტი მოთავსებულია ხუფს ქვეით აკუმულატორთან.

ეკრანი

HTC Titan-ში გამოიყენება იგივე მატრიცა, როგორიც არის HTC Sensation XL-ში. ეს არის S-LCD ტიპის მოცულობითი სენსორული ეკრანი, გაფართოებით WVGA (800×480), დიაგონალი 4.7 დიუმი. ფიზიკური ზომებისა და ეკრანის წერტილოვანი გაფართოების შეფარდებით ის შორს არის იდეალისგან. მაგალითისთვის ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელი ppi (წერტილების რაოდენობა დიუმზე) Apple iPhone 4S-ზე არის 330. HTC Sensation-ში მისი რაოდენობა არის 256, Samsung Galaxy S II-ში 217. HTC Titan-ს აქვს მხოლოდ 199. მომხმარებლისთვის ეს ნიშნავს იმას, რომ ეკრანი მოარცვლოვანია. თუ კარგად დავაკვირდებით თქვენ შეამჩნევთ პიქსელებს წრფეებზე და წრეებზე, რაც არ არის სასიამოვნო.

რა თქმა უნდა ამის შემჩნევა შეუძლებელია თუ სმარტფონს ძალიან ახლოს არ მივიტანთ თვალთან და უმთავრესად იმაზეა დამოკიდებული თუ, რომელ სმარტფონს იყენებდით მანამ სანამ შეხედავთ ამ ეკრანს. ეკრანის სიკაშკაშე საკმარისია ამ მოწყობილობაში, კარგია ხილვადობის კითხეებიც ვერტიკალზე და ჰორიზონტალზეც და ის მაქსიმალური მაჩვენებელია ყველა შესაძლო ლოგიკური კუთხისთვის.

შეხებაზე რეაქცია ძალიან სწრაფი და მოხერხებულია და მისი დიდი ზომიდან გამომდინარე ამ მოწყობილობით სარგებლობა ძალიან ადვილი და სასიამოვნოა.

კამერა

სმარტფონი აღჭურვილია ორი კამერით, წინა და უკანა. წინა კამერას აქვს 1.3 მეგაპიქსელიანი მატრიცა, ხოლო მთავარ კამერას ის 8 მეგაპიქსელიანი აქვს. აქ გამოიყენება უკუგანათების მატრიცა BSI, რომელიც უზრუნველყოფს ოდნავ უკეთესი სურათების გადაღებას ვიდრე HTC Sensation, რითაც ის კიდევ უფრო უახლოვდება ამ სეგმენტის ლიდერებს, როგორიცაა Samsung და Sony Ericsson-ის Android მოწყობილობები.

მთავარი კამერის თვალი შემოფარგლულია მეტალის რგოლით და ოდნავ არის წამოწეული კორპუსის ზედაპირთან შედარებით. კამერის მოდულის გვერდით არის ორი შუქდიოდური გაელვება, მისი გამოყენება შესაძლებელია, როგორც ფოტო ასევე ვიდეო გადაღებისას. ამ შუქდიოდების გამოყენება შეიძლება ჩვეულებრივი ფარანის სახითაც, რისთვისაც HTC-მ პროგრამაც დააყენა ოპერაციულ სისტემაში.
 ფოტო

ფოტოგრაფირებისთვის ხელმისაწვდომია შემდეგი გაფართოებები (4:3)
8 მპ 3264×2448
5 მპ – 2592×1944
3 მპ – 2048×1536
2 მპ – 1600×1200
1 მპ – 1280×960
პატარა – 640×480
თეთრის ბალანსი
ავტომატური
ედისონის ნათურა
დღის განათების ნათურა
დღის განათება
მოღრუბლული ამინდი
ჩამოთვლილი პარამეტრების გარდა არის ოთხი ეფექტი, სიმკვეთრის შეცვლა, ფერთა სიმდიდრე, კონტრასტი და ექსპოზიცია. არის გადაღების 8 რეჟიმი, მათ შორის “მაკრო” ასევე შეიძლება ავტოპორტრეტის გადაღებაც ფრონტალური კამერით.

მინდა წარმოგიდგინოთ პატარა ფოტოსესია სადაც კარგად არის ასახული ფოტოების სხვა და სხვა რეჟიმში გადაღების თავისებურებები:

ვიდეო

ვიდეოს ჩაწერა mp4 ფორმატში ხორციელდება (h264 კოდეკის საშუალებით) კადრების რაოდენობა ცვლადია და მისი დიაპაზონი შეადგენს 19-25 კადრს წამში. HD გაფართოებისას ვიდეო იწერება 3 000 კბ/წმ ბიტრეიტით. ხმის ჩაწერა ყოველთვის ხდება aac კოდეკით 128 კბ/წმ ბიტრეიტზე.

ვიდეოსთვის ხელმისაწვდომია სამი გაფართოება:
720p – 1280×720
VGA – 640×480
QVGA – 320×240
ვიდეო რეჟიმის პარამეტრები იმეორებს ფოტო რეჟიმისას ავტო ფოკუსის ჩათვლით, რომელიც ძალიან ნელა მუშაობს, ფოკუსის ცვლილებას 5-6 წამი სჭირდება და ხდება მაშინ, როცა კამერა ობიექტზე ამ დროის განმავლობაში შეყოვნდება.

ავტონომიური მუშაობა

სმარტფონში გამოიყენება Li-Ion აკუმულატორი 1600 მა/სთ ტევადობით. მწარმოებლის მონაცემებით 11 სთ და 50 წუთის განმავლობაში შეიძლება საუბრის რეჟიმით სარგებლობა, მოლოდინის რეჟიმში აპარატი იმუშავებს 360 საათს (14 დღე-ღამე). რეალურად მონაცემები რა თქმა უნდა უფრო დაბალია მაგრამ ის გაცილებით უკეთესია ვიდრე Sensation XL.

ასევე უნდა აღვნიშნო, რომ სისტემა არ არის ისეთი რომ მისით ხშირად ვისარგებლოთ, ეს ხომ Windows Phone 7-ია რომელიც ჯერ-ჯერობით ზარის განხორციელებისთვის და ფოსტის წასაკითხად თუ გამოგვადგება :-) მას აქვს მოუხერხებელი ბრაუზერი, არ გამოვა მანდ დიდი ხანი სერფინგი, მარკეტშიც არ არის იმდენი პროგრამა რომ საათობით ვარჩიოთ, რაზეც ანდროიდში ყოველდღიურად ერთი საათი მაინც ვიხარჯები. ამიტომაც HTC Titan-ზე იგივე მოცულობის აკუმულატორი გაცილებით მეტ ხანს ცოცხლობს.

ბრაუზერი

ბრაუზერი ნორმალურია მაგრამ არცი ისეთი, როგორც ოფიციალურად არის გამოცხადებული, არ არის ყველა უნიკოდ შრიფტის მხარდაჭერა, მათ შორის ქართულისაც.



მწარმოებლურობა

სმარტფონის აპარატულ მხარეს წარმოადგენს Qualcomm MSM8255, პროცესორით 1.5 გჰც. აპარატში არის 512 მბ. ოპერატიული მეხსიერება და 16 გიგაბაიტი შიდა მეხსირება, ინფორმაციის შესანახად კი ხელმისაწვდომია მხოლოდ 12.8 გიგაბაიტი. უპრობლემოდ უშვებს HD ვიდეოს სტანდარტული პლეერი, თუმცა ფორმატების მხარდაჭერა ძალიან ღარიბია: MP4/WMW/H.264/H.263.

მუშაობის სიჩქარესთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს, ის მართლა დაფრინავს, არანაირი შეყოვნება და არანაირი შენელება მუშაობისას. ეს არის Windows Phone 7-ის ერთ-ერთი სერიოზული კოზირი და აქ HTC Titan – გამონაკლისი არ არის.

ინტერფეისები

აპარატი მუშაობს GSM (850/900/1800/1900) და UMTS (850/900/2100), არის ინფორმაციის გადაცემის ორივე ჩქარი სტანდარტის მხარდაჭერა EDGE და HSDPA. სხვა და სხვა მოდულების ჩართვა და გამორთვა ხორციელდება პარამეტრების მენიუდან და სხვა საშუალება ამისა არ არის როგორც ანდროიდში ვიჯეტების ან ნოთიფიკაციების როლდაუნიდან.

კომპიუტერთან სინქრონიზაციისთვის გამოიყენება კომპლექტში შემავალი microUSB. USB 2.0 ინტერფეისით ინფორმაციის PC-ზე გადასაცემად გამოიყენება პროგრამა Zune, რომელიც შეგიძლიათ Microsoft-ის ოფიციალური საიტიდან გადმოიწეროთ, ამის გარეშე სმარტფონის იდენტიფიკაცია შეუძლებელი იქნება სისტემისათვის, ასევე შეუძლებელია აპარატის გამოყენება როგორც გარე სთორიჯი (ფლეშკა).

ჩაშენებული მოდული Bluetooth 2.1+EDR მხარს უჭერს გავრცელებული პროფილების უმრავლესობას, მათ შორის A2DP.

WiFi (802.11 b/g/n) მოდული შესანიშნავად მუშაობს და დამატებითი პარამეტრები ამ ინტერფეისისთვის არ არსებობს, გარდა სტანდარტული დაშვების წერტილების მართვისა, რომელიც ისედაც უნდა ქონდეს ნებისმიერ მოწყობილობას.

WiFi როუტერი გამოიყენება 2G/3G ინტერნეტ შეერთების გასაზიარებლად WiFi ქსელის საშუალებით. უკაბელო ინტერფეისების მენიუში არის პარამეტრი Internet Sharings და იქიდან შეიძლება მივუთითოთ ქსელის სახელი, პაროლი და შეერთების ტიპი (ღია ან WPA2)

DLNA ტექნოლოგიის მხარდაჭერა საკმაოდ კარგად არის რეალიზებული. თუ გაქვთ მედია სერვერი ან სხვა მოწყობილობა ამ სტანდარტით შეგიძლიათ მათთან დაკავშირება და მაგ. ტელეფონიდან ვიდო გადასცეთ პირდაპირ ტელევიზორს HTC Connected Media-ს საშუალებით.

ნავიგაცია

სმარტფონში გამოიყენება ჩიპი gpsOne პლატფორმაზე Qualcomm, რომელსაც სატელიტების ძიებაზე რამოდენიმე წამიღა სჭირდება თუ თქვე ქუჩაში იმყოფებით. ნავიგაციისთვის არის პროგრამა  Microsoft Maps მათივე მსოფლიო რუქით. საბაზისო ორიენტაციისთვის პროგრამა ნორმალურია მაგრამ არაფერი განსაკუთრებული მასში არ არის, არც ინტერესის წერტილები, არანაირი დეტალური ინფორმაცია და არც მარშრუტები. რა თქმა უნდა შეუძლებელია უახლოესი ბანკომატის ან ბეზო-გასამართი სადგურის მოძებნაც :-)

ასევე არის პროგრამა HTC Locations რომელიც Android-ზე არის სრულყოფილი ნავიგაციისთვის, მარშრუტების ჟურნალით და ყველა საჭირო ფუნქციით. აქ ეს პროგრამა არის უბრალოდ უტილიტა რომელიც საშუალებას იძლევა საკუთარი წერტილების დასმისათვის იგივე Bing Maps-ზე და მარშრუტების შედგენისთვის თუ გამოვიყენებთ.

ტექსტური და ხმოვანი შეყვანა

HTC Titan-ში გამოიყენება WP7-ის სტანდარტული ეკრანული კლავიატურა. ის ძალიან მარტივია, აქ არ არის ვიბრაცია კლავიშებზე შეხებისას, მხოლოდ ხმოვანი კლიკები, გადაბრუნებისას კლავიატრუის ფართობი თითქმის არ იცვლება და კლავიატურის მარჯვნივ და მარცხნივ ცარიელი ადგილები რჩება. მიუხედავად ამისა ეს კლავიატურა ძალიან მოხერხებულია და მასზე ტექსტის აკრეფა ძალიან ადვილია.

აპარატში არის ხმოვანი შეყვანა, შეიძლება ვუკარნახოთ როგორც ტექსტი ასევე კონტაქტის სახელი და ის მის ძიებას დაიწყებს ჯერ ტელეფონში შემდეგ კი ინტერნეტში. ფუნქცია ჯერ-ჯერობით მხოლოდ ინგლისურ ენაზეა ხელმისაწვდომი.

პროგრამული უზრუნველყოფა

სმარტფონი მუშაობს Windows Phone 7 Mango-ს მართვის ქვეშ და დამატებითი პროგრამების სახით აქ არის HTC Hub და რამოდენიმე პროგრამა მის შიგნით.

სისტემის სტანდარტული ფუნქციების შესახებ Windows Phone-ის შემდგომ განხილვაში ვისაუბრებთ ახლა კი პირდაპირ HTC Hub-ზე გადავიდეთ.

HTC Hub-ში არის რამოდენიმე ეკრანი, ამინდით, აქციების კურსებით, სიახლებით და ახალი პროგრამებით მარკეტიდან.

მთავარ ეკრანზე კი ეს ჰაბი გამოისახება ორი გაერთიანებული ფილით სადაც შერჩეული ქალაქის ამინდი ტრანსლირდება.

არის საინტერესო პროგრამა ჩანაწერების საკეთებლად სადაც მარტივად შეიძლება შევინახოთ პატარა ჩანაწერები, რაც ძალიან მოხერხებულია.

პროგრამა HTC Watch არის ადგილი სადც შეიძლება ფილმების ყურება, მაგრამ საქართველოდნ მხოლოდ თრეილერების ნახვაღა არის შესაძლებელი :-(

ზოგიერთი საფირმო პროგრამა HTC-გან თავიდანვე არ არის ჩატვირთული სმარტფონში, თუმცა მატი გადმოწერა უპრობლემოდ არის შესაძლებელი მარკეტიდან. მათ შორის აღსანიშნავია ფოტოების რედაქტორი, დოკ პროგრამა, კომპასი და ასევე კამერის დამატებითი რეჟიმების პროგრამა.

ლოკალიზაცია

მინდა აღვნიშნო, რომ Windows Phone 7 არის მშვენიერი მობილური ოპ. სისტემა მაგრამ ჯერ-ჯერობით ძალიან დაუხვეწავი და განუვითარებელი. მასში არ არის ყველა Unicode შრიფტის მხარდაჭერა და რა თქმა უნდა მათ შორის ქართულისაც. ჩემი ყველანაირი მცდელობა მესწავლებინა მისთვის ქართული ტექსტის აღქმა კრახით დასრულდა. მაიკროსოფტის საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომ მთელი მსოფლიო მხოლოდ ა.შ.შ.  და ევროპა არ არის და არსებობს აზია და უამრავი ქვეყანა უნიკალური დამწერლობითა და ენით. იმედია Nokia-თან და HTC-თან კოლაბორაცია მომავალში შედეგს გამოიღებს და პლატფორმაში ნებისმიერი ენის მხარდაჭერა გამოჩნდება.

რეზიუმე

მიღების ხარისხი HTC Titan-ში იგივეა რაც თანამედრო აპარატების უმრავლესობაში. მუსიკალური დინამიკის სიმაღლე ნახევარჯერ მეტია ვიდრე საშუალოდ ყველა სმარტფონში, იგივე შემიძლია ვთქვა სასაუბრო დინამიკზეც. ზარის დაყენება 30 დან 25 პუნქტზე და საუბრის 10 დან 7-ზე ჩემთვის საკმარისი აღმოჩნდა კომფორტული მოსმენისთვის. ვიბრაცია საკმაოდ სუსტია სხვა ტელეფონებთან მიმართებაში, ეტყობა მოწყობილობის გაბარიტებისა და წონის გამო მას არ ჰყოფნის სიმძლავრე.

მინდა აღვნიშნო, რომ აუდიოს აღწარმოების ხარისხი საშუალოზე დაბალია ამ მოწყობილობაში და შეინიშნება დაბალი სიხშირეების სრული დეფიციტი, ნებისმიერ ყურსასმენში თუ ჩაშენებულ დინამიკში. SRS გაუმჯობესების გარეშე ხმა ორიგინალის ნაცვლად უფრო დამახინჯებულად ისმის, რაც ალბათ ოპ. სისტემაში არსებული კოდეკის ან აპარატული კოდეკის ბრალია, თუმცა Qualcomm-ის იგივე პლატფორმაზე მსგავსი ხმა არც-ერთ აპარატს არ ქონია.

საერთო ჯამში აპარატს დადებითან ვაფასებ და მისი ადგილი ისეთი ბიზნესმენის ხელშია, რომელსაც ქართულ ენაზე საიტების თვალიერება და წერიულების მიღება არ მოუწევს, ასევე არ არის ეს სმარტფონი ახალგაზრდული სეგმენტისთვის, იმიტომ, რომ მისი მედია შესაძლებლობები საშუალოზე დაბალია რაც თუნდაც Nokia N8-ს ძალიან მაღალ დონეზე ქონდა რეალიზებული. 10 ბალიანი სისტემით ეს აპარატი 6.5-ს იმსახურებს რაც დამწყები პლატფორმისთვის ნორმალური მაჩვენებელია.