6/10/2011

ვისაც აინტერესებს რა არის კონფორმიზმი


  1. კ. პოლიტიკაში გულისხმობს შემგუებლობას არსებულ რეჟიმთან, გაბატონებულ შეხედულებებთან პასიურ შეგუებას; ხასიათდება საკუთარი თვალსაზრისის, პოზიციის არსებობით, იმით, რომ ის არაპრინციპულად მიჰყვება ნებისმიერ, სულ უფრო მზარდი ძალით თავსმოხვეულ შეხედულებებს.
    Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
     
  2. E. conformism
    Fr. conformisme
    L. conformare სათანადო ფორმის მიღება
    შემგუებლობა, არსებული წესის, გაბატონებული მოსაზრებების პასიურად მიღება.
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
1. კონფორმიზმ-ი [ლათ. conformis მსგავსი, ერთგვარი] – 1. ერთგვარობა, უძრაობა; შემთანხმებლობა. 2. ანგლიკანური ეკლესიის
მოძღვრება. [უცხო სიტყვათა ლექსიკონი]
2. კონფორმიზმი- პოლიტიკაში გულისხმობს შემგუებლობას არსებულ რეჟიმთან, გაბატონებულ შეხედულებებთან პასიურ შეგუებას; ხასიათდება საკუთარი თვალსაზრისის, პოზიციის არსებობით, იმით, რომ ის არაპრინციპულად მიჰყვება ნებისმიერ, სულ უფრო მზარდი ძალით თავსმოხვეულ შეხედულებებს. [სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი]
3. კონფორმიზმი – ქცევა, რომელიც კონტროლდება ჯგუფური დაწოლის მეშვეობით. ჯგუფი, მის მიერ შემოღებული ქცევის ნორმების დახმარებით, ინდივიდს აიძულებს დაიცვას ისინი ჯგუფის წევრების ინტერესების გასატარებლად. [სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი].



ძალიან მოკლედ და კონკრეტულად: კონფორმულია ადამიანი, რომელსაც აქვს ტენდენცია მოერგოს რეფერენტული ჯგუფის სხვა წევრების ქცევებს, განწყობებსა და ღირებულებებს… (განაპირობებს: 1) ინფორმაციული გავლენის პროცესები (მოთხოვნილება, მოცემულ სიტუაციაში ვიყოთ კორექტულები და მოვიქცეთ სწორად); 2) ნორმატიული გავლენის პროცესები (გარშემომყოფთაგან მოწონების, აღიარების და მიღების მოთხოვნილება).)
ნონკომფორმულია ადამიანი, რომელსაც აქვს ტენდენცია მოერგოს უმცირესობის ქცევებს, განწყობებსა და ღირებულებებს ან შეგნებულად მოიქცეს ასოციალურად… ჰიპები და პანკები ნონკომფორმიზმის კლასიკურ მაგალითებს წარმოადგენენ. ანტიკომფორმულია ადამიანი, რომელსაც აქვს ტენდენცია მოიქცეს საკუთარი განწყობების, შეხედულებებისა და ღირებულებების შესაბამისად… გაითვალისწინოს რა საზოგადოებრივი აზრი, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღოს…



კონფორმულობა
სოციალური ქცევის ტიპი, რომელსაც ახასიათებს შემგუებლობა, მოვლენათა, ნორმატიული დანაწესებისა და შესაბამისი წესრიგის, მოსაზრებების, ღირებულებების, წარმოდგენების პასიური მიღება; საკუთარი პოზიციის უქონლობა; მეტ–ნაკლები წნეხის ძალის მქონე ნებისმიერი ნიმუშის თუ სტერეოტიპის უპრინციპო და უკრიტიკო მიღება. კონფორმულობაში გულისხმობენ: ა) ინდივიდის განწყობებისა და ქცევების შესაბამისობას სოციალური ჯგუფის მოლოდინებსა და ნორმებთან; ბ) განწყობებისა და ქცევის შეცვლას სოციალური ჯგუფის მხრიდან წნეხის (რეალური, ნაგულისხმევი ან წარმოსახული) გამო; გ) ინდივიდის მიერ უთანხმოებათა ცნობიერად თავის არიდების ტენდენციას ფაქტობრივი ან ფორმალური თანხმობის დასამკვიდრებლად. სოციალური ფსიქოლოგები გამოყოფენ კ–ის ორ ტიპს: 1) ინტერიორიზაციას, როცა ხდება ჯგუფის აზრის მიღება და გაშინაგნება; 2) დამორჩილებას, როცა ადამიანი გარეგნულად ეთანხმება, მაგრამ შინაგანად – არა. მერტონის თვალსაზრისის თანახმად, არსებობს კულტურით განსაზღვრული მიზნებისა და მათ მისაღწევად ინსტიტუციურად დადგენილი საშუალებებისადმი ინდივიდის ადაპტაციის ხუთი ტიპი: კონფორმიზმი ადაპტაციის ერთ–ერთი ძირითადი ტიპია და ვლინდება ვითარებაში, როცა ინდივიდისთვის მთლიანად მისაღებია კულტურული მიზნებიც და მათი მისაღწევი ინსტიტუციური წესებიც; შესაბამისად, კონფორმისტული ქცევა სტაბილური სოციალურ–კულტურული გარემოს მახასიათებელია. მერტონის აზრით, სანამ სოციალური სწრაფვების კანონიერი გზით განხორციელების შანსი არსებობს, კონფორმისტი დევიანტურ ქცევას არ მიმართავს.



მე მომწონს განსხვავებული ადამიანები…ყველა არ უნდა იყოს სტანდარტული, თუმცა ეს ის ნებისმიერი განსხვავება, რაც ერთ ინდივიდს სხვებისაგან გამოარჩევს, არ უნდა იყოს ხელოვნური, მოსაჩვენებლად შექმნილი… ყველა ადამიანი ხომ ისედაც განსხვავებულია, ტყუპებიც კი განსხვავდებიან ერთმანეთისგან… “ადამიანი კი არ უნდა ცდილობდეს იყოს ორიგინალური და განსხვავებულის როლს თამაშობდეს, არამედ ბუნებით უნდა იყოს ასეთი.”იყავი ის რაც ხარ” – ბანალური და მარტივი, მაგრამ ამ სიტუაციისთვის გამონათქვამია. ”

ცოტა ხნის წინ სკმაოდ საინტერესო სტატია აღმოვაჩინე სათაურით: “კონფორმიზმი თუ კომპრომისი”:
“კონფორმიზმის ძირითადი მახასიათებელი გარემოსთან სრული შემგუებლობაა. კონფორმისტს საკუთარი პრინციპები არ გააჩნია. მისი გადარჩენის სტრატეგიაც ერთადერთი ფრაზით გამოიხატება: ”ყოველთვის ისეთი ვიყო, როგორიც სხვა – ამ წუთში ჩემს გვერდით მყოფი”. კონფორმისტს საკუთარი მე, როგორც სტაბილური ერთეული, არ აქვს. მისი მე კოლეიდოსკოპურია და სიტუაციასთან ერთად მუდმივად იცვლება.
ალბათ, ასეთი შეფასებებიც მოგისმენიათ: ”ეგ ვისთანაც არის, იმის ჭკუით ლაპარაკობს”, ან ”მაგისას რას გაიგებ, როგორც მოუხდება ხან ჭრის და ხან კერავს” და ა.შ. ასეთ შემთხვევაში კონფორმისტზე ლაპარაკობენ. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ კონფორმისტი, სულ ცოტა, გონებრივად ჩამორჩენილი ადამიანი უნდა იყოს, რადგან შეუძლებელია, ადამიანს საკუთარი აზრი არ გააჩნდეს და მუსმივად სხვაზე დამოკიდებული იყოს. გამოკვლევები კი ადასტურებენ, რომ კონფორმიზმი და გონებრივი მონაცემები ერთმანეთთან კავშირში არაა. მაღალი ინტელექტის ადამიანი ზუსტად ისევე შეიძლება იყოს კონფორმისტი, როგორც ნებისმიერი სხვა. კონფორმისტის ქცევის სტრატეგიას სრულიად სხვა საფუძველი აქვს.



სოციალური გარემო მოულოდნელობებით სავსე ქაოსური სამყაროა. ადამიანები ცდილობენ, გარეთ მოძებნონ სტაბილური საყრდენი და შემდეგ მის მიხედვით მოაწყონ საკუთარი ცხოვრება. ასეთ ერთეულებად შეიძლება გამოდგეს: სახელმწიფო, რომელშიც ცხოვრობ; ღირებულებები, რომელიც საერთოა უმრავლესობისთვის; რელიგია და ა.შ. ერთ სიტყვით, ყველაფერი ის, რაც ადამიანს სოციალურ გარემოში უსაფრთხოების განცდას უქმნის. ამგვარი უსაფრთხოების განცდის შემქმნელი პირობები თავისდათავად სულაც არ ატარებენ სტაბილურ ხასიათს, უბრალოდ, მიჩნეული არიან ასეთად. რადგან მათი ცვლილება არამცთუ ერთი თაობის, არამედ რამდენიმე თაობის შემთხვევაშიც იშვიათად ხდება. მაგ.: შუა საუკუნეები ამგვარი სტაბილურობის განუმეორებელი ეპოქა იყო. თითქმის ათასწლეულის მანძილზე არაფერი არ იცვლებოდა სოციალური ურთიერთობების ფორმების სახით – ერთი ღმერთი, ერთი მეფე, ერთი ბატონი. ამიტომ, ყოფის გათრევის ერთხელ არჩეული და დასწავლილი გზა არანაირ შფოთსა საშუალო ადამიანებში არ ბადებდა.
კონფორმულობა იმ ადამიანებს ახასიათებს, რომელთაც სუსტი EGO აქვთ. აქვე საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ შესაძლებელია კონფორმულობა გარკვეულ პირობებში სწორი ქცევის მექანიზმი და გადარჩენის ერთადერთი გზაც კი იყოს. ამის საუკეთესო მაგალითს საბჭოთა კავშირი წარმოადგენდა, სადაც გადარჩენის ერთადერთ გზად კონფორმიზმი იყო დატოვებული. არ შეიძლება, იგივე კონფორმულობაზე ვილაპარაკოთ, როგორც ერთმნიშვნელოვნად დადებით ან უარყოფით ქცევაზე, სწორ ან არასწორ ადაპტაციური ქცევის მოდელზე კონკრეტულ სიტუაციასა და კონკრეტული პიროვნებისათვის.
თუ მაინც შევეცდებით განზოგადებას, მაშინ აღმოჩნდება, რომ ყველას გვიწევს გარემოსთან ურთიერთობისას გარკვეულ კომპრომისზე წასვლა და კონფორმულობის მსუბუქად შეფერილ დაღს ვატარებთ.”

Комментариев нет: