1/21/2012

საქართველოში საშუალო ხელფასით მხოლოდ სომხეთს ვუსწრებთ


  სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში საშუალო ხელფასი 597 ლარს შეადგენს, ერთი შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი კი სულ რაღაც 155,6 ლარს. მეზობელ სომხეთში საშუალო ხელფასი 330 დოლარია (დაახლოებით 544 ლარი) შეადგენს, საარსებო მინიმუმი კი 232 ლარს უტოლდება. აზერბაიჯანში საშუალო ხელფასი 451 დოლარია (დაახლოებით 744 ლარი), საარსებო მინიმუმი კი დაახლოებით 330 ლარი. რაც შეეხება ჩრდილოელ მეზობელს, რუსეთში საშუალო ხელფასი 856 დოლარს, (დაახლოებით 1412 ლარი) უტოლდება, საარსებო მინიმუმი კი დაახლოებით 400 ლარია.

როგორც ამ ციფრებიდან ჩანს, მეზობელ ქვეყნებში საარსებო მინიმუმიც და საშუალო ხელფასიც საქართველოსთან შედარებით მაღალია, თუ არ ჩავთვლით სომხეთს, სადაც საშუალო ხელფასი ჩვენთან შედარებით სულ რაღაც 50 ლარით ნაკლებია, საარსებო მინიმუმი კი დაახლოებით 2,3-ჯერ მაღალი.

საშუალო ხელფასი და საარსებო მინიმუმი საქართველოზე დიდია ყაზახეთში, უკრაინასა და ბელორუსშიც. ყაზახეთში საშუალო ხელფასი 606 დოლარს (დაახლოებით 1009 ლარი) შეადგენს, საარსებო მინიმუმი კი 176 ლარია, უკრაინაში საშუალო ხელფასი 345 დოლარია (დაახლოებით 569 ლარი), საარსებო მინიმუმი კი - 196 ლარი. რაც შეეხება ბულორუსს, იქ საარსებო მინიმუმი საქართველოსთან შედარებით მაღალია და 167 ლარს შეადგენს, საშუალო ხელფასი კი დაბალი - 218 დოლარი (დაახლოებით 360 ლარი).

და კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი, განსხვავებულია ყველა ზემოთჩამოთვლილ ქვეყნის დედაქალაქში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი. თუ რუსეთში საშუალო ხელფასი 856 დოლარს შეადგენს, მოსკოვში საშუალო ხელფასი 1 335 დოლარს უტოლდება. ყაზახეთში საშუალო ხელფასი 606 დოლარია, მის დედაქალაქ ასტანაში კი ეს მაჩვენებელი 891 დოლარს აღწევს. კიევში დასაქმებულების საშუალო ხელფასი 512 დოლარია, კიშინოვში მომუშავეები თვეში, საშუალოდ, 350 დოლარს იღებენ, მინსკში კი - 335 დოლარს.

ბაქოსა და ერევანში დასაქმებულების საშუალო ხელფასი იგივეა, რასაც მთელი ქვეყნის მასშტაბით დასაქმებულები იღებენ, ანუ ბაქოს მაჩვენებელი 455 დოლარია, ხოლო ერევანისა - 330 დოლარი. დიფერენცირებული მაჩვენებელი არ არსებობს საქართველოშიც, ანუ ჩვენთან საშუალო ხელფასი დედაქალაქშიც და ქვეყნის სხვა რეგიონებშიც 597 ლარს შეადგენს.

ერთი შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი საქართველოსთან შედარებით მაღალია სეპარატისტულ აფხაზეთშიც კი, სადაც ეს მაჩვენებელი 4427,9 რუბლით განისაზღვრა, რაც დაახლოებით 265,6 ლარს უტოლდება. რაც შეეხება საშუალო ხელფასს, აფხაზეთში საარსებო მინიმუმთან ძალიან ახლოს დგას და 5 ათას რუსულ რუბლს, დაახლოებით 300 ლარს შეადგენს.

ამ ციფრებიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ ქვეყანას, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ მსოფლიოში ყველაზე რეფორმატორული სახელმწიფოა, სოციალურ-ეკონომიკური კუთხით საქმე მთლად კარგად არ აქვს. ყოველ შემთხვევაში, აფხაზეთში, რომელსაც არავინ აღიარებს და, შესაბამისად, უცხოური კაპიტალის შედინებაც არ ხდება (რუსული ფულის გარდა), ჩვენზე უკეთესი სიტუაციია. მეტიც, იქ, მიუხედავად შედარებით დაბალი ფასებისა, საარსებო მინიმუმი უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე.

საარსებო მინიმუმის მაჩვენებელს კი თითქმის ყველა ქვეყანაში სპეციალურად მიღებული სტანდარტებით ითვლიან. ასეა ჩვენთანაც, რასაც ექპერტები უკვე წლებია აკრიტიკებენ და ხელისუფლებას მასში კორექტირების შეტანას ურჩევენ.

"საქართველოში დღეს საარსებო მინიმუმი იმ დონეზეა, რაც 2005 წელს იყო, არადა მას შემდეგ ფასები საკმაოდ გაიზარდა. რეალურად დღეს საარსებო მინიმუმი არა 156 ლარი, არამედ 260-280 ლარის ფარგლებში უნდა იყოს. რაც შეეხება საშუალო ხელფასს, ჩვენთან 600 ლარიან ზღვარს ეს უკვე გადასცდა. მაგრამ ყველაზე მნიშვენელოვანი აქ არის ის, თუ რამდენი ადამიანია ხელფასის მიმღები ქვეყანაში, ეს არის დასაქმებულთა დაახლოებით 15-17%, რაც ძალიან ცოტაა, რადგან დასაქმებულებში დაქირავებით დასაქმებულთა წილი ძალიან დაბალია", - განაცხადა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბარში ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში სოსო არჩვაძემ.

მოკლედ, საქართველოში საარსებო მინიმუმი დგინდება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. მინიმალური სასურსათო კალათა არის კვების პროდუქტების განსაზღვრული ნორმატიული კალათა, რომელიც შეიცავს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისათვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას, მისი შემადგენელი ელემენტების (ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების) და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია "საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების ამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის #111/ნ ბრძანების შესაბამისად.

თავდაპირველად ხდება მინიმალური სასურსათო კალათის მთელი შემადგენლობის ღირებულების დათვლა საქართველოს 5 ქალაქის ფასების საფუძველზე, რომელიც მოწოდებულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ფასების სამმართველოს მიერ. ეს ქალაქებია: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, გორი და თელავი. თითოეულ ქალაქში სასურსათო კალათის თითოეული პროდუქტისათვის ხდება საშუალო ფასის დადგენა. შემდეგ ეტაპზე ხორციელდება თითოეული პროდუქტისათვის საშუალო ფასის გაანგარიშება მთელი ქვეყნისათვის ზემოხსენებული 5 ქალაქის გასაშუალოებული ფასების შეწონილი საშუალოს დათვლით (წონებად გამოიყენება აღნიშნული 5 ქალაქის მოსახლეობა). მიღებული ფასები წარმოადგენს თითოეული პროდუქტის საშუალო ფასს ქვეყნის დონეზე.

შემდეგ ეტაპზე ხორციელდება შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის სასურსათო კალათის თვიური შუალედური ღირებულების გაანგარიშება. სასურსათო კალათის თვიური შუალედური ღირებულება კი მრავლდება შევაჭრების კოეფიციენტზე, რომელიც გაანგარიშებულ იქნა ფასების სამმართველოს მიერ მოწოდებული სასურსათო კალათაში შემავალი პროდუქტების ფასებისა და შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევიდან მიღებული ანალოგიური მონაცემების შედარებით. აღნიშნული კოეფიციენტი შეადგენს 0.865. მიღებული რიცხვი წარმოადგენს მინიმალური სასურსათო კალათის საბოლოო ღირებულებას შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისათვის მოცემულ თვეში. საარსებო მინიმუმის გასაანგარიშებლად მინიმალური სასურსათო კალათის ღირებულება იყოფა 0.7-ზე (საარსებო მინიმუმის ღირებულებაში სასურსათო ხარჯების წილი განისაზღვრება 70%-ით, შესაბამისად, არასასურსათო ხარჯების წილი განისაზღვრება 30%-ით). მიღებული რიცხვი წარმოადგენს მოცემულ თვეში საარსებო მინიმუმის ღირებულებას შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისათვის.

რამდენად სწორად ითვლება საქართველოში ერთი შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი მეორე საკითხია, თუმცა ცხადია, რომ 155,5 ლარით დღეს ცხოვრება, პრაქტიკულად, შეუძლებელია.