2/25/2012

თბილისში 5-ვარსკვალვიანი სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi გაიხსნა

თბილისი (BPI) – თბილისში საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi გაიხსნა.
Hualing Tbilisi ხუთვარსკვალვიანია და სასტუმრო საერთაშორისო სასტუმროთა ქსელის – „Hotels & Preference“–ის პირველი წარმომადგენლობაა საქართველოში.
სასტუმრო თბილისის ზღვასთან მდებარეობს და მასში 246 ნომერია, გააჩნია რეკრეაციული ცენტრი შიდა საცურაო აუზითა და სპორტული დარბაზებით და საქართველოში ყველაზე დიდი 800 მ2 ფართის საკონფერენციო დარბაზი.
სასტუმროს მშენებლობა დაიწყო 2013 წელს, პროექტის საერთო მოცულობაა 73 მილიონი აშშ დოლარი და ამ ეტაპზე დასაქმებულია 300-მდე ადამიანი.
„დასრულდა კიდევ ერთი წარმატებული პროექტი, რომელიც ჩინურმა კომპანიამ – „ჰუალინგ ჯგუფმა“ ჩვენს ქვეყანაში განახორციელა. კომპანია “ჰუალინგი” ახორციელებს მნიშვნელოვან ინვესტიციებს საქართველოში და 500 მილიონი დოლარის ინვესტიციას დებს ჩვენს ქვეყანაში. მე მინდა აღვნიშნო მათი ყველაზე მასშტაბური დეველოპერული პროექტი – თბილისის ზღვის ახალი ქალაქი, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ინფრასტრუქტურით. სწორედ ამ ტერიტორიაზე გაშენებულმა ოლიმპიურმა სოფელმა უმასპინძლა ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს, ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებას. “ჰუალინგმა” დათქმულ ვადებში, წარმატებით განახორციელა ეს პროექტი. “ჰუალინგ ჯგუფს” ეკუთვნის აგრეთვე ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი და მრავალფეროვანი სავაჭრო კომპლექსი – თბილისის ზღვის პლაზა,“–განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, “ჰუალინგი” ახორციელებს პროექტებს საქართველოს სხვა ქალაქებშიც, მათ შორის ქუთაისში, სადაც არის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა და უკვე ათამდე საწარმო ფუნქციონირებს. მთავრობის მეთაურმა კომპანია „ჰუალინგ ჯგუფს“ პროექტის წარმატებით დასრულება მიულოცა და საქართველოში განხორციელებული მნიშვნელოვანი ინვესტიციებისთვის მადლობა გადაუხადა.