7/22/2012

სვეტიცხოველი


როგორ აშენდა სვეტიცხოველი

სწორედ იმ წელს, როცა გიორგის ბრძანებისამებრ სამი ეკლესია მოათავა ფარსმან სპარსმა სამცხეში, საქართველოს ჭილყვავი შემოესია.

მეხის ღრუბელივით დააბნელა მან აღმოსავლეთი, შირვანიდან წამოსული ქვემო ქართლს მოედო, მტკვარს აღმა აჰყვა და ბასიანამდის გააოხრა ნათესი.

ახმობინა მეფემ ფარსმანი და უბრძანა მოესრა სირი. ტფილისი იმ ჟამად სარკინოზებს ეპყრათ, ფარსმანი ამირას კარზე იყო ნამყოფი, გიორგის მამას, ბაგრატ კურაპალატს, ტყვედ ჰყავდა იგი, ჯერ კიდევ სიყრმეში ჩამოყვანილი.

ქვისმთლელთა და კირითხუროთა უხუცესი, იდუმალთა მიმთხრობი იყო ფარსმანი, არაბულ ალქიმიაში ფრიად განსწავლული, უებარი ვარსკვლავთმრიცხველი, შესანიშნავი აქიმი, უცნაური მეწამლე და მჩხიბავი.



შემდეგ ამისა მშვიდობა სუფევდა საერისთაოში, ბერძენთა კეისართან მტკიცე ზავი შეიკრა, ბაგრატ კურაპალატის მიერ, მრავალჯერ გვემილი განძელი ფადლონი ხარკს აძლევდა მეფეს; ამ მაგალითით დაშინებული ტფილისელი ამირაც გატვრინული იყო, სარკინოზები ჯერ კიდევ ბოგინობდნენ შურის ციხეში.

გულმოცემული გიორგი დადიოდა აფხაზეთსა, სამცხესა და ქართლში, აგებდა ციხე-ქალაქებს, აგარებს და ეკლესიებს, ხანმოკლე ზავის დროს ხანგრძლივი ომისთვის ემზადებოდა.

ასეთ ისტორიულ პერიოდში ჩაეყარა საფუძველი სვეტიცხოვლის მშენებლობას. ზემოწარმოდგენილი ამონარიდი გაკეთებულია
კონსტანტინე გამსახურდიას ,,დიდოსტატის მარჯვენიდან"