1/07/2018

ბლოკჩეინის ლექსიკონი

51% Attack – 51% თავდასხმა
სიტუაცია, როდესაც მთელი კრიპტოვალუტის ქსელში ჩართული კომპიუტერული სიმძლავრის ნახევარზე მეტს აკონტროლებს ერთი პირი ან პირთა ჯგუფი. ამ შემთხვევში, მათ შეუძლიათ, „თავს დაესხან“ ქსელს და შეასრულონ ერთმანეთის გამომრიცხავი ტრანზაქციები - მაგალითად, ორჯერ დახარჯონ ერთი ერთეული კრიპტოვალუტა
​Address - მისამართი
კრიპტოვალუტის მისამართები გამოიყენება ქსელში ტრანზაქიის გასაგზავნად ან მისაღებად, როგორც წესი, თავის თავში, მისამართი მოიცავს ასობისა და ციფრების გრძელ კომბინაციას და წარმოადგენს პირის დამადასტურებელ მოწმობას ქსელში. მაგალითად, თუ თქვენ მონაწილეობთ ბლოკჩეინ ქსელში, მისი დანარჩენი მონაწილეებისათვის განისაზღვრებით თქვენი მისამართის მიხედვით.


​ASIC - ასიკ(ებ)ი
შემოკლებული ფორმა ტერმინისათვის ‘სპეციფიკური გამოყენების  ინტეგრირებული სქემა’. ასიკებს ხშირად ამზადებენ სპეციალურად მოპოვების (mining)-ის მიზნებისათვის, რადგან მას შეუძლია, გაზრდილი სიმძლავრითა და შემცირებული ელექტროენერგიის ხარჯის მეშვეობით გაზარდოს მოპოვების მომგებიანობა.
​Bitcoin - ბიტკოინი
ბიტკოინი არის პირველი დეცენტრალიზებული კრიპტოვალუტა, რომელიც მუშაობს გლობალურ თანაბარუფლებიან მონაწილეთაგან შექმნილ ქსელზე და სპობს შუამავლის, ან ცენრალიზებული გამომშვების (მაგ. ეროვნული / ცენტრალური ბანკი, ფედერალური რეზერვი და ა.შ.), არსებობის აუცილებლობას
​Block - ბლოკი
ბლოკები წარმოადგენს მონაცემების ერთობლიობას, რომლებიც თავის თავში მოიცავს ბლოკჩეინ ქსელის არსებობიდან დაწყებულ, ყველა დაფიქსირებულ წინა ტრანზაქციის ისტორიას.
​Blockchain - ბლოკჩეინი
ბლოკჩეინი არის გაზიარებული „საბუღალტრო წიგნაკი“ , სადაც თითოეული ტრანზაქცია ფიქსირდება და სამუდამოდ ინახება. ბლოკჩეინი თავის თავში მოიცავს ყველა იმ ტრანზაქციის შესახებ ინფორმაციას, რომელიც ქსელში ოდესმე განხორციელდა. ამასთან, ყოველი შემდეგი ბლოკი მოიცავს წინა ბლოკში მოცემულ ინფორმაციას - აქედან მომდინარეობს დასახელება ბლოკჩეინი ან ბლოკების ჯაჭვი.

Block Explorer - ბლოკ ექსპლორერი
„ბლოკ ექსპლორერი“ არის ვებ ხელსაწყო, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ყველა ტრანზაქციის ნახვა, რომელიც კი ოდესმე განხორციელებულა ან ახლა ხორციელდება. ისინი გასცემენ ისეთ ინფორმაციას, როგორიც არის ქსელის ჰაშ სიმძლავრე და ტრანზაქციების განხორციელების შუალედები და დრო.

Block Height - ჯაჭვის სიგრძე
ჯაჭვში არსებული ბლოკების რაოდენობა, რომლებიც მოთავსებულია კონკრეტულ ბლოკჩეინში.

Block Reward - ჯილდო (ბლოკის ამოხსნისათვის)
ყოველი ტრანზაქციის ვერიფიკაცია ქსელში ჩართული კომპიუტერების მიერ, გამოიმუშავებს დამატებით ერთეულ კრიპტოვალუტას. აღნიშნულ პროცესს ჯილდო ეწოდება და წარმოადგენს წახალისების ფორმას, რომლის შედეგადაც მომპოვებელი (მაინერი) გამოიმუშავებს კრიპტოვალუტის ერთეულს იმის გამო, რომ სწორად გამოთვალა ჰაში მოცემულ ბლოკისთვის.
Confirmation - ტრანზაქციის დასტური (დადასტურება)
ტრანზაქციისათვის ჰაშის წარმატებით გამოთვლა და მისი ბლოკჩეინში დამატება.

Consensus - კონსესუსი
კონსესუსი არის ქსელში ჩართული ყველა მონაწილის შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემული ტრანზაქცია ვალიდურია და ქსელის ყველა მონაწილის მიერ ხელთ არსებული „საბუღალტრო წიგნაკები“ ერთმანეთის იდენტურია.

Cryptocurrency - კრიპტოვალუტა
კრიპტოვალუტა არის ციფრული აქტივი, რომლის ერთი პირის მიერ ფლობას ადასტურებს ბლოკჩეინ ქსელში არსებული ჩანაწერების ერთობლიობა. მათ ასევე მოიხსენიებენ, როგორც ჟეტონებს (Tokens).

Cryptographic Hash Function - კრიპტოგრაფიული ჰაშ ფუნქცია
კრიპტოგრაფიული ჰაში არის ფუნქცია - გამოთვლადი მათემატიკური ალგორითმი, რომელიც ნებისმიერი სიგრძისა და მოცულობის ინფორმაციას აქცევს ფიქსირებული სიგრძის ამონახსნად. აღნიშნული ამონახსნი არის უნიკალური და არ ექვემდებარება რევერსიას, ანუ მიღებული ამონახსნიდან x-ის (ამ შემთხვევაში ფუნქციაში შეყვანილი პირველადი ინფორმაციის) მიღება შეუძლებელია.

Dapp – „დაპლი“
დეცენტრალიზებული აპლიკაცია (დაპლი) არის ღია ქსელი, რომელიც ოპერირებს ავტონომიურად და ინახავს მონაცემებს ბლოკჩეინ პლატფორმაზე. დაპლი მუშაობს ღირებულების შექმნის დასტურის პროტოკოლით და ქსელის მონაწილეების ახალისებს კრიპტოგრაფიული ჟეტონებით / ვალუტებით, მათ მიერ გაწეული სამუშაოს შესაბამისად.

DAO - დაო
დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაცია (დაო), შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც კორპორაცია, რომელიც მუშაობს ადამიანური რესურსის გარეშე და სრულად კონტროლდება ბიზნეს წესების ერთობლიობით. შეცდომის დაშვების, ან წესების გარე პირის მიერ შეცვლის / დაზიანების ალბათობა ნულს უტოლდება.

Distributed Ledger - განაწილებული საბუღალტრო წიგნაკი / დავთარი
გადანაწილებული საბუღალტრო წიგნაკი არის ყველა მონაცემთა ბაზა, რომლის მონაცემთა იდენტური ასლი აქვს დეცენტრალიზებულ ქსელში ჩართულ ყველა მონაწილეს. გადანაწილებული საბუღალტრო წიგნაკი შეიძლება არ ეფუძნებოდეს საკუთარ კრიპტოვალუტას და შესაძლოა იყოს საჯარო ან დახურული.

Distributed Network - გადანაწილებული ქსელი
ქსელის სახეობა, რომელში არსებული ინფორმაციაც, ნაცვლად ერთი ცენტრალიზებული მონაცემთა ბაზისა, გადანაწილებულია ქსელში ჩართულ ყველა მონაწილეზე.

Difficulty – (მოპოვების) სირთულე
ბლოკჩეინში დაფიქსირებული ყოველი ბლოკისათვის მისი ალგორითმის ამოხსნისა და, შესაბამისად, ჯილდოს მიღების სირთულე.

Digital Signature - ელექრონული ხელმოწერა
ელექტრონული კოდი, რომელიც გენერირდება საჯარო და პირადი გასაღებების შიფრირებით და მიმაგრებულია ელექტრონულად გაგზავნილ დოკუმენტზე, რათა დაადასტუროს მისი შინაარსი და გამგზავნის ვინაობა (ვინაობა, ბლოკჩეინის შემთხვევაში გულისხმობს არა ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, არამედ მის ელექტრონულ მისამართს).

Double Spending - ორმაგი ხარჯვა
ორმაგი ხარჯვა ეწოდება შემთხვევას (თაღლითობას), როდესაც ქსელის მონაწილე საკუთარ (ერთ ცალ) ჟეტონს ხარჯავს ერთზე მეტჯერ.

Ethereum - ეთერიუმი
ეთერიუმი არის ბლოკჩეინზე დაფუძნებული დეცენტრალიზებული პლატფორმა, რომელიც ოპერირებს ე.წ. გონერ კონტრაქტებზე (Smart Contracts)  და მიმართულია თაღლითობისა და მესამე მხარის ხელშეკრულების პირობებში ჩართვის პრობლემების მოგვარებისაკენ.

Fork - ორკაპი
ორკაპი წარმოადგენს შემთხვევას, როდესაც იქმნება ბლოკჩეინის ალტერნატიული ვერსია, რის შედეგადაც ბლოკჩეინი იხლიჩება ორად და ეს ორი ბლოკჩეინი ოპერირებს პარალელურად სხვადასხვა ქსელში.

Genesis Block - საწყისი ბლოკი / გენესის ბლოკი
პირველი ან რამოდენიმე პირველი ბლოკი ბლოკჩეინში.

Hard Fork - მყარი ორკაპი
ორკაპის სახეობა, რომლის დროსაც, ბლოკჩეინის წესები იცვლება ისე, რომ შეუძლებელია არსებული და ძველი ბლოკჩეინის ერთად ფუნქციონირება. ამ დროს ნოდების ნაწილი ანახლებს საკუთარ პროგრამას და გადადის ახალ ბლოკჩეინზე, ნაწილი კი რჩება ძველზე. მყარი ორკაპის მაგალითია „ბიტკოინი“ და „ბიტკოინ ქეში“, ქსელის მონაწილეებმა რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ „ბიტკოინ ქეშის“ ბლოკჩეინის განახლებული წესები უკეთესი იყო ვიდრე არსებული, განაახლეს საკუთარ კომპიუტერში ჩაწერილი ბლოკჩეინის პროგრამა და გადაერთნენ ახალი ვალუტის მოპოვებაზე. დღეისათვის კი ეს უკვე ორი განსხვავებული ბლოკჩეინია, განსხვავებული წესებითა და ვალუტით.

Hash - ჰაში
გამოიყენება სავალუტო ოპერაციების დასადასტურებლად. ამისათვის, ქსელში ჩართული კომპიუტერები ხსნის კრიპტოგრაფიულ ჰაშ ფუნქციას.

Hash Rate - (ჰაშ) სიმძლავრე
ქსელის / ან ნოდის სიმძლავრის საზომი, რომელიც ითვლის, რამდენი კრიპტოგრაფიული ჰაშ ფუნქცია იხსნება ყოველ წამს.

Mining - მოპოვება
მოპოვებისას, ქსელში ჩართული პირი კრიპტოგრაფიული ჰაშ ფუნქციის ამოხსნით ადასტურებს ბლოკჩეინ ტრანზაქციას. ამისათვის იგი, როგორც წესი, ჯილდოდ იღებს კრიპტოვალუტას.

Mining Pool - სამომპოვებლო ბრიგადა
სქემა, რომელშიც მომპოვებლები (მაინერები) აერთიანებენ საკუთარ კომპიუტერულ სიმძლავრეს იმისათვის, რომ გაზარდონ ბლოკის ამოხსნის ალბათობა და გაინაწილონ ამ პროცესით მიღებული ჯილდო.

Node - ქსელში ჩართული პირი / ქსელის მონაწილე
საერთო საბუღალტრო წიგნაკის ასლი, რომელიც ინახება ბლოკჩეინ ქსელში ჩართულ ყველა კომპიუტერში. თითოეულ პირს აქვს თავისი საკუთარი კოპია (მიუხედავად იმისა, რომ ყველა იდენტურია). შესაბამისად, ნოდებს განვიხილავთ, როგორც ქსელში ჩართულ კომპიუტერებს.

Peer to Peer Network- თანასწორუფლებიანი / პირისპირა ქსელი
(P2P) პირისპირა ქსელი გულისხმობს, რომ ბლოკჩეინ ქსელის მონაწილეები პირდაპირ ეკონტაქტებიან ერთმანეთს ბლოკჩეინ პლატფორმის მეშვეობით, ყოველგვარი შუამავლის გარეშე.
Public Address - საჯარო მისამართი
საჯარო გასაღების (Public Key) კრიპტოგრაფიული ჰაში, რომლის გამოქვეყნებაც უსაფრთხოა იმ შემთხვევაში, თუ პირადი გასაღები არ იცის არავინ, რადგან ამის გარეშე შეუძელბელია კრიპტოგრაფიული ჰაშის ამოხსნა.

Private Key - პირადი გასაღები
პირადი გასაღები არის მონაცემთა მწკრივი, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს, გამოიყენოს საკუთარ ელექტრონულ საფულეში არსებული ჟეტონები. შეგვიძლია ეს გასაღები განვიხილოთ, როგორც ელექტრონული საფულის პაროლი. ის მხლოდ საფულის მფლობელმა უნდა იცოდეს.

Proof of Stake - წილის მტკიცებულება
ალგორითმი, რომელიც კონკრეტული კრიპტოვალუტის მფლობელებს აძლევს ბლოკის ამოხსნის და შესაბამისად, ჯილდოს მიღების საშუალებას იმის გათვალისწინებით, თუ ვინ რამდენ ჟეტონს ფლობს. რაც უფრო მეტი მსგავსი ტიპის ჟეტონი აქვს მომპოვებელს (მაინერს), მით უფრო იზრდება იმისი შანსი, რომ მას ხვდეს წილად ბლოკის ჰაშის ამოხსნა.
Proof of Work - სამუშაოს შესრულების მტკიცებულება
ალგორითმი, რომელიც მოპოვებისათვის მოითხოვს აქტიურ როლს - ბლოკის ამოხსნას. მომპოვებლები ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვინ უფრო სწრაფად შეძლებს შესაბამისი ჰაშის პოვნას და შესაბამისად ჯილდოს მიღებას.

Scrypt - სკრიპტი
სკრიპტი არის კრიპტოგრაფიული ალგორითმის სახეობა, რომელსაც იყენებს „ლაიტკოინი“ და ის ბიტკოინის ალგორითმთან (SHA256) შედარებით სწრაფია.

SHA-256
SHA-256 არის კრიპტოგრაფიული ალგორითმი, რომელიც გამოიყენება ბიტკოინის მიერ. ამ ალგორითმის ამოხსნა შედარებით რთულია, ამიტომ მომპოვებლებს უწევთ სამომპოვებლო კალათების (mining pools) შექმნა, რათა კონკურენცია გაუწიონ მძლავრ მომპოვებლებს და მიიღონ შემოსავალი.

Smart Contracts – გონიერი კონტრაქტები
გონიერი კონტრაქტები აპროგრამებს ბიზნესის / გარიგების წესებს ბლოკჩეინზე ისე, რომ ერთმა პირმა მეორეს გადაურიცხოს კონკრეტული მოცულობის თანხა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესრულდება გარკვეული პირობები. პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კონტრაქტორი ვერანაირი გზით ვერ მიიღებს თანხას, ხოლო შესრულების შემთხვევაში, გამგზავნი უკან ვერ წაიღებს თანხას.

Soft Fork -  რბილი რკაპი
ამ დროს ბლოკჩეინის ნოდების ნაწილი, ცვლის თავისთვის წესებს ისე, რომ ეს წესები არ ეწინააღმდეგება არსებულს. შესაბამისად ნოდებს, რომლებიც გადაწყვეტენ მიყვნენ ახალ წესებს, ასევე შეუძლიათ იყვნენ არსებული ბლოკჩეინის მონაწილეები.

Solidity - სოლიდითი
სოლიდითი არის ეთერიუმის პროგრამირების ენა, რომელზეც იქმნება გონიერი კონტრაქტები.

Transaction Block - ტრანზაქციების ბლოკი
ტრანზაქციების ერთობლიობა, რომელიც ერთად გროვდება, რათა „დაიჰაშოს“ და შექმნას ახალი ბლოკი ბლოკჩეინში.

Wallet – (ელექტრონული) საფულე
ფაილი, რომელიც თავის თავში ინახავს პირად გასაღებებს. როგორც წესი, ის მომხმარებელს აძლევს საშუალებას, შექმნას და ნახოს ტრანზაქციები იმ ბლოკჩეინში, რომელ ბლოკჩეინზეც არის მიბმული.