თავიდანვე გეტყვით: არ მივეკუთვნები ადამიანების იმ კატეგორიას გამუდმებით გენდერული თანასწორობის შესხებ რომ საუბრობენ და მამაკაცებს საკუთარი უფლებების შესახებ წამდაუწუმ ლექციებს უკითხავენ. თუმცა, არც მეორე უკიდურესობის მომხრე ვარ - „ქალი ხარ და ყველაფერი უნდა მოითმინო”-ს ვგულისხმობ.
მოკლედ რომ ვთქვათ, მომწონს როცა მამაკაცები ტრანსპორტში ადგილს მითმობენ, კარების წინ მუჯლუგუნებს არ მკრავენ იმის გამო, რომ თავად პირველები შევიდნენ და ზოგადად, კარგია, როცა ქალს ეძლევა საშუალება საკუთარი ქალურობა წარმოაჩინოს. არც დედობა მიმაჩნია ქალის ტვირთად და არც საოჯახო საქმეების კეთებაა სათაკილო საქმე, ჩემი აზრით, თუმცა იმაზე არ ვკამათობ რომ ოჯახში როლების გადანაწილება აუცილებელია და საოჯახო საქმე მხოლოდ ქალებმა არ უნდა აკეთონ.
მას შემდეგ რაც ქალებმა აღმოაჩინეს, რომ მათი ადგილი მხოლოდ „კუხნაში“ არ არის გამოავლინეს საკუთარი შესაძლებლობები სხვადასხვა სფეროში, მიიღეს განათლება და დასაქმდნენ, გენდერული თანასწორობის საკითხები კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა.
მოდით ისიც ვთქვათ, რომ ეს თემა საქართველოში ჯერ კიდევ უცხო ხილია თავად ქალებისთვისაც და ქალთა უმეტესობამ საკუთარი უფლებების დაცვა მხოლოდ შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებების შემდეგ გადაწყვიტა. გადაწყვიტა, ალბათ ხმამაღალი ნათქვამია. მხოლოდ აქ-იქ თუ გაისმა რამდენიმე უკმაყოფილო განცხადება, ისიც არარეზონანსული.
როგორც წესი, საქართველოში ქალები ბევრად უფრო აქტიურები არიან, ვიდრე მამაკაცები. ამის ყველაზე ნათელი დადასტურება საპროტესტო აქციებია. თუკი რომელიმე აქციაზე ხართ ნამყოფი აუცილებლად შეამჩნევდით, რომ მანდილოსნების რაოდენობა გაცილებით დიდია ხოლმე და რაოდენობასაც რომ თავი დავანებოთ, ისინი უფრო მეტს აქტიურობენ, ვიდრე მამაკაცები.
თუმცა, მე არ მახსოვს აქცია, რომელიც ქალებს საკუთარი უფლებების დასაცავად გაუმართავთ. ამას წინათ ფილოსოფოსმა ლელა გაფრინდაშვილმა ერთ-ერთ გადაცემაში თქვა, რომ ქართველ ქალებს ბევრი რამ, მაგალითად, არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება, მემკვიდრეობით მიეცათ. ალბათ სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ისინი არ იბრძვიან საკუთარი უფლებებისთვის. აქვთ მოლოდინი, რომ მომავალშიც ვინმე დაიცავს მათ უფლებებს.
საკანონმდებლო დონეზე ამ საკითხის მოგვარება კიდევ შესაძლებელია მამაკაცების დახმარებითაც კი, მაგრამ გაცილებით რთულია ამ ურთიერთობების ინდივიდუალურ დონეზე მოგვარება.
მე პირადად, ქალისადმი უპატივცემულობის გამოვლინების ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული მიზეზი სიყვარულის დეფიციტი მგონია, უფრო მეტიც, სიყვარულის კომპლექსი. საქართველოში არსებობს სიყვარულისადმი მიდგომა, რომ თუ გიყვარს, ესე იგი უკვე მის ჭკუაზე უნდა იარო. ქართველ მამაკაცს კი განსაკუთრებულად აქვს სხვის ჭკუაზე სიარულის შიში ამიტომაც როგორც კი საშუალება მიეცემა, ცდილობს დაამტკიცოს საკუთარი ძლიერება. ძალის დემონსტრირების ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალება კი არის ის, რომ იმსახუროს ქალი. მსახურებაში პირდაპირ მონობას და სიტყვა მსახურს ნუ იგულისხმებთ, მაგრამ წარმოიდგინეთ ქალი, რომელსაც ჰყავს შვილები, აქვს სამსახური (ზოგჯერ იძულებულია იმუშაოს ეკონომიკური პრობლემების გამო), უვლის ოჯახს და ამ ყველაფერს დამხმარის გარეშე აკეთებს, ამ დროს კი მამაკაცი ტელევიზორის წინ მოკალათებული არხეინად განიხილავს დღის მნიშვნელოვან მოვლენებს. ვფიქრობ, ოცდამეერთე საუკუნის თანამედროვე მონობასთან გვაქვს საქმე. მამაკაცი კი, რომელსაც ქალი უყვარს, სულ ცოტა მორალურ მხარდაჭერას მაინც გამოხატავს მეუღლის თუ ოჯახის წევრის მიმართ და პროდუქტების მოსატანადაც ქალს არ გაუშვებს. ეს მხოლოდ მინიმუმია, რა თქმა უნდა.
ცოტა ხნის წინ ერთ საინტერესო შემთხვევას შევესწარი სამარშუტო ტაქსიში. ჩემ გვერდით ორი ახალგაზრდა ბიჭი იჯდა. ყურადღება ერთ-ერთი მათგანის ტელეფონზე უხეშად და თითქმის ყვირილით ნათქვამმა ფრაზამ მიიქცია: რას მირეკავ, ხომ გითხარი მე დაგირეკავ-მეთქი და გაბრაზებულმა დაასრულა საუბარი. თანმხლები ბიჭი დაინტერესდა და ჰკითხა: შეყვარებულია? არა, შე ჩემა რა შეყვარებული, პროსტა ვხერხავ რა. (სტილი დაცულია)
რამდენიმე გაჩერების შემდეგ „გმირი“ მარტო დარჩა და ტელეფონზე გადარეკა. წეღან მარშუტკაში ვიყავი და არ მესმოდა, როგორ ხარ? ძალიან წყნარი და მშვიდი ტონით გააგრძელა საუბარი ისე, თითქოს არაფერი მომხდარა.
ესეც თქვენი ძლიერი სქესის გულადობის და გამბედაობის მაგალითი!
ცხადია, ზემოთაღწერილი მაგალითები ყველა მამაკაცზე არ ვრცელდება. ასე, რომ მამაკაცებო, ნუ გეწყინებათ, თუკი ჩემს ნაწერში გაბრაზების კვალს შეამჩნევთ. დამეთანხმეთ, რომ ამის მიზეზი ხშირად გვაქვს.
მანდილოსნებს კი ვეტყვი, რომ საკუთარი უფლებების დაცვას თუ ვერ ისწავლით ის მაინც მოახერხეთ, რომ ფემინისტი სალანძღავი სიტყვების ნუსხაში არ შეიტანოთ და ყველაზე უაზრო ხუმრობაზე: ქალი ვიცი „კუხნაში“, პირველებმა თქვენ არ გაიცინოთ.
ავტორი: თათია კობიძე
Комментариев нет:
Отправить комментарий