მაკო (მარიამ) მიხელის ასული საფაროვა-აბაშიძე დაიბადა 1860 წლის 18 თებერვალს თელავში.
მაკო ბავშვობიდანვე იყო გატაცებული სასცენო მოღვაწეობით. აკაკი წერეთლის გადმოცემით, ერთხელ იგი და რაფიელ ერისთავი სტუმრად ყოფილან ერთ ოჯახში, სადაც ახალგაზრდა 16-17 წლის მაკო საფაროვას უთამაშია და ყველა გაუოცებია თავისი აქტიორული ნიჭიერებით. ისეთი დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია მაკოს რეფიელ ერისთავზე, რომ მას სწორედ მაკო საფაროვას სამსახიობო ხელწერის შესატყვისად გადმოუკეთებია თავისი კომედია-ვოდელი ,,ბიძიასთან გამოხუმრება”.
მაკო საფაროვამ 1879 წელს დაიწყო სცენური მოღვაწეობა ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის მიერ განახლებულ ქართულ პროფესიურ თეატრში. თეატრში ამ პერიოდში მოღვაწეობდა ვასო აბაშიძე. როცა ქართულ დასში მივიდა მაკო, ვასო აბაშიძემ დაცინვა დაუწყო და ბავშვიც უწოდა. მაგრამ მალე მისი სცენაზე პირველი გამოსვლისთანავე შეხედულება შეიცვალა და მაკოს თაყვანისმცემელიც გახდა.
ერთ დღეს ვასო აბაშიძემ მაკოს წინადადება შესთავაზა ოჯახის შექმნაზე, ქალმა იუარა, ხუმრობა ეგონა… ამასობაში გასტროლებიც დაიწყო. დასი გორში გაემგზავრა და რამოდენიმე წარმოდგენა უჩვენა. უჩვეულოდ ცხელი ამინდი იდგა. თეატრის მუშაკები გარეთ გამოვიდნენ. ვასო მაკოს აედევნა და კვლავ სთხოვა ხელი. ქალი მას ცივად შეხვდა. ვასო გამოემშვიდობა და მტკვრისკენ გაემართა. მაკომ იფიქრა, თავს დაიხრჩობსო, ამიტომ გაეკიდა და უთხრა, რომ ცოლად გაჰყვებოდა (დ. ჩხეიძე – მაკო საფაროვა-აბაშიძე, თბილისი, 1963 წ.). ასე მოხდა ქართული თეატრის ორი მშვენების დაქორწინება (1879 წ.). ორივენი ბედნიერნი იყვნენ.
1881 წელს მაკო და ვასოს შეეძინათ ქალიშვილი – ტასო, შემდეგში სცენის დიდოსტატი: “1881 წლის 29 მარტს, დილით 5 საათზე დიდი წივილ-კივილით გავჩნდი ამქვეყნად და გავახილე ჩემი დიდრონი თვალები, ორი წლის შემდეგ ჩემს მშობლებს კიდევ ეყოლათ ვაჟი, რომელსაც არჩილი დაარქვეს. ჩემი ძმა თერთმეტი თვისა გარდაიცვალა. მე ის სრულებით არ მახსოვს, რადგანაც მხოლოდ ერთი წლით ვიყავი იმაზე უფროსი“ – იგონებს ტასო აბაშიძე (ტასო აბაშიძე, მოგონებანი, თბ. 1954 წ.).
მაკო საფაროვა დიდი ოსტატობით ასრულებდა როგორც დრამატულ, ისე კომედიურ როლებს. მონაწილეობდა ოპერებშიც.
თეატრში მისი შესრულებული როლებია: ნატალია (გ. სუნდუკიანის ,,ხათაბალა’’) ,,კლოდინა, ტუანეტი მოლიერის ჟორჟ დანდენი” ,,ეჭვით ავადმყოფი , ელენე, მაშო (ცაგარელის ,,კუდურ ხანუმ”, ,,ციმბირელი” ლიზა (გრიბოედოვის ,, ვაი ჭკუისაგან” მარია ანტონოვა (გოგოლის ,,რევიზორი’ ,, ფაიხოში (დ. ერისთავის ,,სამშობლო, ოფელია, შექსპირის ,,ჰამლეტი,” ლუიზა (დენერისა და კორმონის ,,ორი ობოლი’’) , პოლინა ა. ოსტროვსკის ,,შემოსავლიანი ადგილი.”
საფაროვა ქართულად თარგმნიდა რუსულ და ფრანგულ პიესებს.
1925 წელს მიენიჭა საქართველოს სსრ სახალხო არტისტის წოდება.
მაკო საფაროვა- აბაშიძისა გარდაიცვალა 1940 წლის 25 მაისს.
ლიტერატურა:
დ. ჩხეიძე – მაკო საფაროვა-აბაშიძე, თბილისი, 1963 წ.
ტასო აბაშიძე, მოგონებანი, თბილისი, 1954 წ.
www.giorgigigeo.com
Комментариев нет:
Отправить комментарий