8/17/2011

პაპუასები XXI საუკუნე

 პაპუასები- ისტორიულად უძველესი მოსახლე ტომები არიან. უცხო სიტყვათა ლექსიკონში  პაპუასები-ახალი გვინეის, მელანეზიისა და წყნარი ოკეანის ზოგი სხვა კუნძულის მკვიდრი მოსახლეობის უმეტესობის კრებითი სახელი.


თანამედროვე ადამიანისთვის მობილურისა და ინტერნეტის გარეშე ყოფნა წარმოუდგენელია, მაგრამ როგორც უნდა გაგიკვირდეთ, დედამიწაზე დღესაც ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც წარმოდგენა არა აქვთ, რა არის კომპიუტერი, ტელევიზორი ან რადიო - მათ პაპუასები ჰქვიათ და პაპუა-ახალი გვინეის ტერიტორიაზე ცხოვრობენ. 

კუნძულის მოსახლეობა (დაახლოებით, 4 მლნ ადამიანი) პატარ-პატარა ტომებადაა დაყოფილი. მათი ძირითადი ენა კრეოლურია, მაგრამ ყველა თავისებურ დიალექტზე ლაპარაკობს. პაპუასები დიდ ოჯახებად ცხოვრობენ. ოჯახის უფროსი მამაკაცია და მას რამდენიმე ცოლის ყოლის უფლება აქვს. მამაკაცები საკვებს ნადირობითა და თევზაობით მოიპოვებენ, ზოგიერთი მიწათმოქმედებასაც მისდევს. მიირთმევენ ღორის, ძაღლისა და ხვლიკის ხორცს, ხოჭოებს, თევზსა და ზღვის პროდუქტებს, ქოქოსს, რომელსაც მუნკის ეძახიან, ბანანს (მოგა), თხილს (კენგარი) და აქვთ ყავისმაგვარი სასმელი კეუ. 

სანადირო და სამუშაო იარაღებს, მუსიკალურ ინსტრუმენტებს თავად ამზადებენ. დღესასწაულებზე სარიტუალო ცეკვის შესრულებისა და სიმღერის უფლება მხოლოდ მამაკაცებს აქვთ, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის სახეს იღებავენ და ფრინველის ბუმბულებისგან დამზადებულ თავსაბურავებს იხურავენ. რაც შეეხება ქალებს, მათ საოჯახო საქმეების შესრულება, ბავშვების გაზრდა და სამკაულების დამზადება ევალებათ. 

პაპუასების ძირითადი ტანსაცმელი ქამარია - მამაკაცებს წითელი, ხოლო ქალებს შავზოლიანი წითელი ქამრები უკეთიათ, რომელზეც თუთუნისა და წვრილი ნივთებისთვის განკუთვნილ ტომსიკებს კიდებენ. თვითნაკეთი მძივები პაპუასებს ყელზე, ხელებზე, ფეხებზეც უკეთიათ და ხშირად, სამკაულს ნესტოზეც და ტუჩზეც იმაგრებენ. 

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ოჯახის უფროსს ანუ უხუცესს პაპუასები მიწაში არ მარხავენ - გვამს პალმის ფოთლებში ახვევენ, რამდენიმე თვით ცეცხლის თავზე კიდებენ და გვამის მუმიად გადაქცევის შემდეგ, მას სახლში, საპატიო ადგილზე დებენ, თაყვანს სცემენ და დახმარებას სთხოვენ.






Комментариев нет: