2/25/2012

8 შეცდომა, რომელსაც სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან ხშირად უშვებენ მშობლები

შესაძლებელია ზოგჯერ გეჩვენებათ, რომ თქვენს მცირეწლოვან შვილს აქვს თქვენი წყობილებიდან გამოყვანის თანდაყოლილი უნარი. ნუ გეშინიათ დედებო და მამებო! თქვენ მარტონი არ ხართ. ეს იმიტომ ხდება, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვებს აქვთ განსაკუთრებით დიდი სურვილი მთლიანად შეიგრძნონ საკუთარი დამოუკიდებლობა და მათი რთული ქცევაც ამ სურვილის მიზეზია. გაითვალისწინეთ, რომ მათ ამ ყველაფერთან ერთად ძალიან სჭირდებათ ყურადღება და სიყვარული მათი მშობლებისგან თუ სხვა მზრუნველებისგან.
განათლების დოქტორისა და ბავშვთა აღზრდის საკითხზე რამდენიმე წიგნის ავტორის მიშელ ბორბას მიხედვით „ბავშვებისთვის 3-დან 5 წლამდე ასაკი ყველაზე აქტიური პერიოდია, რომელსაც მშობლები განსაკუთრებით რთულად უმკლავდებიან“.
წარმოგიდგენთ იმ 8 შეცდომის სიას, რომელსაც 3-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლები ხშირად უშვებენ და გაგიზიარებთ რჩევებს რომლებიც დაგეხმარებათ ამ შეცდომების თავიდან აცილებაში.

1. წესების ხშირი არევა/ დღის განრიგის დარღვევა

„თანამიმდევრულობა და დაწესებული განრიგისა თუ წესების დაცვა სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“ ამბობს პედიატრი და ბავშვის აღზრდის თემაზე რამდენიმე წიგნის ავტორი ტანია რემერ ალტმანი.
როდესაც თქვენ არ მიყვებით დღის გეგმასა და დათქმულ წესებს, 3-5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ეს ძალიან დამაბნეველია. ასეთი სიტუაცია კი შეიძლება გახდეს მათი გაღიზიანებისა და თქვენთვის მიუღებელი ქცევის მიზეზი“ ამბობს ალტმანი. „თუ თქვენ დათქმულ წესებს ზოგჯერ იცავთ და ზოგჯერ არა, ბავშვები ვერ იგებენ რა ხდება და როგორ უნდა მოიქცნენ“. თქვენი პატარა ვერ იგებს გუშინ რატომ დართო დედამ ნება 10 წუთი ეთამაშა სათამაშო მოედანზე ბაღის შემდეგ და დღეს კი ეუბნება „ახლავე მანქანაში ჩაჯექი, არავითარი თამაშიო“. ან გუშინ რატომ წაუკითხა დედამ ძილის წინ წიგნი და დღეს კი ეუბნება არ შემიძლიაო.
როგორ გამოვასწოროთ: ყოველთვის დაიცავით ის, რასაც დათქვამთ – იქნება ეს დისციპლინის საკითხები, ძილის და ჭამის რეჟიმი თუ სხვა რამ. ალტმანის აზრით თუ თქვენს მიერ დათქმული წესების 90%-ს იცავთ ყოველთვის, თქვენი შვილი თავს კარგად იგრძნობს და შესაბამისად თქვენც. ასეთ სიტუაციაში პატარა გამონაკლისებიც უფრო მისაღები ხდება.

2.   აქცენტის გაკეთება ნეგატივზე

როგორც წესი მშობლების უმეტესობას უფრო ადვილად გამოსდის ყურადღების გამახვილება ბავშვის ცუდ საქციელზე ვიდრე კარგზე. ალტმანი ამბობს, რომ მშობლები ძირითადად ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რაც არ უნდათ რომ შვილებმა გააკეთონ და შესაბამისად გამუდმებით ეუბნებიან „ნუ ყვირი“, „ნუ ისვრი“ „ნუ არტყამ“, „ნუ ჯუჯღუნებ“.
როგორ გამოვასწოროთ: ასეთი მიმართვის ნაცვლად უმჯობესია ყურადღება გაამახვილოთ ბავშვის კარგ ქცევაზე და წაახალისოთ და შეძლებისდაგვარად დავაჯილდოვოთ კარგი საქციელისთვის. ჯილდო შეიძლება იყოს ჩახუტება ან კოცნა, რაც ძალიან ბევრს ნიშნავს ამ ასაკში. უთხარით ბავშვს „როგორ მომეწონა ასე წყნარად რომ იჯექი და ყურადღებით მისმენდი“ ან „ როგორ კეთილი იყავი ეზოში ბავშვებთან თამაშის დროს, რაც ძალიან მომეწონა“

3.    მოსალოდნელი გაცხარების/აღელვების ნიშნების უგულებელყოფა

მშობლები ხშირად ცდილობენ ბავშვების დარიგებას, როცა ისინი უკვე გაცხარების პიკში არიან და უმეორებენ “დაწყნარდი, დაწყნარდი“ მაგრამ ასეთ დროს ბავშვი უბრალოდ არ უსმენს მშობელს და ამ სიტყვების თქმას არანაირი შედეგი არ მოაქვს. ასეთი რამ მხოლოდ ბავშვის გაღიზიანებამდე მოქმედებებს და არა მას შემდეგ.
როგორ გამოვასწოროთ: უნდა დააკვირდეთ ბავშვს და გაიგოთ თუ როგორ იქცევა ის გაღიზიანების პიკამდე და რა არის ხოლმე ხშირად ასეთი პიკის მიზეზი. როგორც წესი ამ მიზეზებიდან ყველაზე ხშირია შიმშილი, გადაღლილობა და მოწყენილობა.
ასე რომ ნუ წაიყვანთ ბავშვს მაღაზიაში ან სადმე სხვაგან თუ ის არ არის კარგად გამოძინებული და დანაყრებული. ეცადეთ გასვლის წინ თან იქონიოთ ხილი ან რამე სხვა საჭმელი ყოველი შემთხვევისთვის. ასევე ნუ გააჩერებთ მთელი დღე ბავშვს სახლში ოთახში გამოკეტილს, გაასეირნეთ და ეთამაშეთ.

4.    წუწუნის წახალისება

გაგიჟებთ თქვენი პატარა წუწუნი?  მაგალითად ღიზიანდებით ძალიან, როცა თქვენი შვილი ზუსტად სადილის წინ იწყებს ტირილს და ამბობს „ეზოში მინდა წასვლაა“ ან „გიოსთან მინდა თამაში“. ექიმ ბორბას თქმით, მშობლები ხშირად ნებდებიან ასეთი წუწუნის დროს, რაც წაახალისებს ბავშვებს ასეთი საქციელისკენ. ასე ბავშვი სწავლობს თუ რა ხერხი უნდა გამოიყენოს თქვენს დასაყოლიებლად და გამუდმებით იმეორებს მას. ეს ის ასაკი, როცა ბავშვები იწყებენ „ნიჟარიდან“ გამოსვლას და სწავლობენ რას მოაქვს შედეგი მათთვის და რას არა, ასე რომ ფრთხილად უნდა იყოთ და არ აყვეთ წუწუნს.
როგორ გამოვასწოროთ: არ მიაქციოთ ყურადღება ბავშვის წუწუნს.
თუ ქცევა აგრესიული არ არის და მხოლოდ წუწუნს და ტირილს არ სცდება, უმჯობესია არ მიაქციოთ ყურადღება. თუ არ დანებდებით და ყურადღებას არ მიაქცევთ ბავშვი მიხვდება რომ მისი მანიპულაციის ხერხი არ მუშაობს.

5.    ბავშვის განრიგის გადატვირთვა

ძალიან ხშირად მშობლები ბავშვებს ძალიან დატვირთულ განრიგს უდგენენ, რომელიც სავსეა ცეკვის, მუსიკის ან მსგავსი ტიპის გაკვეთილებით და შემდეგ უკვირთ ხოლმე თუ რატომ ვერ იძინებენ ბავშვები დროზე. მშობლები ფიქრობენ, რომ ასეთი დატვირთული გრაფიკის შემდეგ, ბავშვი უნდა დაიღალოს და ადვილად დაეძინოს.
პრობლემა კი ამ დროს იმაში მდგომარეობს, რომ  აქტიური და დატვირთული დღის შემდეგ ბავშვს სჭირდება დრო დასამშვიდებლად. ზოგადად ბავშვს აუცილებლად სჭირდება წყნარი და მშვიდი პერიოდი დღის განმავლობაში, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის. არ აქვს მნიშვნელობა ბავშვი მხოლოდ რამდენიმე საათს ატარებს საბავშვო ბაღში თუ მთელ დღეს, ეს მისთვის საკმაოდ დამღლელია.
როგორ გამოვასწოროთ: ნუ გადატვირთავთ თქვენი შვილის დღის განრიგს და ნუ ატარებთ მას მთელი დღე ერთი ადგილიდან მეორეზე. მიეცით მას თავისუფალი თამაშის და დასვენების საშუალება საბავშვო ბაღიდან დაბრუნების შემდეგ.

6.    თამაშისთვის არასათანადო მნიშვნელობის მინიჭება

ბევრ მშობელს ჰგონია, რომ აუცილებელია ბავშვები ჩაწერონ და ატარონ მრავალფეროვან საგანმანათლებლო პროგრამებზე და წრეებზე, რათა ხელი შეუწყონ ბავშვის განვითარებას. სპეციალისტებს კი ამ საკითხზე სხვა მოსაზრება გააჩნიათ. ფსიქოლოგ ლორენს კოჰენის აზრით, ამ ასაკში ბავშვის განვითარებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი თავისუფალი თამაშია, რომელშიც შედის როლური თამაშები, სახლობანა და სხვადასხვა ბავშვის მიერ მოფიქრებული თამაშები. „თავისუფალი თამაშის საშუალებთ ბავშვის გონება ყველაზე კარგად ვითარდება“ ამბობს კოჰენი. ასეთი თამაშის დროს ბავშვი საკუთარი შესაძლებლობის შესაბამისს გამოცდას და გამოწვევას უკეთებს საკუთარ თავს – არც ძალიან ადვილს და არც ძალიან რთულს.
როგორ გამოვასწოროთ: მიეცით ბავშვებს თავისუფალი თამაში საშუალება. გახსოვდეთ, რომ ბავშვისთვის თამაში ნიშნავს „იმის გაკეთებას რასაც ის ირჩევს“. თავისუფალი არჩევანის საშუალება ანუ თავისუფლება თამაშში – აუცილებელია“, ამბობს კოჰენი.
„სკოლამ დელი ასაკის ბავშვებს უყვართ ხოლმე მტვერსასრუტის გამოყენება, სახლის საქმის გაკეთება, მაგრამ ეს თამაშია და არა მათი საქმეების სია ნაწილი. არ დაგავიწყდეთ, რომ მათ გადაწყვიტეს ამ ყველაფრის გაკეთება უბრალოდ გასართობად“ ამბობს ის.

7.    ყოველდღიური წვრილმანები – დაბრკოლება ბავშვთან ურთიერთობაში

შესაძლებელია თქვენი შვილი მარტოც კარგად ერთობა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ მას თქვენი ყურადღება არ ჭირდება. ბავშვს ძალიან მნიშვნელოვანი რამ აკლდება თუ მშობელი დროს არ გამოყოფს იმისთვის, რომ მასთან ერთად თუნდაც იატაკზე დაჯდეს და ითამაშოს. სამწუხაროდ უფრო ხშირად გვაქვს ისეთ სიტუაციები, როცა მშობლები ბავშვთან საერთოდ არ თამაშობენ და ან ბავშვთან ურთიერთობის დროს პარალელურად საუბრობენ ტელეფონზე, აგზავნიან წერილებს ან გართული არიან სხვა პარალელური საქმიანობით. ბავშვები სულელები არ არიან, ამბობს კოჰენი. ისინი საკმაოდ კარგად ხვდებიან ჩვენ ვაქცევთ მათ სათანადო ყურადღებას თუ არა.
როგორ გამოვასწოროთ: გამოყავით დრო, იყავით ენთუზიაზმით სავსე და მთლიანად იყავით ჩართული თამაშში გამოყოფილი დროის განმავლობაში. ნახევარი საათის კონცენტრირებული თამაში, როდესაც თქვენ არ ფიქრობთ სადილზე ან სხვა საქმეებზე, ბევრად უფრო ღირებულია ბავშვისთვის, ვიდრე მთელი დღის განმავლობაში ვითომ ბავშვთან დროის გატარება.

8.    ტყუილზე ზედმეტად დიდი აქცენტის გაკეთება

კოჰენის თქმით ტყუილები მშობლებს აგიჟებთ. ის ურჩევს მშობლებს ბავშვის ტყუილს შეხედონ როგორც ექსპერიმენტს და არა როგორც მორალურ დანაშაულს.
„როცა ბავშვები იწყებენ ტყუილებს, ეს სერიოზული წინსვლაა გონებრივ განვითარებაში. ეს ერთდროულად სახალისო, ამაღელვებელი და ცოტა საშიშიც არის მათთვის. ამაზე კი მშობლები როგორც წესი გიჟდებიან და რაღაც საშინელებებს წარმოიდგენენ ხოლმე.
როგორ გამოვასწოროთ: ნუ გაამახვილებთ ზედმეტად დიდ ყურადღებას. იცოდეთ, რომ პატარა ტყუილები ბავშვის განვითარების განუყოფელი ნაწილია. ნუ გამოეკიდებით ტყუილებს, ამბობს კოჰენი. მაგალითად „ თუ თქვენი პატარა უარყოფს, რომ მან წვენი მაგიდაზე დაღვარა, თქვენ შეგიძლიათ უთხრათ: „შენ ცუდად გრძნობ თავს ამის გამო და მე მესმის“.
კარგი დედობა და მამობა მოითხოვს დროს, მოთმინებასა და სიყვარულს. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ცვლილებები ერთ დღეში არ ხდება. მაგრამ როგორც ამბობენ თუ ერთი მცდელობით რამე არ გამოგივიდათ, ნუ დანებდებით და სცადეთ იმდენჯერ, რამდენჯერაც ეს საჭირო იქნება.
წყარო: http://www.webmd.com/parenting/guide/parenting-preschoolers-mistakes