11/16/2011

P.S „დამილაიქეთ“ ეს პოსტი


ნარცისიზმს პლუს სხვისი ემოციებისთვის თვალის დევნების მოთხოვნილება - სოციალური ქსელის ეს პოპულარული ფორმულა სათავეს ინტერნეტის მიღმა იღებს.

საიდენტიფიკაციოდ და კონკრეტული მოვლენისა თუ ემოციის მოსანიშნად დატოვებული წარწერები ბევრ ადგილას შეგვიძლია, ვნახოთ. დაინტერესების შემთხვევაში, უფრო მეტი რაოდენობისა და დატვირთვის მქონე ჩანაწერებს კი უნივერსიტეტების მერხებზე აღმოვაჩენთ.

სწორედ, ეს მერხები და წარწერები შეიძლება, ჩაითვალოს სოციალური ქსელის ჩანასახად. პრიმიტიულ დონეზე, მათ მსგავსი თვისებები ახასიათებთ.

გავავლოთ რამდენინე პარალელი: თითოეული მერხი განვიხილოთ, როგორც კონკრეტული ადამიანის „ექაუნთი“, რომელზეც გამოსახულ-გამოხატულია მისი მფლობელის ემოცია, განწყობა, ინტერესი, აქტუალური საკითხი მოცემული მომენტისთვის და რაც მთავარია, მრავალჯერ და ცალსახად დაფიქსირებული საიდენტიფიკაციო წარწერა. სოციალური ქსელის მსგავსად, საიდენტიფიკაციოდ შესაძლოა, გამოყენებული იყოს საკუთარი სახელი და გვარი ან ნებისმიერი მეტსახელ-ფსევდონიმი.

მერხებზე დატოვებული წარწერები პრიმიტიულ დონეზე ხასიათდება იმ თვისებებით, რაც სოციალური ქსელის მთავარ პრინციპად ითვლება: დაწერო ნებისმიერი რამ, რისი სურვილიც გექნება; მიმართო ის კონკრეტული ადრესატისკენ; მოიწონო ან არ მოიწონო სხვისი „პოსტი“ შენს „კედელზე“ ან სულაც, კომენტარის სახით გამოეხმაურო არსებულ წარწერებს.

მერხი იძლევა „ავატარების“ განთავსების საშუალებასაც. ისინი, რა თქმა უნდა, „ექაუნთის“ მფლობელის მიერ, ხელით არის შესრულებული. „ავატარად“ შესაძლოა, გამოყენებული იყოს „პორტრეტები“, რომლებზეც აუცილებლად მითითებულია მათი ვინაობა, ან სხვადასხვა ტიპის ხატ-ნიშნები, მაგალითად: ვარსკვლავი, ჯვარი, მზე, გული და ა.შ. მათ ქვეშაც აუცილებლად ნახავთ გამოთქმულ მოსაზრებებს.

კიდე ერთ მსგავსებად შესაძლოა, ჩაითვალოს „ჩანაწერები“. მერხებზე ისინი წარმოდგენილია ძირითადად ლექსების (სატრფიალო პოეზიის) ან „შპარგალკების“ სახით.

ყველაფერი ეს კი საბოლოოდ, იმავე მიზანს ემსახურება, რასაც სოციალური ქსელი: გქონდეს ნარცისიზმის დასაკმაყოფილებელი არეალი, არ იყო შეზღუდული ლექსიკურ-იდეური თვალსაზრისით, გამოიწვიო ინტერაქცია და თვალი ადევნო სხვების განწყობა-ემოციებს.

P.S  „დამილაიქეთ“ ეს პოსტი.
ავტორი: ნათია

Комментариев нет: