6/30/2011

იდეალები და მათი მნიშვნელობა



ცუდი მახსოვრობა არასდროს მქონია, მაგრამ კარგი რომ არ მაქვს ისიც ვიცი. მე ხომ, სიზმარში ნანახ სურათებს ვერ ვიმახსოვრებ და ძილში გაფიქრებული ამბიდან, დილით მხოლოდ ერთი ფრაზა მაგონდება :  “ამაზე აუცილებლად დავწერ”. დაწერით დავწერდი, მაგრამ შინაარსი აღარ მახსოვს. მიუხედავად იმისა, რომ სიზმრისეული სიუჟეტები კარგ საწერ მასალად გამოდგება, მე მათ გაღვიძებისთანავე ვივიწყებ.

იძულებული ვარ მუზას, რომელიც შენ უნდა ეძებო და თვითონ არასდროს მოგძებნის (ჩემ შემთხვევაში ასეა)  რეალურ სამყაროში შევხვდე. რეალური სამყარო კი ოდნავი შელამაზების გარეშე უინტერესოა და არავის მოეწონება ( მათ შორის მეც) იმის წაკითხვა, თუ როგორ ვიყიდე ახალი ლეპტოპი და როგორ მომბეზრდა ფეისბუქი.

მაგრამ, ხომ იცით ძალიან სევდიან ისტორიებშიც არის სასაცილო მომენტები და ჩემ უინტერესო საუბარშიც აუცილებლად მოიძებნება საინტერესო დეტალები, საუბარს თუ იდეალებსა და მათ მნიშვნელობაზე დავიწყებ.

იდეალები არ არსებობენ, მე ასე მჯერა. ისინი ჩვენ წარმოსახვაში წარმოიქმნებიან და იმდენად გვინდა, რომ არსებობდნენ საბოლოოდ ვიჯერებთ მათ ცხოვრებას დედამიწაზე. იდეალი – რეალუად, არის ადამიანი რომელიც რაღაც მხრივ ჩვენ წარმოსავაში დახატულ ადამიანს მიაგავს. ის ისეთია, როგორიც გვინდა ვიყოთ ჩვენ და ისე წერს, ხატავს და საუბრობს, როგორც გვინდა ჩვენ ვწერდეთ, ვხატავდეთ და ვსაუბრობდეთ. იდეალი – არარეალურად, სწორედ ის ნახატია, კარგად შესრულებული, შელამაზებული , უნაკლო და ჩვენ წარმოსახვაში არსებული.

შარშან კარლა ბრუნი მომწონდა. (ძველი პოსტი კარლა ბრუნსაც ეხება).ახლაც, რომ ვუყურებ სხვანაირი გრძნობა მიჩნდება. როგორ ახერხებს ქალი, იყოს ძალიან მომხიბვლელი, მღეროდეს და წერდეს მუსიკას, იყოს ნატურალისტი და თან ძალიან ოფიციალური ? მომწონს, რომ მოდელია და ძალიან ჭკვიანი. მომწონს, რომ ფრანგია და ყველაზე ავტორიტეტული ადამიანის მეუღლეა. მაგრამ, ვიცი რომ ბოლომდე, კარლა ბრუნი არ არის და ისეთია, ბევრი რამე რომ არ მომეწონება მისი ქცევებიდან. იქნებ ძალიან დამღლელია მისი დიდი ხნით მოსმენა? იქნებ სულაც არ აქვს მებრძოლი ხასიათი? იქნებ მეჩვენება, რომ მისი მიმოხრა თავდაჭერილობაზე მეტყველებს და კარლა, ერთი შეხედვით რომ ჩანს სულაც არ არის ჭკვიანი.
არსებობენ საინტერესო ადამიანები, რომელთა შეხედვაშიც მაშინვე ამოიცნობ რაღაც განსაკუთრებულსა და დამახასიათებელს. შეიძლება ისინი სულაც არ ჰგავდნენ ერთმანეთს პირიქით ძალიან განსხვავდებოდნენ კიდეც, მაგრამ მთავარია რომ თითოეულ მათგანს აქვს რაღაც დეტალი, რომელსაც ისურვებდი შენც რომ გქონოდა. ამიტომაც არიან მისაბაძი პირონებები, ძალიან ბევრი. და საბოლოოდ ერთი იდეალი (ან იქნებ მეტიც) – მისაბაძი პიროვნებების ყველა ღირსებას თუ თვისებას რომ იერთიანებენ თავიანთ თავში.
* * *
როგორ არ უნდა მოგეწონოს ჰიპის სტილი და არ შეგშურდეს მათი თავისუფლების?

როგორ არ უნდა ეცადო იყო მარტინ  ლუთერ კინგივით დამაჯერებელი და შენი გამოსვლა იყოს, ისეთი მკვეთრი და მომაჯადოებელი, როგორიც იყო ჰიტლერის?

როგორ არ უნდა ცხოვრობდე, ქალივით, რომელიც ფრანსუაზ საგანის მოთხრობის გმირია და ანა ლარსენი ჰქვია?

როგორ არ უნდა იყო კრიტიკოსი, როცა შენი ქვეყნის ისტორიაში დიდი როლი უჭირავს ი. ჭავჭავაძეს და როგორ არ უნდა გჯეროდეს სიყვარულის, როცა უყურებ ჯონ ლენონისა და იოკო ონოს ფოტოებს?

მე მიყვარს რატი ამაღლობელი და უინსტონ ჩერჩილი, რომლებიც არაფრით გვანან ერთმანეთს. მიყვარს ჰელენ კელერიც, რომელმაც შეზღუდული შესაძლებლობებითა და რთული ბიოგრაფიით , მოახერხა სამყაროსთვის თავი დაემახსოვრებინა საინტერესო ცხოვრებით.

მე ვგიჟდები ანიმაციური ფილმის გმირ კორალაინის ცნობისმოყვაროებაზე და XX საუკუნის მხატვრის კაზიმირ მალევიჩის უნარზე – შეექმნა უმარტივესი ნახატი (შავი კვადრატი) , რომელიც დააფიქრებდა ყველაზე ღრმად მოაზროვნე ადამიანებსაც კი.

მე არ მყავს იდეალი, რომელიც რეალურად არსებობს, მაგრამ მყავს იდეალი, რომელიც ჩემ წარმოსახვაშია და ყოველთვის მიზიდავს თავისკენ. იდეალის არსებობის მთავარი მნიშვნელობაც ხომ ესაა – სიცოცხლის ბოლომდე ვისწრაფვოდეთ მისკენ.

იდეალები კი , რეალურად არიან ისინი თუ არარეალურად, არსებობენ ჩვენში და მას გარეთ.

Комментариев нет: