4/01/2013

წყენისა და გახარებისა (მინიატურა) პროზა

სულ ერთი რომაა - აი, მაგას ვერიდები... ერთი შეხედვით უმნიშვნელო ამბები მწყინს და მიხარია. თუნდაც დღეს, ბიბლიოთეკიდან წიგნი არ გამომატანეს, სხვა რაიონში ხარ რეგისტრირებულიო. ეგ წიგნი – აგერ 20 წელია თაროზე უდევთ და ჯერ არავის მოუკითხავს... რა არის საწყენი? ჩვეულებრივი ამბავია. აფთიაქში მადლობას რომ მიხდიან მათი მომსახურებით რადგან ვსარგებლობ და ჯანმრთელობას მისურვებენ... ყალბია! მწყინს: ჩემი დუმილი თანხმობის ნიშნად რომ მიაჩნიათ; დიალოგი მონოლოგში რომ გადადის; ლექსების წერა თავის შექცევაში რომ მეთვლება; მოხუცი მეზობელი, მადლობის ნიშნად, ხელზე კოცნას რომ მიპირებს, როცა წნევას ვუზომავ... ამაზრზენია – პირველი თოვლი ნაგვის ბუნკერზე; საავადმყოფოს პალატა – სადაც ბავშვი მოკვდა; შეუფერებელი: წყევლა – მამაკაცის, გინება – მანდილოსნისგან. როცა მოძღვარი მოვალეობის გამო გისმენს... ექიმს ესაუბრები – ის კი წერს... სამძიმარზე მისულს, მობილურის გამორთვა დაგავიწყდა – და უცებ, შენი ჩანთიდან მხიარული მუსიკა ისმის.



 დიდი სიხარულებიც არსებობს პატარა ამბებზე– მიმოზები თებერვალში; საგაზაფხულო ტანსაცმლის ჯიბეში ჩარჩენილი ფული; ლექსი – რომელიც დიდი ხნის წინ დაწერე და ვიღაცას ზეპირად ახსოვს... მწვანე ყლორტი – გამხმარ ქოთნის ყვავილზე; აბზაცი შვილის რვეულიდან: "როდესაც დიდი გავიზრდები, დედაჩემის ნაწერებს დიდ წიგნად დავაბეჭდინებ და სულ გულებს და ყვავილებს დავახატავ"...