12/26/2017

ანაფორაში გადაცმული მგლებიც მინახავს ღმერთის სახელით მოსარგებლე ამპარტავნები

უნდა გავჩუმდეთ ჩავირაზოთ ყველამ კარები,
შვილებს არ ვუთხრათ თუ რაოფლით გამოგვივლია.
გულში ჩავიკლათ აფხაზეთის ამოძახილი
ახლა ხმამაღლა ლაპარაკი ტყვიის ტოლია.

და როგორც ფარას გაგვრეკავენ სხვების საძღობად,
სიტყვა არ დაგცდეს რომ სამშობლო გტკივა სულამდე,
რომ დაიკარგა ყველაფერი რაც მას გააჩნდა
რწმენა კი ტაძრის ნანგრევებში დაასამარეს.
ჩუმად იყავი. სიჩუმეში კარგად იხდიან.
ვინც იყვირა და ვერ გაუძლო კი წევს საფლავში.
სულს დაგიღრნიან,ამოგჭამენ, ამოგჩიჩქნიან
ტყვიას გესვრიან წიწამურთან მონათესავეს.
უნდა გავჩუმდეთ არაფერი არ გვაქვს სათქმელი
ეგ არაფერი თუ სამშობლო თვალწინ გვიკვდება.
თუ ყელში გვახრჩობს რომ შვილისთვის არ გვაქვს საჭმელი
თუ დავიღალეთ უსაფუძვლო ფუჭი შრომითაც.
გადი ქალაქში მათხოვრების სუნი იგრძენი,
იმედ წართმეულ თვალებიდან, იქნებ მიმიხვდე
თუ რა მტკივა და რა მაწუხებს ასე ძალიან
მაგრამ ეჭვი მაქვს შენც სხვებივით მათ შეერიე,
შეერიე და საბოლოო ძარღვიც გაწყვიტე
ნამუსს წლების წინ დაუკეტე მჭიდროდ კარები.
ანაფორაში გადაცმული მგლებიც მინახავს
ღმერთის სახელით მოსარგებლე ამპარტავნები.
კიდევ რა გითხრა?! რა მოგიყვე?!რაც არ გსმენია?!
შენც უკეთ იცი სიმართლისთვის რომ არ ინდობენ,
რომ საბოლოოდ ჩვენი ჯვარი ისე მძიმე
გოლგოთამდეც კი ვერ მივაღწევთ ვერ გადავარჩენთ
სულს, მაგრამ რადროს სული არის როცა ფულია,
როცა იუდად გადაიქცა მთელი სამყარო.
არავინ დარჩა ვისაც მართლა გული ეტკინა
ვისაც სამშობლო თამარით და დავითით ახსოვთ.
და მე კი მაინც საოცნებოდ ცვრიან ბალახზე 
გავლა და გაგრის ჰაერი და სურნელი შემრჩა
რა ტკბილია და თან რა მწარე როდესაც აწმყო
მხოლოდ ფიქრებში სასმელში და სიზმრებში გრჩება.
დროა ვიყვიროთ დავანგრიოთ ყველა კარები!
გავაგებინოთ მომავალს რომ არ გვაქვს უფლება
რომ დავივიწყოთ საიდან ვართ ვისით მოვედით
რომ საქართველოარასოდეს არ დანებდება!!!

© გუკა თათულაშვილი