ნატო გაბუნია დაიბადა 1859 წლის 13 (25) თებერვალს, გორში, მერაბ გაბუნიას ოჯახში. ნატო გაბუნია XIX საუკუნის არტისტული ლეგენდა იყო. ახალგაზრდა გორელმა ქალმა სწრაფად გაიკაფა გზა მაღალ საზოგადოებისაკენ. სასცენო მოღვაწეობა დაიწყო გორში ხალხოსნების მიერ დაარსებულ სცენისმოყვარეთა დრამატულ წრეში. გორში იხილა იგი დავით ერისთავმა და 1879 წელს თბილისის ქართულ პროფესიულ თეატრში მოიწვია. 1882 წელს მისთხოვდა ასიკო (ავქსენტი) ცაგარელს.
ნატო გაბუნია გამოირჩეოდა ხალხური, ეროვნული კოლორიტით, უშუალობით, ბუნებრიობით. ნატო გაბუნია ჭეშმარიტად სახალხო მსახიობი იყო. პროფესიულ თეატრში მოღვაწეობის პარალელურად მონაწილეობდა მუშათა თეატრების სპექტაკლებში და სოფლად. დიდია მისი ღვაწლი სენაკის დაბის თეატრალურ ცხოვრებაში.
განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია ძლიერი ნებისყოფის ქალთა როლების შესრულებაში. ნატოსათვის საგანგებოდ წერდნენ პიესებს ი. ჭავჭავაძე (“მაჭანკალი”), ა. წერეთელი (“კინტო”), ა. ცაგარელი (“ხანუმა”), დ. კლდიაშვილი (“დარისპანის გასაჭირი”).
ნატო გაბუნია მონაწილეობდა ოპერეტებშიც. მის ტკბილ ხმას აღტაცებაში მოჰყავდა თეატრის მოყვარულები. გაზეთი “დროება” წერდა:”მოუთმენელი ლოდინის შემდეგ დიდის სიამოვნებით ვეღირსეთ ბათუმში ქართული ტრუპპის მოსვლას… პირველი წარმოდგენა იყო: “ძალად ექიმი…” და “აყალმაყალი ცოლ-ქმარს შუა”. იყო ამის გარდა ქართული სიმღერები ხორით და შემდეგ მარტო ნ. გაბუნიას ქალმა თარზე ქართულად იმღერა. საზოგადოებამ დიდის აღტაცებით მიიღო ჩვენი ახალი ტრუპპა. დაესწრნენ თითქმის ყველანი გამოუკლებლივ”. მეორე სპექტაკლზე, რომელზეც გაბუნიას სიმღერა არ იყო დაგეგმილი, ხალხმა მოითხოვა ნატო გაბუნიას გამოსვლა სცენაზე. “თქვენ არ მომიკვდეთ, საზოგადოებამ ისეთი ყვირილით და ტაშის კვრით გამოითხოვა, რომ იქაურობა აიკლეს. იქამდი გაიტაცა იმისმა მშვენიერმა ხმამ ყველა, რომ ერთხელ და ორჯერ არ იკმარეს სიმღერა, მესამედ და მეოთხეჯერ მოითხოვეს, რომ უფრო კარგათ გაეგონათ მშვენიერი, ტკბილი ხმა. მეტის ტაშის კვრით ხელისგულებზე ბებერები გაგვიჩნდა…” (“დროება”, 1879 წელი).
ნატო გაბუნია გარდაიცვალა 1910 წლის 16 (29) აგვისტოს, თბილისში. დასაფლავებულია კუკიის სასაფლაოზე, ქმრის – ასიკო ცაგარლის გვერდით.
www.giorgigigeo.com
Комментариев нет:
Отправить комментарий