6/30/2011

BookAlcholic ანუ წიგნზე დამოკიდებული



წიგნზე დამოკიდებულ ადამიანს იშვიათად შევხვედრივარ. სამწუხაროდ, მათი რიცხვი მცირეა, მაგრამ არც იმდენად, რომ ჩვენ თაობას უწიგნური უწოდო და ეს თვისება ყველაზე ვრცელდებოდეს. წიგნიერი ან  წიგნზე დამოკიდებული ადამიანები მართლაც არსებობენ და ისინი ჩვენ გვერდით არიან.  ( თუნდაც ვირტუალურ სივრცეში)

თუ ვინმეს გქონიათ მათთან შეხება, დამეთანხმებით, რომ ისინი კარგად აზროვნებენ და საკუთარ აზრსაც გადმოგვცემენ სხვადასხვა ფორმით, მაგრამ არსებობს ერთი რამ რაც ყველა წიგნის მოყვარულს აერთიანებს .  თითოეული მათგანი თითქოს ცალკე წიგნია, განსაკუთრებული ისტორიებით დავსე. ისტორიებით, რომლებსაც ისინი ინახავენ და იშვიათად უზიარებენ სხვებს.

მე კი მიხარია, რომ ერთ-ერთი წიგნის მოყვარულის ისტორია უკვე ვიცი, და მას თქვენც გიზიარებთ.

ეს ადამიანი არც მეტი, არც ნაკლები ახალგაზრდა ბლოგერია. პროფესიით – ჟურნალისტი.

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის წარდგენა და სხვებისთვის გაცნობა მიჭირს ხოლმე, დღეს ეს ყველაფერი ჩემთვის გასაჭირს ნამდვილად არ წარმოადგენს, რადგან თვითონაც არ ვიცნობ ამ ადამიანს. გარდა ამისა, ვეჭვობ ეს წიგნებზე შეყვარებული პიროვნება, იმაზე ძნელი გასაცნობია, ვიდრე ერთი შეხედვით გვგონია.

ამიტომ ამ ერთი ისტორიით, მეც თქვენთან ერთად ვეცდები მის გამოცნობას. ერთი რამ კი უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ადამიანი იგივე ქეფჩო, ნამდვილადაა დამოკიდებული წიგნებზე.



“საშინელებაა, როცა რაიმეზე ხდები დამოკიდებული” – ალბათ, პირველი რაც  თავში მოგდით  – ნარკოტიკები, ალკოჰოლი ან სიგარეტია. პრინციპში ხშირ შემთხვევაში ასეცაა და ”ნარკ-ალკ-სიგ” დამოკიდებულები ხშირად თუ არა, ხანდახან მაინც ცდილობენ ”განიკურნონ” და ცხოვრების ნორმალურ რიტმს დაუბრუნდნენ, აი ისე, როგორც მარკ ტვენი – ”მოწევისთვის თავის დანებება ძალიან ადვილია. მილიონჯერ მაინც დამინებებია”.

სამედიცინო ენციკლოპედიას რომ ჩავხედოთ, უამრავ მავნე ნივთიერებასა და საგანს აღმოვაჩენთ, რომელზე დამოკიდებულებაც საზიანოა ორგანიზმისთვის, თუმცა ენციკლოპედიაში ქექვა და სისულელეების ძებნა ყველას გვეზარება.

იშვიათ დამოკიდებულებაზე თუ გსმენიათ რამე? აი იმაზე, ”დოზის” გაზრდის პროპორციულად თქვენც რომ იზრდებით?

არა, არ იფიქროთ, თითქოს სტაფილოსა და ჭარხლის წვენზე, ან სიმაღლეში გაზრდის რომელიმე ხალხურ მეთოდზე გესაუბრებოდეთ, უბრალოდ წიგნებს ვგულისხმობ.

BookAlcholicიზმი ის იშვიათი დაავადებაა, თავად თუ არ დაიინფიცირე თავი, თვითონ არ შეგეხება, მაგრამ ერთხელ თუ დაავადდი, ვეღარასდროს განიკურნები.

მკურნალობის წესები კაპრიზული აქვს – სისტემატურად ”ხარისხიან დიეტას” უნდა იცავდე და ”გამომძიებელი ქალი შორენა” არ უნდა წაიკითხო.



კითხვა მეტ-ნაკლებად ყველას უყვარს, რას, რატომ და როგორ კითხულობენ ეგ ნაკლებადაა საინტერესო, მაგრამ BookAlcholicთუ ხარ, კითხვა შენი ცხოვრების ისეთივე განუყოფელი ნაწილი ხდება, როგორც სუნთქვა, კვება და ჰიგიენის ნორმების დაცვაა.

რაც უფრო მეტ ნაწარმოებს ეცნობი, უფრო მომთხოვნი ხდები და მომდევნოსაგან შედარებით მეტს ელი. ყოველი ახალი წიგნი, პატარა ბავშვის სიხარულით გიხარია, მძიმე ჰაერის მიუხედავად Подземка-შიც დიდხანს ჩერდები და აკვირდები რაიმე საინტერესო ხომ არ აქვთ ბუკინისტებს, თუ აღმოაჩენ, იმ შეშლილ ნუმიზმატს ემსგავსები, საკუთარი კოლექციის უკანასკნელ მონეტას რომ გადააწყდა და მის ხელში ჩასაგდებად ყველაფერზეა წამსველილი, ხოდა შენ თუ გზის ფულს წიგნში გადაიხდი, სახლში ფეხით წასვლა, აბა აქ რა მოსატანია?!

ზოგჯერ ისეც ხდება, რომ რომელიმე მწერალს პლაგიატიზმში ადანაშაულებ, ბრაზდები და ჯუჯღუნს იწყებ – ეს ხომ შენი ფრაზაა? როგორ გინდა ვინმეს დაუმტკიცო, რომ მასზე ადრე ამას შენ ამბობდი? შემდეგ აცნობიერებ, ის დაახლოებით ერთი საუკუნის წინ გარდაიცვალა, საკუთარ თავზე გეცინება და ფანქარმომარჯვებული კითხვას აგრძელებ.

დაავადების სიმპტომების გამწვავებასთან ერთად, ეგოიზმის მაჩვენებელიც იმატებს შენში, საშინლად არ გიყვარს წიგნის გაცემა, თუნდაც საკუთარ მშობელს სურდეს მისი წაკითხვა. ათას სისულელეს იგონებ და ცდილობ წიგნი არავის გაატანო, თუნდაც ამისათვის მეგობრების მოტყუება გიწევდეს.


მომჭირნეც ხდები და გამორჩეულად კარგ ნაწარმოებს, უდაბნოში ერთი მათარა წყლის იმედად დარჩენილი ადამიანივით იზოგავ, არ გინდა მალე დამთავრდეს და სიამოვნებას ყლუპიდან-ყლუპამდე იგრძელებ.

მაგიდაზე წასაკითხი წიგნების კლებასთან ერთდ ხასიათიც გიფუჭდება, წუხარ რომ არ იცნობ ”ბუკინისტ მენდელს” და ინტერნეტში იწყებ რომელიმე ნაცნობი ავტორის ნაწარმოების ძებნას. კითხულობ და არ გესმის იმ ადამიანების, შეწუხებული სახით რომ ამბობენ – ”კომპიუტერში ვერ ვკითხულობ”, დაახლოებით ის ასოციაცია გიჩნდება, მწეველისაგან რომ მოისმენ – ”გადაგდება მინდა და ვერ ვაგდებ”. (ამას ვინც ამბობს, უმეტესობამ თავადვე იცის, რომ არ უნდა სიგარეტისათვის თავის დანებება)

ეს არც ჰობია, არც გატაცება და არც ახირება. უკვე გითხარით, დაავადება უკურნებელია და სიცოცხლის ბოლომდე მოგყვება, თუმცა სხვა ვირუსებით ინფიცირებულთაგან განსხვავებით, შენ ბედნიერი ხარ, ყოველ შემთხვევაში მე ასე ვარ.

Комментариев нет: