5/02/2011

საშიშია ბავშვებისთვის!


ინტერნეტს დღეს ბავშვებიც ისევე იყენებენ, როგორც უფროსები. ეს არის ადგილი, სადაც მათ შეუძლიათ მიიღონ განათლება, გაერთონ და შეიძინონ ახალი მეგობრები. ინტერნეტში არსებული უზარმაზარი მოცულობის ინფორმაცია, გარდა იმისა, რომ სასარგებლოა, ზოგჯერ საშიშ ფორმებსაც იღებს. ძალადობის ამსახველი და პორნოგრაფიული მასალები ამ სივრცეში ისეთივე ჩვეულებრივი ამბავია, როგორც მეძავები თბილისის ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე. მაგრამ მათთან შედარებით პორნოგრაფია გაცილებით საშიშია ბავშვებისთვის. ის არაა ლოკალიზებული ერთ ადგილზე, ინტერნეტი ერთი სივრცის თვალსაზრისით შეუზღუდავია. შემთხვევითი დაწკაპუნება რომელიმე ვებსაიტზე ამომხტარ რეკლამაზე და თქვენი შვილი პორნოფილების სამოთხეში მოხვდება.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი კრძალავს „პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადებას და გავრცელებას”. სასჯელად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული. მიუხედავად ამისა, ინტერნეტში მაინც მრავლადაა ქართული პორნოსაიტები. მართალია, მათზე ქართული წარმოების პორნოგრაფია არ მოიპოვება, ვინაიდან მსგავსი რამ ბუნებაში ჯერ არ არსებობს, მაგრამ წამყვანი უცხოური პორნომწარმოებლების პროდუქტის დიდი არჩევანია. მეტი მიმზიდველობისთვის, ვიდეოს აღწერებში ნახსენებია ქართული სახელები, მაგალითად ერთ-ერთ საიტზე საპატიო ადგილს იკავებს ვიდეო, სათაურით „ქეთა თოფურიას პორნო ვიდეო”. თუმცა ეს მხოლოდ მნახველების მისაზიდადაა გაკეთებული. რაც მთავარია, ეს ყველაფერი სრულიად უფასოდ და შეუზღუდავად ვრცელდება. ქართულ პორნოსაიტებზე დაკვირვება აჩვენებს, რომ მათ მომხმარებელში (და ზოგჯერ ავტორებშიც კი) არასრულწლოვნები ჭარბობენ. პორნოსაიტების მომრავლების შედეგია ალბათ ისიც, რომ უდიდეს ქართულ ინტერნეტკინოპორტალებზე შემცირდა მოთხოვნილება ეროტიკული ჟანრის ფილმებზე. აქ ისინი, გადმოწერების რაოდენობით, წლების განმავლობაში მოწინავე ადგილებს იკავებდნენ.

ამ რამდენიმე ხნის წინ ქართულ ინტერნეტსივრცეში გამოჩნდა საიტი, რომლის „მიზანი ეროვნული პორნოპროდუქციის დამზადებაა”. აქ, რამდენიმე ასეული დოლარის ჰონორარის სანაცვლოდ, მსურველებს პორნოფილმში გადაღებას სთავაზობენ. ტაბულამ სცადა მათთან დაკავშირება, თუმცა პასუხი არ მიგვიღია. მსგავსი საიტები (ანაზღაურების სხვადასხვა ოდენობით და ერთნაირი პათოსით) ადრეც გამოჩენილა. ეროვნული პორნოინდუსტრიისთვის საფუძვლის ჩასაყრელად ეტყობა ეს არ კმარა.

ქართულ კანონმდებლობაში არ არის მოცემული პორნოგრაფიის ზუსტი განსაზღვრება, თუმცა ეს შეუძლებელიცაა. რეალურად, ზღვარი პორნოგრაფიასა და ეროტიკას შორის საკმაოდ ბუნდოვანია და სხვადასხვა წყაროში განსხვავებულადაა განმარტებული. საკმაოდ ბუნდოვანია „პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადების” ცნებაც, რადგან არ არის განმარტებული, თუ რას ნიშნავს მისი კანონიერად დამზადება და გავრცელება.
2001 წელს, საქართველოში მიიღეს კანონი “მავნე ზეგავლენისგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ”. რომლის მიხედვითაც, არასრულწლოვანთათვის ისეთი ფილმის ჩვენება, რომელიც შეიცავდა სექსუალური ურთიერთობის და ძალადობის ამსახველ სცენებს, შეზღუდული იყო. თუმცა ამ კანონში არ იყო გათვალისწინებული ინტერნეტრესურსების არათუ შეზღუდვა, არსებობაც კი. 2006 წლის რედაქციაში, ეს თავი მთლიანად ამოღებულია. ამიტომ რეალურად არც არსებობს ისეთი მეთოდი, რომელიც არასრულწლოვნებზე რაიმე სახის ინტერნეტშეზღუდვას დააწესებს. მართალია, ზოგიერთ უცხოურ პორნოსაიტზე შესვლისას მომხმარებელმა უნდა მიუთითოს თავისი ასაკი, მაგრამ ეს უფრო ნამუსის მოწმენდას ჰგავს, ვიდრე მუშა ფილტრს. მომხმარებლის მიერ მითითებულ მონაცემებს რეალურად ვერავინ შეამოწმებს.

გამოსავალი თითქოს მშობლების მიერ მსგავსი საიტების დაბლოკვაა. მაგრამ შეუძლებელია ყველა მათგანის მოძიება. მით უმეტეს, როდესაც ხშირად შვილები კომპიუტერში უკეთ არიან გარკვეულები, ვიდრე მათი მშობლები. ინტერნეტში საკმაოდ გავრცელებულია მოსახერხებელი პროგრამები. მათი მეშვეობით ინტერნეტფილტრების შექმნაა შესაძლებელი, მაგრამ უმრავლესობა ფასიანია. საქართველოს პირობებში კი, რომელიც კომპიუტერული პირატობის 95%-იანი მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს, საეჭვოა ასეთ პროგრამებს მყიდველი გამოუჩნდეს.
გარდა მაყურებლისა, ბავშვებს ზოგიერთ პორნოფილმში მონაწილის როლიც აქვთ. ბავშვთა პორნოგრაფიის დამზადება და გავრცელება, მათ შორის ინტერნეტითაც, ევროპის საბჭოს კონვენციაში კიბერდანაშაულების შესახებ, შეყვანილია როგორც არალეგალური საქმიანობა. 2001 წლის ამ კონვენციას საქართველო 2008 წელს შეუერთდა. თუმცა მას პარლამენტში რატიფიკაცია ჯერ არ გაუვლია. აღსანიშნავია, რომ იგივე კონვენციის რატიფიკაცია უკვე მოხდა ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, გარდა რუსეთისა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს სასჯელს არასრულწლოვნის ჩაბმისათვის პორნოგრაფიული ნაწარმოების უკანონოდ დამზადებასა და გასაღებაში. აქვე აღსანიშნავია, რომ თუკი ფიზიკური პირისათვის ეს ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობაა, იურიდიულ პირებზე საქმიანობის ჩამორთმევა, ლიკვიდაცია და ჯარიმაა გათვალისწინებული. ამ მუხლით საქმე ჯერჯერობით არ აღძრულა.

 პორნობიზნესი მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანია, ისევე როგორც ნარკოტიკებით ვაჭრობა. პრობლემა, როგორ დავიცვათ ბავშვები პორნოგრაფიისგან, ჯერჯერობით გადაუჭრელი რჩება.(tabula.ge) 

Комментариев нет: