იმდენად მარტივად სამართავები ვართ, შემაწუხებელია.
შემაწუხებელია ბრბოს ხმაზე აყოლილი ქვეყანა და შემაწუხებელია, როცა ვერ ვხვდებით, როგორ გვიყენებენ.
შემაწუხებელია, როცა გვგონია, რომ ერთი ხელის მოსმით გვეშველება რამე და ჩვენს ყველა “უბედურებაში” ხელისუფლებაა დამნაშავე.
შემაწუხებელია აზრი, რომ როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება, ყველაფერი კარგად იქნება.
შემაწუხებელი და მტკივნეულია, როცა ჩვენით მანიპულირებენ და ვერ ვხვდებით.
შემაწუხებელია, როცა ხელისუფლებას მეტისმეტად სულელები ვგონივართ და უფრო შემაწუხებელია, რომ ჩვენი მოქმედებით ვაძლევთ ასე ფიქრის საფუძველს.
მტკივნეულია იმაზე ფიქრიც კი, რა შეიძლება გამოიწვიოს თუნდაც მცირედმა შეტაკებამ ბრბოში.
მე არ მინდა დავუბრუნდე ძველ დროს!.. არა, არ ვამბობ რომ ამ დროში ყველაფერი მაკმაყოფილებს. მაგრამ არც ის მინდა ქართველი ქართველს კლავდეს სკამის გულისთვის. ნურავინ შემეკამათება! ვერ დავიჯერებ, რომ ოპოზიციას სამშობლოსთვის შესტკივა გული მხოლოდ, ვერც იმას, რომ ხელისუფლებაა უფრთო ანგელოზი.
ყველა ქვეყანაში სცოდავს ხელისუფლება და მით უმეტეს განვითარებად, დემოკრატიის უნახავ საქართველოში. და რა, ამ ხელისუფლებას შევცვლით და გვეშველება?! თან ვცვლით როგორ? ნუთუ არ ღირს ეს ქვეყანა იმად, რომ ერთხელ მაინც მოვიდეს ხელისუფლებაში ვინმე არჩევნებით? ყალბდება არჩევნები? ვიცი. მაგრამ ეს იმის ბრალია, რომ სახლში ვზივართ ამ დღეს და მერე აქციების დროს ვხდებით მაგრები. აბა, გამოვიდეს ყველა არჩევნებზე და ვნახოთ როგორ გაყალბდება.
მხოლოდ იმის წარმოდგენაზეც კი მტკივა გული, რა შეიძლება მოხდეს ახლა, უცებ ხელისუფლება რომ შეიცვალოს. არა, მე არ ვარ ამ ხელისუფლების მომხრე! უბრალოდ დავჯდეთ და დავფიქრდეთ ცოტა. ვინც არ უნდა მოვიდეს სათავეში, ყველაფერი დაიწყება თავიდან. ვაღიაროთ, რომ ძველთან შედარებით ქვეყანა რაღაცას დაემსგავსა და უნდა შევეცადოთ რომ მთლად თავზე არ ჩამოგვემხოს ძლივს შეკოწიწებული რაღაცეები.
რა, წავა შაშკინი და ქვეყანაში განათლებას ეშველება? ხომ არ გვეცადა ჯერ გვესწავლა, იმ დონეზე მაინც, რომ საატესტატო გამოცდებისთვის რეპეტიტორთან მომზადება არ გვჭირდებოდეს.
და რა, ვანო წავა და თავისუფლება იქნება? ზღუდავს შენს თავისუფლებას ვანო? ჩემსას ვერა. აბა გასაჭირში იყო, ხომ დაურეკავ პატრულს? არადა როგორ ვერ იტანს მთელი საქართველო თურმე!.. და რატომ?
არა, მე არ ვამბობ, რომ ყველაფერი იდეალურადაა. იდეალურად კიარა, საკმაოდ ცუდადაა. მაგრამ რას მოგვიტანს ახალი რევოლუცია? ვფიქრობთ ამაზე? თუ ვფიქრობთ, რომ ის ბურჯანაძე გუშინ როცა იყო ხელისუფლებაში და ერთ ლარად ყიდულობდა აგარაკს, ხვალ რომ მოვიდეს რას იზამს? გვჭირდება “გრეჩიხა” ხელისუფლებაში?
ყველაზე ცუდი ისაა, რომ ჩვენ ჯერ ვაკეთებთ და მერე ვფიქრობთ. არადა ჩვენია ეს ქვეყანა და შეიძლება ძალიან ბანალურად ვსაუბრობ, მაგრამ მართლა ჩვენ უნდა მივხედოთ. აქციაზე გამოსვლა არ არის პატრიოტიზმი.
პატრიოტიზმია, როცა ომის დროს კაცი არ დაიმალება; პატრიოტიზმია, როცა ხედავ როგორ ჩაგრავენ ვიღაცას და ურეაქციოდ არ ჩაუვლი; პატრიოტიზმია, როცა ნაგავს ურნასთან კიარა, ურნაში ჩააგდებ; პატრიოტიზმია, როცა შუქნიშანს დაელოდები და ისე გადახვალ გზაზე; პატრიოტიზმია, როცა არჩევნებზე მიხვალ და შენს ხმას დააფიქსირებ; პატრიოტიზმია, როცა ავტობუსში მგზავრობის საფასურს გადაიხდი; პატრიოტიზმია, როცა სახელმწიფოს გადასახადებს არ დაუმალავ შენი ჯიბის სასარგებლოდ.
ჩვენ პატრიოტიზმი მარტო იარაღით სირბილი გვგონია და არაა ეს სწორი. პატრიოტიზმია, როცა ცდილობ თუნდაც პატარ-პატარა მოქმედებებით გამოასწორო რაღაც.
ხელისუფლება ვერც ერთ ქვეყანაში ვერ იქნება კარგი მდგომარეობის აბსოლუტური გარანტი. სანამ ამას არ შევიგნებთ, ვიდგებით აქციებზე და “მიშა წადი”-ს ვიყვირებთ, მაქსიმუმ სახელი შეიცვალოს ამ ფრაზაში.
Комментариев нет:
Отправить комментарий